Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დაიცავს ”სოლიდარობა 2”?


ალექსანდრე შალამბერიძე
ალექსანდრე შალამბერიძე
„სოლიდარობა 2“ - ასე ერქმევა ახალ თავისუფალ პროფკავშირს, რომელსაც 14 ასოციაცია ქმნის. როგორც საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, საქართველოში 90 წელზე მეტია მხოლოდ ერთი პროფკავშირი არსებობს და მისი სისტემა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც არ შეცვლილა. ახალი პროფკავშირის დამფუძნებლების მიზანი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ერთობის შექმნაა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანების უფლებებს დაიცავს.

”თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2”-ის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ დღეს მოქმედი პროფკავშირი ხელისუფლების ინტერესებს იცავს და მშრომელთა უფლებებზე ზრუნვით თავს არ იწუხებს. ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” ხელმძღვანელის და ახალი პროფკავშირის საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, ალტერნატიული პროფკავშირი საქართველოს მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს:

”სოლიდარობა 2" დასაქმებული ადამიანების დაცვის ავანგარდში იქნება, უმუშევარი ადამიანების დასაქმების ავანგარდშიც და თუ აქამდე მასში შემავალი ორგანიზაციები ცალ-ცალკე იცავდნენ საკუთარ უფლებებს, ახლა ეს ერთობლივ ბრძოლად იქცევა.”
ჩვენ გვინდა შევცვალოთ ის კანონები, რომლებიც დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას უშლის ხელს, ის დისკრიმინაციული კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს დასაქმებული უაპელაციოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გამოაგდოს სამსახურიდან...
ალექსანდრე შალამბერიძე

”სოლიდარობა 2-ის” მთავარი მიზნები საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება, - აცხადებს ალექსანდრე შალამბერიძე:

”ჩვენ გვინდა შევცვალოთ ის კანონები, რომლებიც დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას უშლის ხელს, ის დისკრიმინაციული კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს დასაქმებული უაპელაციოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გამოაგდოს სამსახურიდან.”

თავისუფალი პროფკავშირების გაერთიანებაში შევლენ ორგანიზაციები:
„უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“, „გარემოვაჭრეთა ლიგა“, „თბილისელ პედაგოგთა და მშობელთა კავშირი“, „თავისუფალ მოვაჭრეთა ასოციაცია“, რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირი“, „ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი“, „ტრანსპორტელთა თავისუფალი კავშირი“, „ექიმთა უფლებების დაცვის ლიგა“ და კიდევ რამდენიმე ასოციაცია.

თითოეულ მათგანს პროფკავშირში გაერთიანების საკუთარი მოტივაცია აქვს. მაგალითად, „ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი ნათია ქევხიშვილი დარწმუნებულია, რომ დაცვა სჭირდებათ როგორც დასაქმებულ, ისე უმუშევარ ჟურნალისტებს:

”ჟურნალისტები დღეს ანაზღაურების მარიონეტებად იქცნენ. ამ ანაზღაურების სანაცვლოდ მათ მონიტორზე გასული ნებისმიერი ტექსტის ამოკითხვა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანა შეუძლიათ. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ჩვენთან მოვიდეს ბევრი ჟურნალისტი და ერთად დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი უფლებები, სხვებსაც დავეხმაროთ ამ უფლებების დაცვაში.”

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იურისტი რაისა ლიპარტელიანი გვეუბნება, რომ ახალი პროფკავშირის სტრუქტურა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და, დაფუძნების შემთხვევაშიც, ეს იქნება არა პროფკავშირი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია:

”როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თითოეული ეს ორგანიზაცია, რომელიც აფუძნებს ახალ პროფკავშირს, კონკრეტული პროფესიის მიხედვით ადამიანებს არ აერთიანებს, იქ გარკვეული აღრევაა და, ამდენად, ეს იქნება არა პროფკავშირი, კლასიკური გაგებით, არამედ ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.”
ეთერ მათურელი
ეთერ მათურელი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ეთერ მათურელის შეფასებით, პროფკავშირი პროფესიის ნიშნით დასაქმებული ადამიანების ერთიანობაა, ალექსანდრე შალამბერიძე კი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას უმუშევართა გამოყენებით ცდილობს:

”შალამბერიძე - კაცი, რომელიც იყო პარლამენტის წევრი და მხარი დაუჭირა იმ მავნე შრომის კოდექსს, რომელსაც დღემდე აპროტესტებს საქართველოს პროფკავშირი - დღეს ცდილობს იყოს პატრონი და გულშემატკივარი უმუშევრად დარჩენილი ხალხის, არადა, სწორედ მისი პარლამენტარობის დროს მიღებულმა შრომის კოდექსმა დატოვა ეს ხალხი ქუჩაში.

”თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2” კი უახლოეს მომავალში ყრილობის გამართვას გეგმავს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG