Accessibility links

logo-print
გორში, ადმინისტრაციული შენობის წინ, საპროტესტო აქცია ღამის სამ საათზე დაიწყო და 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ადამიანები ქუჩაში ტელეკომპანიების „მე-9 არხისა“ და „მაესტროს“ მიერ ნაჩვენებმა კადრებმა გამოიყვანა, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების გლდანის დაწესებულებაში პატიმრების მიმართ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის კადრები. 50-მდე ადამიანი ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, ვინც საპატიმროებში ამგვარად მოქმედებდა. აქციის ორგანიზება კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ჯგუფმა უზრუნველყო. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და სასჯელაღსრულების მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ.

კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ დღევანდელი დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ დასასრულის დასაწყისი.

წუხელ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობამ პირადი შემადგენლობა სრულად გამოიძახა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, პოლიციის განყოფილებებში თანამშრომლების მობილიზაცია საღამოს 9 საათიდან დაიწყო. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა. აქცია გორში ყველაზე გვიან დაიწყო, მაგრამ ახალგაზრდები მის გაგრძელებას დღესაც აპირებენ. სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს საღამოს არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG