Accessibility links

logo-print

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის კვირა


„ერთიანობის მარში“ პარიზში

„ერთიანობის მარში“ პარიზში

საფრანგეთში მომხდარი ტერაქტი და საქართველოს გზებზე თოვლში ჩარჩენილი ადამიანები - ეს იყო კვირის მთავარი ამბები. ამასთან, საარჩევნო კოდექსის შეცვლას მოითხოვენ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს სათანადო ყურადღება მიაქციოს მაღალმთიან რაიონებში ბავშვების ჯანმრთელობას.

ამ კვირას დიდთოვლობის გამო საქართველოს რეგიონებში პრობლემები შეიქმნა. ჩაიკეტა ფასანაური-გუდაურის გზის მონაკვეთი. ასევე, ქარბუქისა და თოვლის გამო, ტრანსპორტი ჩარჩა ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე. ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა გუდაურიდან ყაზბეგის მიმართულებით 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც სატვირთო მანქანები ერთმანეთის მიყოლებით იყო გაჩერებული.

უგზოობის გამო შეუძლებელი იყო გადაადგილება, რის გამოც ბევრს სასტუმროში დარჩენა მოუხდა. მათ საკვებიც შეზღუდული ჰქონდათ. სასტუმრო „რუმსში“ ჩარჩენილმა ნონამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ გარკვეული შეღავათები მისცა და რამდენიმე ადამიანი ერთ ნომერში შეასახლა:

„ჯგუფი ჩამოვედით, მაგრამ მერე გადაგვანაწილეს ნომრებში, საწოლები დაგვიმატეს და შეღავათიანი ფასი გამოვიდა, საფასურის 30% დაგვიკლეს. ჩვენთან ერთად არიან უცხოელები, რომლებსაც ბილეთები გაუუქმდათ, იმიტომ რომ დღეს ღამით უნდა გაფრენილიყვნენ გერმანიაში და მოუწიათ ბილეთის გაუქმება“.

სიტუაციის განმუხტვას რამდენიმე დღე დასჭირდა. გზის გაწმენდის სამუშაოები ამჯერადაც უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. უკვე კვირის ბოლოსკენ უმეტეს რეგიონებში მოიხსნა საავტომობილო გზებზე დაწესებული შეზღუდვები.

7 იანვარს ტერორისტული თავდასხმა მოხდა ფრანგული სატირული გამოცემის „შარლი ებდოს“ თანამშრომლებზე. წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ გამოცემის ოფისს სამი შეიარაღებული ადამიანი დაესხა. მომდევნო დღეებში ტერაქტები ისევ გაგრძელდა. უშუალოდ „შარლი ებდოზე“ თავდასხმას 12 ადამიანი შეეწირა, მომდევნო ტერაქტების შედეგად კი 17 ადამიანია დაღუპული, ხოლო 20-მდე დაშავებული.

ფრანგმა ძალოვნებმა სპეცოპერაციისას „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმაში ბრალდებული ორი ძმა, შერიფ და საიდ კუაშები, მოკლეს, თავდამსხმელების მიერ მძევლად აყვანილი ადამიანი კი გადარჩა. ასევე ტერორისტის ლიკვიდაციით დასრულდა კიდევ ერთი სპეცოპერაცია, თუმცა მანამდე მან ოთხი მძევლის მოკვლა მოასწრო.

რედაქციაზე თავდასხმას სწრაფადვე მოჰყვა მრავალათასიანი სოლიდარობის აქციები პარიზში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 8 იანვარს სოლიდარობის აქცია თბილისშიც გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ გურჩიანი, ამბობს, რომ საქართველოს ჩართვა ამ კამპანიაში ძალიან მნიშვნელოვანია:

“ჩვენ ვართ კაცობრიობის ნაწილი და ადამიანის უფლებები, რომლებიც საფრთხის ქვეშ დგას, უნივერსალურია. ამ უფლების გამოყენების უფლება ადამიანებს მთელ მსოფლიოში ერთნაირად აქვთ. ამიტომაც, ჩვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია”.

საფრანგეთს სოლიდარობა და მხარდაჭერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ოფიციალურად გამოუცხადეს. განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც:

„ამ განსაცდელის ჟამს ჩვენ მტკიცე თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო კეთილდღეობა. ქართველი და ფრანგი სამხედროები გვერდიგვერდ დგანან მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რათა უზრუნველვყოთ საერთო მშვიდობა და უსაფრთხო მომავალი“.

მოგვიანებით, 11 იანვარს, საფრანგეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მასობრივი აქცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეუერთდა.

მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ.

პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც უკმაყოფილება გამოხატა, ე.წ. პარლამენტში შემავალი „სახალხო პარტია“ იყო. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ალექსანდრ პლიევმა განუცხადა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“, კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს:

„ხელშეკრულების ჩვენს ვარიანტში ვითხოვთ ერთობლივი ჯარისა და პოლიციის შექმნას და არა მთლიანად გადაცემას რუსეთისთვის... „ერთიანი ოსეთის“ მიერ მხარდაჭერილ ვარიანტში მოთხოვნილია, რომ ეს ყველაფერი რუსეთს გადავცეთ. ანატოლი ბიბილოვის, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერისა და პარტია „ედინაია ოსეტიას“ თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ჩვენთვის იმთავითვე მიუღებელი იყო, რადგანაც ის ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინას. არ მესმის, რატომ წამოაყენა საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ფორმულირებები. სხვა ყველაფერი მოგვწონს და ყველაფერს ვეთანხმებით“.

ადგილობრივი ექსპერტი ალან ჯუსოევი კი ამბობს, 2015 წელი საკმაოდ რთული წელიწადი იქნება და მას არაერთხელ სმენია იმის შესახებ, რომ საზოგადოების ნაწილი ქუჩაში გამოსვლასაც გეგმავს ამ ე.წ. ხელშეკრულების პირველადი ვარიანტის გასაპროტესტებლად. ის ეთანხმება იმათ, ვინც ამბობს, რომ დოკუმენტის ამ სახით მიღება კარგად არ აისახება ხალხის სოციალურ მდგომარებაზე. ოს ექსპერტს აშინებს, მაგალითად, ის პერსპექტივა, რომ, რუსულ სტანდარტებთან დაახლოების შემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებათა თანამშრომლების ნახევარი უმუშევარი დარჩება, რაც შესაძლოა ნიშნავდეს უმუშევარი შეიარაღებული ახალგაზრდების რიცხვის გაზრდას.

15 არასაპარლამენტო პარტიის მიერ შექმნილი ინტერპარტიული ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად დაიწყოს მუშაობა საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ძირეულად შესაცვლელია საარჩევნო სისტემა, რომელიც, საარჩევნო ოლქების შეუსაბამო ზომებისა და მაჟორიტარული მანდატების მაღალი წილის გამო, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას:

მამუკა კაციტაძის თქმით, ამგვარი მანკიერი სისტემის გამო ადგილობრივი არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში, 45%-პროცენტიანი მხარდაჭერის მიუხედავად, მანდატების 76 პროცენტი მიიღო, რადგანაც პროპორციული სისტემით მიღებულ 45 პროცენტს დაემატა მაჟორიტარულ არჩევნებში მოგებული 25 მანდატი. მამუკა კაციტაძის თქმით, ასევე საარჩევნო სისტემის ნაკლია ისიც, რომ არათანაზომიერია მაჟორიტარული ოლქები, რის გამოც თითო-თითო დეპუტატს ირჩევს როგორც 5 000-ამომრჩევლიანი ყაზბეგის რაიონი, ასევე 160 000-ამომრჩევლიანი ქუთაისი. ინტერპარტიული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი კი, გიორგი ახვლედიანი, მიიჩნევს, რომ უსამართლოა, როცა 13-კაციან საარჩევნო კომისიებში მთელი ოპოზიციური სპექტრი მხოლოდ სიმბოლურად - ორი კაცითაა წარმოდგენილი.

ინტერპარტიული ჯგუფის გარდა, საარჩევნო სისტემისა და კოდექსის შეცვლას ითხოვენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა ელენე ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ კანონმდებლობა დროულად არ შესწორდა, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება:

„ვთავაზობთ ხელისუფლებას განიხილოს რეგიონალურ-პროპორციული სისტემა, ანუ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ანუ ჩვენი სისტემაც ითვალისწინებს მაჟორიტარული ნაწილის ამოღებას და მთლიანად პარლამენტის დაკომპლექტებას პროპორციული სისტემის საფუძველზე, თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ რეგიონალურ დონეზე მოხდება წარმომადგენლობის არჩევა. შესაბამისად, პარტიებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ ადგილობრივ დონეებზე წარმატებული კანდიდატები წარადგინონ და მოსახლეობას საშუალება ექნება თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს რეგიონალურ დონეზე, ანუ პროპორციული სისტემა არ იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით“.

8 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში „პარტიზანული მებაღეობის“ 4 წევრის სასამართლო პროცესი გაიმართა. ისინი დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს 30 დეკემბერს, როდესაც სხვა თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდნენ საკრებულოს გადაწყვეტილებას სოლოლაკის ქედის თავისუფალ სამშენებლო ზონად გამოცხადების თაობაზე. წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დადანაშაულებულ სამოქალაქო აქტივისტებს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მიიჩნევს დაცვის მხარე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

პროცესზე განაცხადეს, რომ წვრილმან ხულიგნობაში იგულისხმებოდა ის, რომ მათ ბლოკირებული ჰქონდათ საკრებულოს ცენტრალური შესასვლელი, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ვერ დაამტკიცეს, რომ შენობა ბლოკირებული იყო...

საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ 16 იანვარს უნდა გამოაცხადოს. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია ერთ-ერთი ბრალდებული, „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი ნატა ფერაძე:

„უკვე გავერთიანდით თითქმის ყველა ორგანიზაცია, ვინც შეწუხებულია იმით, რაც ხდება ქალაქში. ამ დღეებში სულ შეხვედრებს ვმართავთ, რომ შევიმუშაოთ სტრატეგია: საგანმანათლებლო, საპროტესტო და ასე შემდეგ... ერთიანი ხედვა უნდა დავანახვოთ მთავრობას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და როგორ არასწორად მიმდინარეობს დღეს ქალაქის განვითარება. სამწუხაროდ, კანონებია თვითონ უკანონო... კანონმდებლობის ცვლილებებზე უნდა ვიქონიოთ გავლენა ჩვენი მოთხოვნებით. ახლა ვაყალიბებთ მოთხოვნებს, ვაყალიბებთ სიას ცხელი ობიექტებისა, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გაჩერდეს, ვაყალიბებთ მოთხოვნებს, რაზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი – ეს იქნება სარეკრეაციო სტატუსების მოხსნა თუ სხვა“.

მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლებები შეისწავლა სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა. მესტიის, ონის, ამბროლაურის, ყაზბეგის, ხულოს, შუახევისა და ქედას მუნიციპალიტეტები ცენტრის წარმომადგენლებმა გასული წლის მეორე ნახევარში მოიარეს. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ რიგ ტერიტორიულ ერთეულებსა და სოფლებში საერთოდ არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტები და საავადმყოფოები, რაც არასრულწლოვნებს სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით უწყვეტად სარგებლობის უფლებას უზღუდავს. მაია გედევანიშვილი, ცენტრის ხელმძღვანელი, იმ კონკრეტულ მაგალითებზე ლაპარაკობს, რომლებიც მას და მის თანამშრომლებს მაღალმთიან სოფლებში დახვდათ:

„ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში, არ ფიქსირდება ბავშვთა ექიმი და ექთანი. უმეტეს სოფლებში არ ფუნქციონირებს ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებები, როგორიცაა პოლიკლინიკა, ამბულატორია. მაგალითად, რაჭაში ვნახეთ სამედიცინო პუნქტი, რომელსაც სახელად ჰქვია, რომ არის სამედიცინო პუნქტი, თორემ არაფერი იქ არ არის. ექიმი საერთოდ არ არის. ექთანი პერიოდულად მოდის. ძალიან ბევრგან ეს პუნქტები ფორმალურად არის და რეალურად რომ დაგჭირდეს, იქ ბავშვს ამ სერვისს ვერ გაუწევენ, უნდა წამოიყვანონ იმ სოფელთან არსებულ შედარებით უფრო მსხვილ დასახლებაში. ჯანდაცვის ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა“.

სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს, რომ სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობის განსახორციელებლად.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG