Accessibility links

logo-print

ბავშვების ზონა: თოჯინების თეატრი შენობის დაბრუნებას ითხოვს


თოჯინების თეატრის მსახიობები რეპეტიციაზე

თოჯინების თეატრის მსახიობები რეპეტიციაზე

მესამე წელია, აღმაშენებლის გამზირზე წამოწყებული რეაბილიტაციის გამო, 80 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის თოჯინების თეატრი უშენობოდაა დარჩენილი. თეატრის დასი დაქირავებულ ფართში სპექტაკლებს მაინც მართავს, მაგრამ ეს თავისი შემოსავლის 70%-ის ფასად უჯდება და ახალი დადგმების მოსამზადებლად ფინანსები აღარ რჩება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, თოჯინების თეატრმა შენობა ჯერჯერობით ვერ დაიბრუნა. თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში თეატრის საკუთარ შენობაში დაბრუნება შესაძლებელია.
მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მაღალი შენობის მეხუთე სართულზე შეხიზნული თოჯინების თეატრის მსახიობთა დასი მორიგი სპექტაკლისთვის ემზადება. რეპეტიცია თეატრისთვის დროებით დათმობილი რამდენიმე ოთახიდან ერთ-ერთში მიმდინარეობს. მაგიდას მსახიობები უსხედან, წინ ტექსტები უწყვიათ. ყველა როლშია შესული, მაგრამ არა სცენაზე.

თოჯინების თეატრს უკვე მესამე წელია, - 2011 წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, - შენობა აღარ აქვს.

“უკვე 80 წელია თეატრი არსებობს, წელს გვაქვს სწორედ საიუბილეო თარიღი და იმის მაგივრად, რომ საკუთარ კედლებში, საკუთარ სახლში ხვდებოდეს ამ დღეს თეატრი, წარმოიდგინეთ, რამდენი თაობის აღმზრდელი თეატრი, ამის მაგივრად ვართ ლტოლვილები, სახლიდან გამოგდებულები“, - აცხადებს თოჯინების თეატრის დირექტორი თემურ ბადრიაშვილი. ის მოგვითხრობს, თუ როგორ დარჩა თეატრი შენობის გარეშე: აღმაშენებლის 103 ნომერში მდებარე თოჯინების თეატრის ძველი შენობა 2011 წელს ამავე გამზირის რეაბილიტაციის პროექტში მოხვდა. თეატრის მესვეურებს წლების განმავლობაში გასარემონტებელი შენობის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ.

დღეს ჩვენ იურიდიულად ამ შენობის მფლობელები არ ვართ. რეაბილიტაციის დროს გადავიდა თეატრი ჯერ განვითარების ფონდის, შემდეგ კი მერიის ბალანსზე. შესაბამისად, ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს. ამის გარდა, თეატრი თავისით ვერასოდეს ააშენებს თეატრს, - შენობას ვგულისხმობ...
რეაბილიტაციის პროცესი, მართლაც, დაიწყო. დაინგრა ძველი ფლიგელი და მის მაგივრად ახალი ოთხსართულიანი შენობაც აშენდა, მაგრამ თავდაპირველი დაპირება, რომ ეს შენობა თეატრის კუთვნილება იქნებოდა, დაირღვა: შენობის ფართი თოჯინების თეატრსა და თოჯინების მუზეუმს შორის გაანაწილეს, რომლის ცნობილი შენობაც ბარათაშვილის ქუჩაზე ასევე დაანგრიეს. თოჯინების თეატრის ადმინისტრაცია მაშინ ყველანაირ მოლაპარაკებებს თბილისის განვითარების ფონდთან აწარმოებდა. მისი მაშინდელი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე თეატრს ჰპირდებოდა, რომ შენობა სრულად გარემონტდებოდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ შიდა სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო ფინანსები აღარ არსებობდა. განვითარების ფონდმა იგივე საქმე კულტურის სამინისტროს დააკისრა, რადგან თეატრი მის დაქვემდებარებაში იმყოფება. არადა, ცნობილია, რომ კულტურის სამინისტრო, კულტურული ძეგლების სტატუსის მქონე შენობების გარდა, სხვა შენობების გასარემონტებლად თანხას არ გამოყოფს.

დღეს ერთი შეხედვით სიმპათიური გარე ფასადის მიღმა თოჯინების თეატრის შენობაში მხოლოდ ნანგრევებია, გვეუბნება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი. არის სხვა პრობლემებიც:

„დღეს ჩვენ იურიდიულად ამ შენობის მფლობელები არ ვართ. რეაბილიტაციის დროს გადავიდა თეატრი ჯერ განვითარების ფონდის, შემდეგ კი მერიის ბალანსზე. შესაბამისად, ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს. ამის გარდა, თეატრი თავისით ვერასოდეს ააშენებს თეატრს, - შენობას ვგულისხმობ, - რადგან ეს არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი თეატრი დედაქალაქში არსებულ თეატრებს შორის, რაც ჩემთვის ასევე მიუღებელია, რადგან არა მგონია ვინმე უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდეს, ვიდრე ეს კონკრეტული თეატრი. დაახლოებით, იცით ეს რას ჰგავს? განათლების სამინისტრომ უმაღლეს სასწავლებლებს რომ მიანიჭოს უპირატესობა და სკოლა და ბაღი დაანგრიოს“.

სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - თოჯინა არ არის „კუკლია“. თოჯინას სხვა დატვირთვა აქვს. ყველას გვითამაშია ბავშვობაში თოჯინებით და გვეგონა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. მართლა ძალიან უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, თოჯინები და ბავშვები, ეს საქმე რომ აკეთო...
თოჯინების თეატრი წლების განმავლობაში, სულ ცოტა, 20 000 ბავშვს მასპინძლობს. ელენა მაცხონაშვილი ამბობს რომ ამ თეატრს, მისი 80 წლიანი ტრადიციიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა გახდეს ქვეყნის სავიზიტო ბარათი, და სინანულით შენიშნავს, რომ მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთშიც კი თოჯინების თეატრს განსაკურებულ ყურადღებას აქცევენ. მათ აქვთ კარგი შენობა, შესაბამისი დაფინანსება, ხშირად ატარებენ ფესტივალებს და ა.შ. თოჯინების თეატრის რეპერტუარში დღეს 19 სპექტაკლია, მაგრამ შენობის უქონლობის გამო დასი მხოლოდ 10 სპექტაკლის თამაშს ახერხებს. მთელი თეატრი დღეს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდგარი ერთ-ერთი შენობის ცხრა ოთახშია შეხიზნული. აქ ტარდება რეპეტიციებიც, აქ მზადდება თოჯინებიც, აქ მუშაობს ადმინისტრაციაც.

სპექტაკლებს თოჯინების თეატრი კულტურის ცენტრ „მუზაში“ მართავს ხოლმე, მაგრამ თეატრის შემოსავლის დაახლოებით 70% დარბაზის იჯარაში მიდის. ერთი დღე დარბაზის დაქირავება 400 ლარი ღირს. ცხადია ამ პირობებში ახალი დადგმის მომზადება, ახალი თოჯინის დამზადება უკვე ძვირი ფუფუნებაა, რასაც თეატრი ვეღარ სწვდება.

ასეთია ვითარება. თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ის არ ეძებს დამნაშავეს, ის ეძებს გამოსავალს.

თოჯინების თეატრის მსახიობი თეა კიწმარიშვილი ამბობს, რომ ეს არის საქმე, რომელიც, დიდი ძალისხმევის გარდა, უზარმაზარ სიყვარულს მოითხოვს:

ეს ბავშვების ზონაა. ბავშვებს უნდა მოვუაროთ და მივაწოდოთ ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი. გააკეთონ ეს შენატანი ამ საქმეში, ეს იქნება მათი შენატანი! ...
„სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ - თოჯინა არ არის „კუკლია“. თოჯინას სხვა დატვირთვა აქვს. ყველას გვითამაშია ბავშვობაში თოჯინებით და გვეგონა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ. მართლა ძალიან უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, თოჯინები და ბავშვები, ეს საქმე რომ აკეთო. თოჯინების თეატრია სწორედ ის ადგილი, რომელიც უფრო დიდი თეატრების მაყურებელს ზრდის.

შენობა თოჯინების თეატრის მსახიობებს იმისთვის სჭირდებათ, რომ სპექტაკლები იყოს უფრო ხარისხიანი, გარემო - უფრო ლამაზი და მიმზიდველი ბავშვებისათვის:

„ცოტა თუ ჩაფიქრდებიან, გაიხსენებენ, რომ თვითონაც იყვნენ ბავშვები და დადიოდნენ თოჯინების თეატრში, რაღაცას ყვიროდნენ, განიცდიდნენ, უხაროდათ, მაშინვე მიხვდებიან, თუ რატომ არის საჭირო თოჯინების თეატრს ჰქონდეს თავისი შენობა“.

კითხვაზე, მოგვარდება თუ არა უახლოეს მომავალში თოჯინების თეატრის პრობლემა, მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან თეატრის ხელმძღვანელობის არაერთი შეხვედრის მიუხედავად, ჯერჯერობით დამაიმედებელი პასუხი არ ჩანს. მერიაში გვითხრეს, რომ მათ ბიუჯეტი შეუმცირდათ, ამიტომ თეატრის შენობის რემონტისათვის საჭირო ფინანსები მერიას ამ ეტაპზე არ გააჩნია. ჯერჯერობით პასუხი ვერც იმაზე მივიღეთ, შესაძლებელია თუ არა შენობა თეატრის ბალანსზე გადავიდეს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ მერიამ და კულტურის სამინისტრომ ეს საკითხი უფრო ზემდგომ სტრუქტურებში უნდა დააყენონ და გამოსავალი იპოვონ.

თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი თემურ ბადრიაშვილი კი გვეუბნება, რომ თეატრს მტერი არ ჰყავს და მისი პრობლემის გადაჭრას მხოლოდ კეთილი ნება სჭირდება:

„ეს ბავშვების ზონაა. ბავშვებს უნდა მოვუაროთ და მივაწოდოთ ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი. გააკეთონ ეს შენატანი ამ საქმეში, ეს იქნება მათი შენატანი! ხვალვე გადმოგვცენ ჩვენი შენობა გრძელვადიან სარგებლობაში და ეს იქნება ამ პროცესის მკვდარი წერტილიდან დაძვრის შესაძლებლობა!“
XS
SM
MD
LG