Accessibility links

ტრეფიკინგი საქართველოში


იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მესხი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მესხი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინა ტრეფიკინგთან ბრძოლის ყოველწლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში - პირველ კალათაში -იმყოფება, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა წარმატებით დაასრულა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის როგორც ადგილს, ასევე გამტარსა და წყაროს. როგორ ებრძვიან ტრეფიკინგს საქართველოში და რატომაა რთული ამ დანაშაულთან ბრძოლა?

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელმწიფოები სამ კატეგორიად არიან დაყოფილი. პირველ კალათაში, სადაც საქართველო იმყოფება, შედიან ქვეყნები, რომლებიც სავსებით აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის მძიმე ფორმების აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, დანარჩენი ორი კალათა კი უკავიათ იმ ქვეყნებს, სადაც ეს სტანდარტები ნაწილობრივ ან სრულადაა იგნორირებული. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის თქმით, საქართველო მეხუთე წელია პირველ კალათაშია წარმოდგენილი. რა არის ამის მიზეზი?

საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის წყაროს, გამტარ (სატრანზიტო) ქვეყანას და დანიშნულების ადგილს ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომისათვის ...

„პირველ რიგში, ბუნებრივია, არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გვაქვს. ასე ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პოლიტიკა. გასულ წელს 5 ადამიანი იქნა დასჯილი ტრეფიკინგის დანაშაულისთვის. სანქციები მათ მიმართ გამოყენებული იყო კანონის შესაბამისად მკაცრი. ასევე სახელმწიფომ გაზარდა თავისი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციაზე და ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციასა და მათ დაცვაზე.“

თუმცა, საქართველოს ამგვარი მიღწევების პარალელურად, ანგარიშში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ტრეფიკინგი რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოსათვის:

„საქართველო წარმოადგენს ტრეფიკინგის წყაროს, გამტარ (სატრანზიტო) ქვეყანას და დანიშნულების ადგილს ტრეფიკინგისა და იძულებითი შრომისათვის. ქალები და გოგონები საქართველოდან გვევლინებიან სექსტრეფიკინგის მსხვერპლად როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ: თურქეთში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ქალები უზბეკეთიდან - და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდან - ჩართული არიან იძულებით პროსტიტუციაში საქართველოს ტერიტორიაზე. იძულებით შრომას ექვემდებარებიან როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, ხოლო საქართველოს მოქალაქეები -რუსეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წელს რეგისტრირებული იქნა ტრეფიკინგის 10 შემთხვევა, საიდანაც 4 გაიხსნა. პასუხისგებაში მიეცა 5 ადამიანი, რომლებსაც სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა ექვსიდან ცხრამეტ წლამდე. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს იდენტიფიცირებული იქნა ტრეფიკინგის 18 მსხვერპლი, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2010 წელს 19, ხოლო 2009 წელს 48 იყო, თუმცა, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მესხი ამბობს, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტატისტიკა, როგორც წესი, სრულად ვერ ასახავს რეალობას.

საქართველო თუ არის პირველ კალათაში, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ არ ვართ პირველ კალათაში ყოფნის ღირსები. მართალია, კანონმდებლობაც ყველაზე კარგი გვაქვს, თავშესაფრებიც გვაქვს ...

„იმიტომ რომ განეკუთვნება დაფარული დანაშაულის კატეგორიას, თუმცა მნიშვნელოვანია ტენდენცია: თუ ჩვენ მივადევნებთ თვალს სტატისტიკას, ვნახავთ, რომ იზრდება ამ შემთხვევების გამოვლინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ განახორციელა შესაბამისი ზომები, რაც მსხვერპლს აძლევს იმის იმედს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული გამოძიებული იქნება, დამნაშავე დაისჯება, თავად მიიღებს დახმარებას და ასე შემდეგ“, უთხრა მარი მესხმა რადიო თავისუფლებას.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2011 წლის განმავლობაში ფსიქოლოგიური კონსულტაცია და სამართლებრივი დახმარება გაეწია ტრეფიკინგის 20 მსხვერპლს. დაზარალებულებმა ასევე მიიღეს ფინანსური დახმარება 650-650 დოლარის ოდენობით, თუმცა საქართველოს წარმატებას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში გაზვიადებულად მიიჩნევს ნანა ნაზაროვა, „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, ის, რაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხდება, საქართველოს წარმატებას ეჭვის ქვეშ აყენებს:

„საქართველო თუ არის პირველ კალათაში, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ არ ვართ პირველ კალათაში ყოფნის ღირსები. მართალია, კანონმდებლობაც ყველაზე კარგი გვაქვს, თავშესაფრებიც გვაქვს და ამ თავშესაფრების დაფინანსებაც, მაგრამ ის, რაც ხდება ახლა აჭარაში, ეს „საოცრებაა“.

ნანა ნაზაროვას თქმით, ბოლო დროს თვალშისაცემად გაიზარდა აჭარაში უზბეკეთიდან ჩამოყვანილი ქალების რაოდენობა. რამდენიმე თვის წინ 15 წელი მიესაჯა ტრეფიკინგში ბრალდებულ მამაკაცს, რომელმაც მოტყუებით, ვითომდა ჩაის ფაბიკაში სამუშაოდ, უზბეკეთიდან ჩამოყვანილი ქალი ცემითა და მუქარით აიძულა პროსტიტუციაში ჩაბმულიყო. ნანა ნაზაროვას თქმით, დიდი პრობლემაა ეგრეთ წოდებული“ სმაილინგ ტრეფიკინგი“, ანუ მონობის იძულება ნაკლებად უხეში მეოთდების, მაგალითად, შანტაჟის გამოყენებით. ტრეფიკინგის ამ ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაზე სახელმწიფო მდივნის ანგარიშშიცაა ლაპარაკი. დაბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას რეკომენდაციის სახით ურჩევს, მეტი ძალისხმევა გასწიოს ტრეფიკინგის პოტენციური მსხვერპლის აღმოსაჩენად, დააფინანსოს ტრეფიკინგის პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო საზღვრის კონტროლის დროს მეტი ყურადღება მიაქციოს, საკუთარი ნებით შემოდიან თუ არა საქართველოში სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG