Accessibility links

logo-print

საქართველოში ტურისტული ნაკადი იზრდება


უცხოელი ტურისტები ბათუმში

უცხოელი ტურისტები ბათუმში

გაეროს ”ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ” გამოაქვეყნა ანგარიში ”ტურიზმის მაჩვენებლები 2012”, რომელშიც ლაპარაკია მსოფლიოში ტურიზმის ზრდის ტენდენციის შესახებ. მასში აღნიშნულია საქართველოში ტურისტული ნაკადის საგრძნობი მატებაც, რამაც 2011 წელს, 2010 წელთან შედარებით, 39 პროცენტი შეადგინა. რა იზიდავს ტურისტებს საქართველოში და როგორი მდგომარეობაა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში?

”ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის” ანგარიშის თანახმად, ტურიზმი მთელ მსოფლიოში თითქმის 5 პროცენტით გაიზარდა და 2011 წელს ტურისტების რიცხვმა 983 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ტურისტული ნაკადის ნახევარზე ცოტა მეტი მიმართულია ევროპისკენ. ამ რეგიონში ტურისტების რიცხვის ზრდამ ნავარაუდევზე მეტიც კი შეადგინა. ზრდის დინამიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა. ამ რეგიონშია გაერთიანებული საქართველოც, რომლის ტურისტული ნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 39 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მეზობელ აზერბაიჯანში 22 პროცენტს შეადგენს, სომხეთში 11-ს, ხოლო რუსეთში 12 პროცენტია. ”ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის” კვლევის თანახმად, ტურისტული ნაკადის ზრდა 2012 წელსაც გაგრძელდება.

ტურისტების ნაკადი თითქმის გაორმაგდა

არის საგრძნობი ზრდა. თუ ავიღებთ პირველ კვარტალს, პირველ კვარტალში დაფიქსირდა 41 პროცენტი ზრდა ...
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განცხადებით, 2012 წლის პირველ ნახევარში უცხოელი ვიზიტორების ნაკადი თითქმის გაორმაგდა:

”არის საგრძნობი ზრდა. თუ ავიღებთ პირველ კვარტალს, პირველ კვარტალში დაფიქსირდა 41 პროცენტი ზრდა, ხოლო, მაისის ჩათვლით, უკვე 48 პროცენტია ზრდა. რაც შეეხება ზაფხულის ტურისტულ სეზონს, უკვე აქტიურ ფაზაშია. ველოდებით, რომ მხოლოდ ზაფხულში მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში.”

მთავრობაში ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს 4 მილიონი ვიზიტორი ესტუმრება. ამის შესახებ არაერთხელ ილაპარაკა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ტურისტული ნაკადის ზრდას ქვეყნის შემოსავლების ზრდა უკავშირდება. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, შარშანდელი ტურისტული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა.

ბორჯომი-ხარაგაულის ტყეპარკი

ბორჯომი-ხარაგაულის ტყეპარკი

უცხოელი ვიზიტორები, საქართველოს ტრადიციული ტურისტული მიმართულების, ზღვისპირეთისა და კურორტების გარდა, უკვე მთაში და ნაკრძალებში მოგზაურობითაც ინტერესდებიან.

ჩვენს პარტნიორ რადიოსადგურ ”ჰერეთს” ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსმა გიორგი სურამანიძემ განუცხადა, რომ წელს უფრო მეტი ტურისტი ესტუმრათ:

"შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, წელს უცხოელ ვიზიტორთა 12 %-იანი მატება შეინიშნება. დაემატა ქვეყნები: პოლონეთი, რომელიც საკმაოდ დიდი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი და ლიდერობს; შემდეგ მოდის გერმანია და ისრაელი. გამოჩნდნენ ახალი ქვეყნებიც: უკრაინა და რუსეთი, რომლის გააქტიურებაც საკმაოდ შესამჩნევია, წინა წელთან შედარებით."

ტურისტული მიმართულებების დივერსიფიცირებასთან ერთად საქართველოს ტურიზმის მესვეურები ვიზიტორთა ნაკადის დივერსიფიცირებასაც ცდილობენ. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება საქართველოთი დაინტერესებული ქვეყნების რიცხვი. ამ მხრივ განსაკუთრებული გააქტიურება შეიმჩნევა რუსეთის ტურისტების მხრიდან.

რუსეთის ტუროპერატორების პრეტენზიები

რუს ტურისტებს მსოფლიოს საუკეთესო კურორტები აქვთ შემოვლილი და მაღალი კლასის სერვისს მოითხოვენ, რასაც საქართველო ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს ...
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კმაყოფილებას ვერ ფარავენ რუსეთის მოქალაქეების ნაკადის ზრდის გამო, რაც შესამჩნევი გახდა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შემდეგ.

რუსი ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად რუსეთის ზოგიერთი ტურისტული კომპანიის მხრიდან გაჩნდა პრეტენზიებიც. რადიო ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის კომპანიის ”ვ მირე ფანტაზიის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ალა არტიომენკომ, ქართველი ტუროპერატორები გააკრიტიკა:

„რუს ტურისტებს მსოფლიოს საუკეთესო კურორტები აქვთ შემოვლილი და მაღალი კლასის სერვისს მოითხოვენ, რასაც საქართველო ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს. საქართველოში მოქმედი სააგენტოები არაორგანიზებულობით გამოირჩევიან, მათ ძალიან შეზღუდული შეთავაზებები აქვთ, ტურისტებს კი მაქსიმალურად ბევრი ადგილის ნახვა სურთ. მაშინ უნდა გვითხრან, რომ მათთვის პრიორიტეტი უკრაინა და უცხოეთის ქვეყნებია და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ.“

ალა არტიომენკო ამბობს, საქართველოს ტუროპერატორებისთვის რუსი ტურისტები პრიორიტეტს არ წარმოადგენენ და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შეთავაზებები მხოლოდ ინგლისურ ენაზე აქვთო.

საწინააღმდეგოს ირწმუნება საქართველოს ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე. იგი ამბობს, რომ ტუროპერატორებს თავიანთი შეთავაზება არათუ რუსულ ენაზე, არამედ ჩინურადაც კი აქვთ:

ის პრეტენზიები, რომლებიც გაისმა რუსული ტურისტული სააგენტოებიდან და მათი მთავრობის წარმომადგენლებისგან, ჩვენთვის არ არის გასაკვირი ...

”მე ორი დღის წინაც შევხვდი რუს ტურისტს საქართველოში, რომელიც უკვე მიზნობრივად მუშაობს იმაზე, რომ ჩავიდეს თავის ქვეყანაში და ბევრი ახალგაზრდა დააინტერესოს საქართველოთი და აუხსნას მათ, თუ რამდენად უსაფრთხოა საქართველოში მოძრაობა, რეგიონების მონახულება და ასე შემდეგ. და აქ ბევრ ფაქტორს უსვამდა ის რუსი ადამიანი ხაზს, თუ რამდენად მომხიბლავია საქართველო როგორც ტურისტულად, ასევე სხვა კუთხითაც.”

ზოგიერთი რუსული ტუროპერატორის პრეტენზიებს არც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე იზიარებს:

”ის პრეტენზიები, რომლებიც გაისმა რუსული ტურისტული სააგენტოებიდან და მათი მთავრობის წარმომადგენლებისგან, ჩვენთვის არ არის გასაკვირი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრს არ სიამოვნებს, რომ ამდენი მოქალაქე შემოდის საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვისმენთ უფრო მათ კომენტარებს, ვინც აქ შემოდის. და ვინც აქ შემოდის, მიდის კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დატვირთული.”

მაია სიდამონიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში რუსეთის 300 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა და ეს 3-ჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს იყო. ტურიზმის ეროვნული სააგენტო რუსეთის ტურისტების ინტერესის კიდევ უფრო გასაღვივებლად სექტემბერში რუსი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორების 50 კაციანი ჯგუფისთვის პრესტურის მოწყობას გეგმავს.
XS
SM
MD
LG