Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამარბერგის ანგარიში სასამართლო სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე


საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და ამ სისტემის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის გაზრდის აუცილებლობაზეა საუბარი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თომას ჰამარბერგის მოხსენება აპრილში, საქართველოში მისი ვიზიტის შედეგად მომზადდა და ფოკუსირებულია სასამართლო სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

კომისარი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა თუმცა, “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა გრძელვადიანი პატიმრობის მეშვეობით ვრცელდება მსუბუქ დანაშაულზე, რაც დამაფიქრებელია სასჯელის პროპორციულობის თვალსაზრისით.

თომას ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა უფრო ჰუმანური უნდა იყოს და კონცენტრირებული აღდგენით და არა სადამსჯელო სამართლის პრინციპებზე. ასევე, ნაბიჯები უნდა გადაიდგას წინასწარი პატიმრობის გამოყენებისა და არასრულწლოვანთათვის თავისუფლების აღკვეთის შესამცირებლად.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაზრდის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, საჭიროა შემდგომი მოქმედება, არამართლზომიერი ჩარევისგან სასამართლოს დასაცავად. ამ მხრივ, ჰამარბერგის რეკომენდაციები შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე პოლიტიკური ზეგავლენის თავიდან აცილებას და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვას.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ საქართველოში როგორც ჩანს, არსებობს საპოლიციო გამოძიებისას პროცედურული დარღვევების ზეგავლენით სამართლებრივი დევნის ფაქტები. ჰამარბერგი განმარტავს, რომ მისთვის ცნობილია განცხადებები ოპოზიციის აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. კომისარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს თითოეული ამგვარი საკითხით გამოწვეულ უკმაყოფილებას პასუხი ნათლად და გამჭვირვალედ გასცეს.

თომას ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს გარანტირებისა და მხარეთა თანასწორობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად საჭიროა ეფექტიანი მოქმედება.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში საუბარია სირთულეებზე, რომელთაც ადვოკატები პროფესიული საქმიანობისას აწყდებიან. ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ არსებობს ადვოკატთა შევიწროების, შეურაცხმყოფელი დევნისა და ზეწოლის სხვა ფორმების მაგალითები და დასძენს, რომ კლიენტების იურიდიული დახმარებისას ადვოკატებს დაუბრკოლებლად მოქმედების და სრული კონფიდენციალურობის საშუალება უნდა მიეცეთ. თომას ჰამარბერგი განსაკუთრებული ყურადღების საგნად მიიჩნევს საპროცესო პროცედურებს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეებში.

“ისეთი ფაქტორების კომბინირებამ, როგორიცაა დამნაშავედ ცნობის მაღალი მაჩვენებელი, სასჯელის მკაცრი ზომები და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების დაბალი ნდობა, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს იმაზე რომ მიუხედავად უდანაშაულობისა მსჯავრდებულმა თავი დამნაშავედ ცნოს, რაც სამართლის დამახინჯებას იწვევს”, - ნათქვამია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში.
XS
SM
MD
LG