Accessibility links

logo-print

რას შეცვლის პატიმრებზე დაჩქარებული ზრუნვის გამოცხადება?


გლდანის მე-8 საპყრობილე

გლდანის მე-8 საპყრობილე

10 დაკავებული, 1 ძებნილი და 12 ეჭვმიტანილი - ამ დროისთვის ასეთია მთავარი პროკურატურის მიერ გახმაურებული სტატისტიკა, რაც პატიმართა წამებისა და დამცირების ფაქტების გამო სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა დასჯას უკავშირდება. საპატიმროებში წესრიგის სწრაფად დამყარება პრეზიდენტმა საპატრულო პოლიციას დაავალა და პასუხისმგებელ პირად პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაასახელა. რამდენად შესაძლებელია საპატიმრო სისტემის მანკიერებათა ”რამდენიმე დღეში” აღმოფხვრა და შეამსუბუქებს თუ არა ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობას?

”აქამდე სად იყო პროკურატურა?” - ეს შეკითხვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 სექტემბერს მოწვეულ საგანგებო თათბირზე დასვა და პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს ”სისტემური მარცხი” უწოდა. მართალია, იმ ვიდეომასალის ფართოდ გავრცელებას, რამაც საზოგადოებას მოსვენება დაუკარგა და ქუჩაში გამოიყვანა, პრეზიდენტი ”პოლიტიკური კომპრომატების ომის” ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის - პრეზიდენტი სიბრაზეს გამოხატავს იმის გამო, რომ, სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებული მწვავე შეფასებების მიუხედავად, მავანმა და მავანმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია პენიტენციარულ სისტემას. გულგრილობის ბრალდება, როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების აწ უკვე ყოფილ მინისტრს, ხათუნა კალმახელიძესაც ეხება:

”მიუხედავად იმისა, რომ კალმახელიძე ბევრ რაღაცას ცვლიდა, პაემნები შემოიღო, პრობაცია შემოიღო, ეს ბრასლეტები შემოიღო და რაღაცა, თურმე მთავარ ადგილზე, მთავარ ციხეში, მთავარ ცენტრში ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ეს ყველაფერი აღმოჩნდა მხოლოდ გარეგნული, ნაწილობრივი ცვლილება და მთავარი რაღაცა აღმოჩნდა ისეთივე საზიზღარი, როგორიც იყო ძველ დროს.”
შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები. ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუნქცია, მაგრამ სიტუაცია არის საგანგებო. და ეს არის დროებითი ზომა მანამ, სანამ ყველაფერს სხვანაირად დავალაგებთ, ფუნდამენტურად განვაახლებთ და ყველაფერს შევცვლით...

ხათუნა კალმახელიძე მინისტრის პოსტიდან 19 სექტემბერს საკუთარი ნებით გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წელს და შარშან წარდგენილი ანგარიშების ყველაზე მწვავე აქცენტს სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში შექმნილი სავალალო სიტუაცია წარმოადგენდა, მინისტრს ვერაფერი დააკლო საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელმაც მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი რამდენჯერმე დააყენა. კალმახელიძეს ყოველ ჯერზე განსაკუთრებული მონდომებით იცავდა საპარლამენტო უმრავლესობა და მან, ცხადია, მიზანსაც იოლად მიაღწია.

ვის გადაულოცეს სასჯელაღსრულების სისტემის რეალური კონტროლის სადავეები?

როგორც ოთხშაბათის საგანგებო თათბირზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, შექმნილი ვითარების ფონზე დამნაშავეთა დასჯა საკმარისი არ არის და ახლა სასჯელაღსრულების სისტემაში ძირეული ცვლილებების დრო დადგა. 19 სექტემბრის საგანგებო თათბირზე ითქვა, რომ, როგორც ერთ დროს პოლიციის რეფორმა წარმატებით განახორციელა, ვანო მერაბიშვილმა, პრეზიდენტის დავალებით, ახლა საპატიმროებსაც უნდა მიხედოს:

”შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები. ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუნქცია, მაგრამ სიტუაცია არის საგანგებო. და ეს არის დროებითი ზომა მანამ, სანამ ყველაფერს სხვანაირად დავალაგებთ, ფუნდამენტურად განვაახლებთ და ყველაფერს შევცვლით. ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მარტო ის კი არა - რეჟიმი და რაღაცა... დაწყებული კიდევ ერთხელ (რაც ბევრი გაკეთდა, მაგრამ მაინც...) საშხაპეებიდან, თეთრეული როგორია, სანიტარული პირობები როგორია...”

პრეზიდენტის დავალებას სრული მზადყოფნით შეხვდა პრემიერ-მინისტრი. მერაბიშვილი მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს:
ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი


”ამ დღიდან თითოეული პატიმრის უსაფრთხოებაზე მე ვარ პასუხისმგებელი თქვენი და მთელი საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ოჯახის წევრებს მინდა მივმართო და ვთქვა, რომ ამ წუთიდან მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ადამიანების უფლებები, სამოქალაქო უფლებები, ჰუმანიტარული უფლებები, არა მარტო ასეთი ტიპის დანაშაული, არამედ ნებისმიერი, ელემენტარული - ეს იქნება სოციალური თუ სხვა უსაფრთხოების საკითხები - იქნება მოგვარებული. მე პირადად დავკავდები.”

ვანო მერაბიშვილს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ”რამდენიმე დღეში” ისე შეიცვალოს, რომ ის ”ვერავინ ვეღარ იცნოს”. ასეთი სურვილი თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა 19 სექტემბერს საგანგებო თათბირზე გამოთქვა.

თუმცა ასეთი პერსპექტივა, ბოლო დღეებში გავრცელებული შემზარავი ვიდეომასალების შემდეგ, ცოტას თუ ვინმეს წარმოუდგენია. ჯერ ერთი, ბევრს შეუძლებლად მიაჩნია წლების მანძილზე დაგროვილი მწვავე პრობლემების რამდენიმე დღეში აღმოფხვრა და, მეორეც, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ დაჩქარებული ცვლილებებით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის უკვე მომხდარ უამრავ შემზარავ ფაქტზე. ამ ფაქტების არსებობა არ უკვირს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს:

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

”დიახ, მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ასეთი მოძალადე ხელისუფლება გვყავს ჩვენ. ისინი არა მარტო პატიმრებზე ახორციელებენ ძალადობას, არამედ ისინი ახორციელებენ ძალადობას საქართველოს მთელ მოსახლეობაზე - თუ გნებავთ, საჯარო მოხელეებზეც კი. და ის შემსრულებლებიც კი, რა თქმა უნდა, კანონის ძალით ისინი დაისჯებიან, მაგრამ მათზეც კი ძალადობაა განხორციელებული. ხელისუფლება ახერხებს, რომ ერთი კაცის ხასიათზე მოარგოს სტრუქტურები.”

პარტია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას, აზრით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა ხალხის დაშინებისა და მართვის ბერკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ის თვლის, რომ სიტუაციის გამოსწორებას მოქმედი ხელისუფლება ვეღარ შეძლებს და რომ ყველაფერი მხოლოდ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული:

”უნდა იყოს დაბალანსებული, მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც ერთი ადამიანის ნება-სურვილზე არ გადაწყდება ყველაფერი და ყველა სტრუქტურა - იქნება ეს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი თუ პროკურატურა - იქნება თავის სიმაღლეზე, გააკეთებს იმას, რაც კონსტიტუციურად და კანონმდებლობით ევალება.”

მანანა ნაჭყებიასგან განსხვავებით, მომავალი არჩევნების ჩატარებას მმართველი პარტიის გარეშე ისურვებდა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც მუდამ ბევრს ლაპარაკობდა პატიმრების წამების ფაქტებზე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 19 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციებშიც. ლორთქიფანიძე, რომელიც კენჭს იყრის პარტია ”თავისუფალი საქართველოს” წარდგინებით, მოუწოდებს თავის ამომრჩეველს, რომ აქციები არ შეწყდეს და იზრუნოს იმაზე, რომ არჩევნები მმართველი პარტიის გარეშე ჩატარდეს. თუმცა, როგორც ხელისუფლების მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალის, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 19 სექტემბერს, საზოგადოებამ, გასაგები აღშფოთების მიუხედავად, თავი უნდა შეიკავოს ”დაუგეგმავი აქციებისგან” და ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით, მშვიდობიანად უნდა გაისტუმროს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG