Accessibility links

ტურიზმი გორში


გორის ტურისტული განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

გორის ტურისტული განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია

უფლისციხე, გორის ციხე, ატენის სიონი, სტალინიზმის მუზეუმი, გორიჯვარი – ეს იმ კულტურულ-ისტორიული ძეგლების ჩამონათვალია, რომლებმაც რაიონში ჩამოსული ტურისტები უნდა მიიზიდოს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორის საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წევრებს გორის ტურისტული განვითარების სტრატეგია გააცნეს. სტრატეგიის მიხედვით, გორის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ბიზნესის განვითარება რეგიონში განიხილება როგორც მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური სტიმული. ამჟამად ქალაქში სრულდება ციხის უბნის აღდგენა, სკვერების კეთილმოწყობა.

სტალინიზმის სკვერში დაწყებულმა სამუშაოებმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან, კომპიუტერული პროექტის მიხედვით, უნიკალური ნაძვები სკვერში აღარ ჩანდა, თუმცა შეხვედრაზე მყოფმა საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ ხეების გაჩეხა არ იგეგმება. მალე დასრულდება სამუშაოები გორის ისტორიულ უბანში, უკვე მიმდინარეობს გორის ციხის აზომვითი სამუშაოებიც. გორელების მოთხოვნაა, რომ პროცესში ისტორიკოსები და არქეოლოგებიც ჩაერთონ, რათა ციხეზე არსებული ისტორიული შრეების განადგურება არ მოხდეს. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

დედაქალაქთან სიახლოვის გამო გორში ტურისტები მხოლოდ ერთი დღით ჩამოდიოდნენ ხოლმე. სტრატეგიის მიხედვით, ტურისტულ მარშრუტებში რაც შეიძლება მეტი ობიექტი უნდა იქნეს ჩართული, რათა სტუმარს აქ დარჩენა მოუნდეს, ეს კი ქალაქის ეკონომიკურ სარგებელს გაზრდის. შეხვედრას ახალი მემარჯვენეების ლიდერი სოსო ბორცვაძე ესწრებოდა, რომელმაც ადგილობრივ ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება შესთავაზა იმისათვის, რომ შემოსავლების ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩეს და ყველა გადასახადი ცენტრმა არ წაიღოს.

ატენის ხეობის ტურისტული პოტენციალით გერმანიის საერთაშორისო დახმარების საზოგადოება დაინტერესდა. ამჟამად ხეობის ეკოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ეკა ჯაფიაშვილის აზრით, ატენის ხეობა, რომელიც ამჟამად აუთვისებელია, ტურისტული თვალსაზრისით ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ ყველაფერი ხარისხიანად უნდა გაკეთდეს.

შეკრებილებმა ხელისუფლებას სთხოვეს, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, რათა შემდგომში არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები და პრეტენზია. გარდა ამისა, გორელები მოითხოვენ, რომ ატენის ხეობის ეკოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდეს და ტურისტული ბიზნესის განვითარებას უნიკალური ბუნების განადგურება არ მოჰყვეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG