Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის ხანძრები


ზაფხულში ტემპერატურის მომატებასთან ერთად საქართველოს ტყეებში ხანძრების შემთხვევებიც იზრდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დღეში მეხანძრეებს 40-50 გამოძახება აქვთ. ორიოდე დღის წინ დაბა კიკეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩენილმა ცეცხლმა 10 ჰექტარის ფართობზე გაანადგურა ნარგავები. ხანძრის ადგილას მისასვლელად და ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებს გარკვეულ მონაკვეთზე ტყის გაჩეხაც დასჭირდათ. როგორ უვლის ნახანძრალ ადგილებს სახელმწიფო და ბოლო წლების განმავლობაში გადამწვარი ტყის მასივებიდან აღდგა თუ არა რომელიმე?

ჰაერის მაღალი ტემპერატურა და დაუდევრობა - ეს ის ორი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ტყეებში ხანძარი ჩნდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამოძახებათა რაოდენობა მხოლოდ წვიმის შემთხვევაში იკლებს. ბოლო ხანებში მეხანძრეების ბრიგადებს დღეში რამდენიმე ათეულ ადგილას უწევთ მისვლა და ხანძრის ჩაქრობა. სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე გვეუბნება, რომ მცირე დაუდევრობა და ერთი ნაპერწკალი საკმარისია იმისათვის, რომ გადამხმარი ბალახი აალდეს, ცეცხლი ტყეს მოედოს და მასშტაბური ხანძარი მივიღოთ.

ტყეს ცეცხლი ისეთ ადგილას ეკიდა, რომ იქ გზა ვერც გაკეთდებოდა, კლდიანი ადგილი იყო. მანქანითაც ვერ მივუდექით. რაც მთავარია, ხეები არ დამწვარა, უფრო ბუჩქები დაიწვა და ბალახი იწვის ხოლმე მაგ დროს...
თემურ გიორგაძე

„თითქმის ყველა ხანძარი - 99 % - დაუდევრობით ჩნდება: ვიღაცამ იქეიფა, დაანთო ცეცხლი, მერე წესიერად აღარ ჩააქრო, დაუბერა ქარმა, მოეკიდა ბალახს, მერე გადაედო ტყეს და ა.შ.“.

21-მა აგვისტომ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა ორიოდე დღის წინ დაბა კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ჰექტარი დაიწვა. ცეცხლის კერა, თემურ გიორგაძის განცხადებით, იმდენად მიუვალ ადგილას იყო, რომ ტყის გაკაფვა დასჭირდათ:

„ტყეს ცეცხლი ისეთ ადგილას ეკიდა, რომ იქ გზა ვერც გაკეთდებოდა, კლდიანი ადგილი იყო. მანქანითაც ვერ მივუდექით. რაც მთავარია, ხეები არ დამწვარა, უფრო ბუჩქები დაიწვა და ბალახი იწვის ხოლმე მაგ დროს. თუ ქარი უბერავს, მაგ დროს ცეცხლი მალე ვრცელდება და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის და ვერ ასწრებს მწვანე მასის დაწვას. ამიტომ მაგ დროს ძირითადად გამხმარი ხეები ან ბუჩქები იწვის“.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური ჯერჯერობით ხანძრებს უმკლავდება, მხოლოდ მასშტაბური ხანძრის დროს სჭირდება ჯარის და საჰაერო ტექნიკის დახმარება, თუმცა ჯერჯერობით, გიორგაძის განცხადებით, არ ყოფილა შემთხვევა, სამსახურს ცეცხლის ჩასაქრობად რესურსი არ ჰყოფნოდა.

მაგრამ ერთია ცეცხლის ლოკალიზება და მეორე - დამწვარი ტყის მასივის აღდგენა და მოვლა. გარემოს დამცველი ირაკლი მაჭარაშვილი, ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახსენებს პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულ სატყეო პოლიტიკის დოკუმენტს, როგორც სასიკეთო ცვლილებას, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ჯერჯერობით სასიკეთო ცვლილებებს ტყის პრობლემებამდე არ მიუღწევია:

2013 წელს დაიწყო იმ ფართობების აღდგენა ბორჯომის ხეობაში, რომელიც 2008 წელს დაიწვა. წელსაც გრძელდება ხეების გაშენება 70 ჰექტარზე. რაც შეხება სანერგეებს, ადრე არსებობდა ისინი სწორედ ტყის ხანძრის შემთხვევაში დაზიანებული ტყის აღსადგენად...
მარინე სუჯაშვილი

„ფაქტობრივად, არ არსებობს ტყის მართვის არანაირი სისტემა. ერთადერთი მართვაში იგულისხმება, სადაც მოასწრებ, მოჭრა და გამოიტანო. არადა, ეს სისტემა გულისხმობს სწორედ აგება-განახლების სამუშაოებსაც, სატყეო გზების გაყვანასაც და ა.შ.. საქართველოში საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს ხანძარსაშიშ ზონებს, სადაც აუცილებელია არსებობდეს სახანძრო გზები, მაგრამ აქ მეორე უკიდურესობას ვაწყდებით: ხშირად გზების შეყვანა იწვევს სხვა პრობლემას - ტყეების გაჩეხას. ამიტომაა, რომ ეს გზები სათანადოდ უნდა იყოს დაცული. დღემდე ასე იყო: სადაც კი გზას ნახავდნენ, უკანონოდ ჩეხდნენ ხეებს. თუ რამემ დაიცვა ტყეები საქართველოში, ეს სწორედ უგზოობა იყო. ამიტომ, ვფიქრობ, ეს საკითხი კომპლექსურად არის მოსაგვარებელი“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინე სუჯაშვილი კი გვეუბნება, რომ ნახანძრალი ტერიტორიები, რომელთა ნუსხა აქვთ, მუდმივად კონტროლდება. კანონით სწორედ მათ სამსახურს ევალებოდა ამ ტერიტორიის აღდგენა, რაც, მარინე სუჯაშვილის განცხადებით, ამ დრომდე, ფაქტობრივად, არ ხორციელდებოდა. მისი თქმით, ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეები ხელახლა მხოლოდ შარშან დარგეს. აღდგენილია ე.წ. ტყის სანერგეებიც:

„2013 წელს დაიწყო იმ ფართობების აღდგენა ბორჯომის ხეობაში, რომელიც 2008 წელს დაიწვა. წელსაც გრძელდება ხეების გაშენება 70 ჰექტარზე. რაც შეხება სანერგეებს, ადრე არსებობდა ისინი სწორედ ტყის ხანძრის შემთხვევაში დაზიანებული ტყის აღსადგენად. წელს ხუთ ჰექტარზე ისევ ავამუშავეთ ტყის დროებითი სანერგეები სწორედ ამ მიზნისთვის“.

დიდტანოვანი ხეები არ არის დიდი რაოდენობით განადგურებული და, შეიძლება ითქვას, გადავრჩით, რადგან იქ არის წიწვოვანი კორომი, რომელიც ყველაზე ხანძარსაშიშად ითვლება...
მარინე სუჯაშვილი

მარინე სუჯაშვილი განმარტავს, რომ ხანძრის შემდეგ სპეციალისტები ჯერ ნიადაგს სწავლობენ - არკვევენ რა სიღრმეზეა ის დაზიანებული და იქ გაშენებული ახალი მცენარე შეძლებს თუ არა ცხოველქმედებას. მისივე განმარტებით, ერთი-ორი წლის განმავლობაში მიწას, როგორც წესი, ხელუხლებლად ტოვებენ. თუ ახლომახლო ხეები გადარჩენილია, ტყე, შესაძლოა, თავისით, ბუნებრივად აღდგეს - ჯერ ფოთლოვანი ხეები ამოდის, რასაც წიწვოვანი მცენარეებიც მოჰყვება. ამის მაგალითია, ამბობს მარინე სუჯაშვილი, სამი წლის წინ აწყურის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძარი, რომლის შედეგად სამასი ჰექტარი ფართობი დაიწვა. იქ უკვე ვერხვებსა და მუხასაც კი აქვს ამონაყარი, მათ ქვეშ კი მოჩანს ფიჭვის, სოჭის და ნაძვის მოზარდი ხეები. თუ ტყე თვითაღდგენას ვეღარ ახერხებს, მაშინ ერთვება სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური და ადგილზე ხეებს ხელოვნურად რგავს.

მარინე სუჯაშვილი ასევე გვეუბნება, რომ წლევანდელი ხანძრებიდან ყველაზე სერიოზული იყო ერთი კვირის წინ მომხდარი ხანძარი ატენის ხეობაში, სადაც ძირითადად ველობის ნაწილი დაიწვა:

„დიდტანოვანი ხეები არ არის დიდი რაოდენობით განადგურებული და, შეიძლება ითქვას, გადავრჩით, რადგან იქ არის წიწვოვანი კორომი, რომელიც ყველაზე ხანძარსაშიშად ითვლება“.

ხანძარსაშიში ტერიტორიები კი საქართველოში ძალიან ბევრ ადგილასაა - რაჭაში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში. ამ მხრივ, ყველაზე საშიშია მთიანი ფერდობები, სადაც გზა არ მიდის. რაც შეეხება ხანძრის მიზეზებს, მარინე სუჯაშვილიც ადასტურებს, რომ, მაღალი ტემპერატურის გარდა, ხშირად ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობაცაა - ტყეში დანთებული და შემდეგ მიტოვებული ცეცხლი. ხანძრის პროვოცირებას ჩახერგილობაც ახდენს:

„ქარისა და თოვლისგან დაზიანებული ხეები რომ იმტვრევა და ფართობებზე რჩება, მათი გამოტანა ტყიდან ძალიან ძვირად ღირებული პროცესია. რადგან მთელი ეს წლები ეს ხეები არავის გამოჰქონდა და დაგროვდა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ესეც ხელს უწყობს ცეცხლის გავრცელებას“.

რეგიონებში შესაბამის სამსახურებს უკვე დავალებული აქვთ ტყეებში ჩახერგილობის აღწერა და ინფორმაციის მოგროვება. მათ ასევე მიაწოდეს ტყის ზოლების გასაჭრელი თუ ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარიც, რაც მარინე სუჯაშვილს იმედს აძლევს, რომ ხანძრების პრევენცია უფრო ეფექტური გახდება.

თუმცა ირაკლი მაჭარაშვილი მაინც ფიქრობს, რომ, ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ჯერჯერობით ისევ დასახვეწია ტყის მართვის მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს ტყის დროულად აღდგენა-განახლებას, სათანადო რეაგირებას ხანძრის დროს და ტყის იმ დოზით გამოყენებას, რომ მას თვითაღდგენის უნარი არ დაეკარგოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG