Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ქვეყნად აღიარეს


უცხოელი ტურისტების ჯგუფი ბათუმში
უცხოელი ტურისტების ჯგუფი ბათუმში
გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით ”მსოფლიო ტურისტული ბარომეტრი”. მასში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა შეფასებულია როგორც ყველაზე მაღალი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მომდევნო პოზიციებზე არიან სლოვაკეთი, სომხეთი, ლატვია და ლიტვა.

ამ მომენტისთვის საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 26 პროცენტს შეადგენს. ტურისტებს საქართველოს მრავალფეროვნება იზიდავს. მაგალითად, ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი, რომელსაც ჩვენი პარტნიორი რადიო ”ჰერეთის” კორესპონდენტი ლაგოდეხში გაესაუბრა, საქართველოში დაცული ტერიტორიების მიმართ არსებულმა ინტერესმა ჩამოიყვანა. მან თქვა:

„ლაგოდეხში პირველად ვარ. აქ ცნობილი ჩანჩქერების სანახავად ჩამოვედი. ინფორმაცია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებ პოლონელი ჟურნალისტის მიერ დაწერილი წიგნიდან შევიტყვე. წიგნს „გაუმარჯოს“ ჰქვია და, საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მასში ბევრი რამ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შესახებაც არის დაწერილი“.

პოლონეთის გარდა, თანდათან იზრდება ტურისტების ნაკადი ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც, რაც ტურისტული ბიზნესის მოგებაზეც აისახება. შესაბამისად, ამ სფეროს წარმომადგენლები, მაგალითად, აჭარაში კმაყოფილებას გამოთქვამენ უცხოელი ვიზიტორების ნაკადის ზრდის გამო:

ივლისის თვეში მიმდინარე წელს დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობა საერთაშორისო მოგზაურების საქართველოში. ეს რიცხვი არის 609 ათას 189 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც არის აბსოლუტური რეკორდი ამ თვისთვის...
გიორგი სიგუა
”გასულ წელთან შედარებით, სეზონი ძალიან ადრე დაიწყო. ძალიან კმაყოფილები ვართ, უცხოელები ძალიან ბევრია...”

ტურისტული ნაკადის საგრძნობ მატებას აღნიშნავს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუაც:

”ივლისის თვეში მიმდინარე წელს დაფიქსირდა რეკორდული რაოდენობა საერთაშორისო მოგზაურების საქართველოში. ეს რიცხვი არის 609 ათას 189 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც არის აბსოლუტური რეკორდი ამ თვისთვის. ხოლო, 1 აგვისტოს მონაცემებით, 2013 წელს ჩვენ უკვე გვყავდა 2 მილიონ 797 ათას 910 ვიზიტორი”.

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ტურიზმის ზრდის მაღალი ტემპის აღიარება საქართველოს მიმართ უთუოდ კიდევ უფრო მეტი უცხოელი მოგზაურის ყურადღებას გამოიწვევს. ამ ორგანიზაციამ საქართველო ვიზიტორების ნაკადის ზრდის თვალსაზრისით საუკეთესო ქვეყნად ერთი წლის წინაც აღიარა.

დღევანდელი ხელმძღვანელობა, - მათი არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, -იმედია, არ ფიქრობს, რომ ეს არის მათი დამსახურება, იმიტომ, რომ 3 თვეში არანაირ სტრატეგიას შედეგი არ მოაქვს...
მაია სიდამონიძე
იმჟამად ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს მაია სიდამონიძე ხელმძღვანელობდა, ახლა ის კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანია და ფიქრობს, რომ საქართველოში ტურიზმის ზრდა ინერციით გრძელდება:

”დღევანდელი ხელმძღვანელობა, - მათი არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, -იმედია, არ ფიქრობს, რომ ეს არის მათი დამსახურება, იმიტომ, რომ 3 თვეში არანაირ სტრატეგიას შედეგი არ მოაქვს.”

რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობის ახალ სტრატეგიას, ის ძველ პრიორიტეტებზე უარის თქმას ეფუძნება. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გადაცემა ”კავკასიურ გზაჯვარედინის” ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩეველმა სიკო გეგიაძემ განაცხადა, რომ ახლა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარი თქვეს და ბიზნესს მხოლოდ ტურისტული პოტენციალის ამსახველ კვლევებს სთავაზობენ. ასევე ცდილობენ ნაკლებად ჩაერიონ ტურისტული ბიზნესის განვითარებაში:

”დაე ბიზნესმა გადაწყვიტოს სად წავიდეს, სად დააბანდოს ფული. რაც შეეხება ძირითად ტურისტულ მიმართულებებს, რომლებიც ახლა მუშაობენ და მშვენივრად მუშაობენ, ეს მიმართულებები ისედაც მუშაობენ და მათი განვითარება არ შეიძლება და ხელშეშლაც არ შეიძლება. ჩვენ ხელს არ ვუშლით ტურისტულ კომპანიებს, რომლებიც დაკავებული არიან ტურიზმით, და ისინი ამას მშვენივრად უძღვებიან. სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ტურიზმის დონე ძალიან მაღალია, 26 პროცენტით მეტი, წინა წელთან შედარებით”.

ბათუმი
ბათუმი
სიკო გეგიაძემ ”კავკასიურ გზაჯვარედინში” აღნიშნა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციას ახარებს რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება. რუსეთის მიმართულების განვითარების მიზნით, ახალმა ხელმძღვანელობამ რუსეთის ათი საინფორმაციო საშუალებისთვის პრესტური მოაწყო და იმედოვნებენ, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტურისტების ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს. კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მაია სიდამონიძის განცხადებით, რუს ჟურნალისტებსა და ტუროპერატორებთან გასულ წელსაც აქტიურად მუშაობდნენ.

რუსეთის მოქალაქეების გარდა, გაიზარდა საქართველოში დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ ჩამოსული სომხეთის მოქალაქეების რიცხვიც. ასევე კვლავინდებურად იზრდება თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა და უკრაინელი, ჩეხი თუ პოლონელი ტურისტების ნაკადიც. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ხუთ-ნახევარ მილიონს გადააჭარბებს.
XS
SM
MD
LG