Accessibility links

„ტოლერანტობა ნიშნავს ადამიანების მოსმენას“


ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა აქცია თბილისში

ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა აქცია თბილისში

16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმის ერთგვარი შეჯამებაა, თუ რა კეთდება ქვეყანაში განსხვავებულთა მიმღებლობისა და შემწყნარებლობის მიმართულებით და კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ უმცირესობათა ინტეგრაციას მხოლოდ კამპანიური და ფრაგმენტული ხასიათი არ ჰქონდეს. როგორია, ამ მხრივ, 2016 წელი და რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ტოლერანტობა საქართველოში?

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 1996 წლიდან დაიწყო. ტოლერანტობის კულტურის განვითარებაზე საქართველოში ბოლო წლებში სახელმწიფოსთან ერთად აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო ორგანიზაციებიც, იმ პროგრამებს შორის კი, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება, არის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“, რომელშიც, საქართველოს გაეროს ასოციაციის პარტნიორობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „მედიის განვითარების ფონდი“ მონაწილეობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციამ განახორციელა მედიამონიტორინგი, რომლის მიზანი მედიასა და საჯარო დისკურსში სიძულვილის ენის სხვადასხვა ფორმებისა და წყაროების გამოვლენა იყო. კვლევის მიგნებების მიხედვით, 868 დისკრიმინაციული კომენტარიდან გამოიკვეთა ჰომოფობიის 454, სხვადასხვა ტიპის ქსენოფობიის 324 და პოლიტიკური და სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის 90 შემთხვევა. სწორედ ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით ამბობს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე, რომ საქართველოში სიძულვილი და აგრესია ყველაზე მეტად მიმართულია ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ, შემდეგ ადგილზე კი არის თურქოფობია, რომელიც წინ უძღვის სხვადასხვა ტიპის ქსენოფობიას, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით. საზოგადოებაში ცალკეული ჯგუფების მიმართ არსებული სიძულვილის იერარქია, მისი შეფასებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რას მიიჩნევს შექმნილ ვითარებაში გამოსავლად რუსუდან გოცირიძე?

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე

„ჩემი რეცეპტი არის განათლება, განათლება, განათლება და კიდევ განათლება. ოღონდ, იცით, როგორი განათლება? არა ინფორმაციის მიცემა, ძველი, საბჭოური სისტემის განათლება, რომელიც დღემდე არსებობს ჩვენს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, არამედ აღზრდა ადამიანებისა და ანალიტიკური აზროვნების სწავლება ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. და განათლება ამას უნდა ემსახურებოდეს. ამაზე უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ყველაზე მეტ რესურსებს - ფინანსური იქნება, შემოქმედებითი იქნება თუ ყველანაირი რესურსები - და ეს უშველის“.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის სასახლეში, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ძირითადად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ისაუბრეს. მათ შორის იმ პროექტებს, რომლებიც პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებისა და ინტეგრაციისთვის განხორციელდა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პანკისის ხეობის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი. იგი გამოყოფს, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებს, როგორიცაა პანკისის ხეობისთვის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების კვოტის გამოყოფა, თითქმის საუკუნის შემდეგ ჩეჩნურ ენაზე სწავლების აღდგენა სკოლებში, ასევე, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები.

“უნდა გითხრათ, რომ წლების წინ მე ჩამოვთვლიდი ხოლმე კომპლექსურ პრობლემებს, რომ ეს არ კეთდება, ეს არ კეთდება. ნამდვილად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლებში და ხეობის მოსახლეობას მადლობის მეტი რა დაგვრჩენია, თუმცა არის სხვა პრობლემებიც, რომლებიც ასე ადვილად არ მოგვარდება. პირველ რიგში, ხეობიდან ახალგაზრდების გადინება არაბულ სახელმწიფოებში და იმ საშინელ კაცისმკვლელ ომებში. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ყინული დაიძრა, ბევრი რამ კეთდება ხეობის მიმართულებით და ეს არის ძალიან სამადლობელო და მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, ამბობს მექა ხანგოშვილი და პანკისის ხეობის მოსახლეობის - განსაკუთრებით, ახალგაზრდების - ინტეგრაციაში, სახელმწიფოსთან ერთად, სამოქალაქო სექტორისა და რიგითი ენთუზიასტი ადამიანების დამსახურებასაც აღნიშნავს.

ამ კანონის აღსრულება თითქმის არ ხდება და ლგბტ ადამიანებს იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული კანონები გამოიყენონ საკუთარი თავის დასაცავად, შეიძლება ეს კანონის გამოყენება სისხლის ფასად დაუჯდეთ, იმდენად ყველა სფეროში, ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურაში და უწყებაში არის ეს ჰომოფობიური დამოკიდებულება...

თავის მხრივ, სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მოუქნელობაზე საუბრობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე. იგი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ვერ პასუხობს თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპებს:

“ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ რელიგიური ჯგუფების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას, ეს იქნება ქართული მუსლიმი თემი თუ სხვა მუსლიმური ჯგუფები, რომლებიც სტრუქტურულ ჩაგვრას განიცდიან და საკუთარი რელიგიის საჯარო სივრცეში დაფიქსირების, მსახურების განხორციელების პროცესში ხელი ეშლებათ. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, ვთქვათ, იგივე იეჰოვას მოწმეების ჯგუფს, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში ასევე აწყდებიან შეუწყნარებლობის და ძალადობის შემთხვევებს“.

თამთა მიქელაძე აქვე გამოკვეთს დომინანტი რელიგიის მიმართ სახელმწიფოს ლოიალურ პოლიტიკას და ყველაზე მეტად მარგინალიზებულ ჯგუფად ისიც ლგბტ თემს მიიჩნევს. ამ აზრს დიდწილად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს“ დირექტორი ლევან ბერიანიძე, რომელიც ამბობს, რომ გაუმჯობესება ჰომოფობიური განწყობების დასუსტების მიმართულებით პრაქტიკულად არ შეინიშნება.

“კანონმდებლობაში რაღაც ნაბიჯები იდგმება წინ. ვთქვათ, ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვღებულობთ, ვღებულობთ ჩანაწერს, რომელიც ამბობს, რომ დამამძიმებელი გარემოება იქნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და ასე შემდეგ, სხვადასხვა კანონში და რეგულაციებში არის ამის შესახებ ჩანაწერები, თუმცა ამ კანონის აღსრულება თითქმის არ ხდება და ლგბტ ადამიანებს იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული კანონები გამოიყენონ საკუთარი თავის დასაცავად, შეიძლება ეს კანონის გამოყენება სისხლის ფასად დაუჯდეთ, იმდენად ყველა სფეროში, ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურაში და უწყებაში არის ეს ჰომოფობიური დამოკიდებულება“, ამბობს ლევან ბერიანიძე, რომლისთვისაც ტოლერანტობა ნიშნავს იმ ადამიანების მოსმენას, ვისაც არ ვიცნობთ და ვისზეც არასწორი წარმოდგენები გვაქვს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG