Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მდუმარე ხმაურიანი" აქცია


საპროტესტო აქცია გორში
საპროტესტო აქცია გორში
გუშინ საღამოს გორში ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მდუმარე სამოქალაქო აქცია მალე ხმაურში გადაიზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები შეუერთდნენ და შენობის კიბეებზე 5-ნომრიან მაისურებში გახვეული ცოცხები დაალაგეს, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას და ხათუნა კალმახელიძის ფოტოები იყო დაკრული.

აქციის სადავეები ხელში პოლიტიკოსებმა აიღეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები კი პოლიტიკური ლიდერების აქციას გაემიჯნენ. დემონსტრანტებთან გორი-სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) მივიდა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მიტროპოლიტის თქმით, პოზიციას და ოპოზიციას მნიშვნელობა არა აქვს, საზოგადოება უზნეობის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

საპროტესტო მსვლელობა, შეძახილებით „მეც პატიმარი ვარ“, დაიწყო ქალაქის ცენტრიდან პოლიციის სამხარეო სამმართველოს მიმართულებით, სადაც დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდეს და ახალაიას დასჯა მოითხოვეს. აქვე მათ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ შეიტყვეს, რასაც შეძახილები მოჰყვა.

გახარებულმა კოალიციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ახალაიას გადადგომა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიელოცათ და მათი ოფისისკენ დაიძრნენ, მაგრამ, კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ვახტანგაშვილის თხოვნით, პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად მარშრუტი შეცვალეს და ისევ ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ.

გორელები აღნიშნავდნენ, რომ პროტესტის გრძნობამ დღეს გარეთ გამოიყვანა და ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ტატიშვილს არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნა და ხალხის გვერდით დადგომა მოსთხოვეს.

კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ გორში აქციები მანამდე არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
XS
SM
MD
LG