Accessibility links

logo-print

Cheek to Cheek: ლედი გაგას და ტონი ბენეტის სიურპრიზი


ტონი ბენეტი და ლედი გაგა

ტონი ბენეტი და ლედი გაგა

ყველაფერი ჯაზის სიყვარულით დაიწყო

თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც შავკანიანთა წიაღში მუსიკის განსაკუთრებული ჟანრი - ჯაზი იშვა. ათწლეულების განმავლობაში ჯაზმა ევოლუცია განიცადა და მუსიკის განსაკუთრებულ ფორმად ჩამოყალიბდა. 1987 წელს აშშ-ის კონგრესმა კი ეს ჟანრი იშვიათ და ფასდაუდებელ საგანძურად გამოაცხადა.
როკის და სოულის შემსრულებლები თავიანთ შემოქმედებაში ხშირად იყენებენ ჯაზის ელემენტებს. დღეს ჯაზის ლეგენდის, ტონი ბენეტისა და პოპვარსკვლავის, ლედი გაგას ახალ კრებულზე მოგითხრობთ. ამ კრებულში სოლო სიმღერები და დუეტებია შესული.

მუსიკოსების თანამშრომლობის ახალი პროდუქტი "Cheek to Cheek" ბევრისთვის უჩვეულოა: „ალბათ, უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ ტონი ბენეტს ლედი გაგასთან ერთად ჯაზკრებულის შექმნა სურს,“ ამბობს ლედი გაგა.

ლედი გაგამ და ტონი ბენეტმა პირველად კრებულ Lady is Tramp-ზე იმუშავეს. ბენეტის დუეტების ამ კრებულმა "გრემი" მოიპოვა.

ამჯერად, შემსრულებლებმა მთლიანი ჯაზკრებულის გამოშვება გადაწყვიტეს. ბენეტი თვლის, რომ ლედი გაგას თავისუფლად შეუძლია ამ გამოწვევასთან გამკლავება: „ლედი გაგა ჭეშმარიტი ჯაზმომღერალია. მას შეუძლია, იმღეროს განსხვავებულად. ამის გამო სიმღერა ცოცხალი გამოდის. ინტერპრეტაცია კი ძალიან იდუმალი და მარადიული ხდება.“

ტონი ბენეტის მსგავსად, ლედი გაგაც ნიუ-იორკში დაიბადა. ის ჯაზს ბავშვობიდან მღეროდა, თუმცა სახელი პოპსიმღერებით და განსაკუთრებული შოუ კონცერტებით გაითქვა. მის სანახაობრივ, მუსიკალურ წარმოდგენებს ყოველთვის უამრავი მაყურებელი ესწრება.

ლედი გაგა ბენეტთან მუშაობის სურვილს ასე ხსნის: „მან ჩემში ის სიფაქიზე ამოატივტივა, რომელიც გიჟური და ხმაურიანი ცხოვრების გადამკიდე, დიდი ხანია, მივიწყებული მქონდა.“

ჟურნალ „ნიუ იორკერის“ პოპმუსიკის კრიტიკოსი საშა ფრერე ჯონსი თვლის, რომ ახალი კრებული ძალიან განსხვავებულია იმისაგან, რასაც ლედი გაგა აქამდე აკეთებდა: „ბოლო დროს ლედი გაგას კრებულები გადატვირთულია ხმაურით. ახალი კრებული უფრო გახსნილი და ბუნებრივია. ალბათ, მონტაჟმა გარკვეული როლი ითამაშა, თუმცა ჩანაწერში აშკარად ჩანს ლედი გაგას ხელწერა.“
„არ ვიცი, როგორ მიიღებს ამას მსოფლიო, მაგრამ კრებული საკმაოდ კარგია,“ ამბობს საშა ფრერე ჯონსი.

საგანმანათლებლო მასტერკლასი

ლედი გაგას კონცერტი არ არის მხოლოდ შოუ. ლედი გაგა კარგად უკრავს ფორტეპიანოზე და ასევე, ძალიან კარგად მღერის. ახალგაზრდა მომღერლის თქმით, 88 წლის ტონი ბენეტთან მუშაობა მასტერკლასს ჰგავს: „მიყვარს იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მუშაობს ტონი ბენეტი სცენაზე. როდესაც მასთან ერთად არ ვმღერი, დარბაზში ჩავდივარ და იქიდან ვუსმენ.“

ტონი ბენეტი იმედოვნებს, რომ ახალი გამოცდილება ლედი გაგას ახალ თაყვანისმცემლებს შესძენს: „ამ შემთხვევის წყალობით ლედი გაგას ახალგაზრდებს მსმენელს ჯორჯ გერშვინი, კოულ პორტერი და ირვინ ბერლინიც შეუყვარდება...“
ლედი გაგას თქმით: „როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს სახელები ბევრმა ახალგაზრდამ იცის. ისინი ამ მუსიკოსებით ინტერესდებიან. ტონის ახალი თაობის გაზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის.“

„მეც თავს უფრო სრულყოფილად ვგრძნობ. ტონიმ ჩემს თაყვანისმცემლებსაც დიდი საჩუქარი გაუკეთა. მათ თქვა, რომ მოსწონს, თუ როგორ ვმღერი ჯაზს.“

ნათლად ჩანს, რომ მომღერლებს ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება აქვთ. მათი სატელევიზიო კონცერტი ოქტომბერში გაიმართება.

XS
SM
MD
LG