Accessibility links

logo-print

ტრაგედია პარიზში - მსხვერპლი და რეაქცია


პარიზელი პოლიციელები ერთ-ერთი თავდასხმის ადგილას

პარიზელი პოლიციელები ერთ-ერთი თავდასხმის ადგილას

13 ნოემბერს, გვიან ღამით, პარიზში ტერორისტული თავდასხმების შედეგად, 120-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, თუმცა საბოლოო რიცხვი ჯერ დაზუტებული არ არის. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზღვრები ჩაიკეტა. ამბავს გამოეხმაურნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს პირველი პირები. საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“, აიღო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, ამ თავდასხმებს საომარი მოქმედება უწოდა, რომელსაც, მისივე შეფასებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ უცხოეთიდან მართავს.

„ჩვენ ომის წინაშე ვართ და ქვეყანამ ამას შესაბამისად უნდა უპასუხოს“, - თქვა ოლანდმა.

ქართველი სტუდენტი ირმა ამირეზაშვილი, რომელიც პარიზში სწავლობს, ჰყვება, რომ ტერაქტების ეპიცენტრში მოხვედრას შემთხვევით გადაურჩა:

„გუშინ შემთხვევით აღმოვჩნდი ცენტრალურ სტადიონთან. დაახლოებით 9 საათზე ავტობუსით წავედი და 15 წუთში დაიწყო აფეთქებები, რომელსაც არ შევსწრებივარ, მაგრამ ავტობუსიდან დავინახე პოლიციის და პატრულის მანქანები და, შესაბამისად, ცხადი იყო, რომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. თან მთელი ღამის განმავლობაში ვერტმფრენები დაფრინავდნენ“.

ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი

აფეთქებების შემდეგ პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის საზღვრები ჩაიკეტა და პარიზში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ირმა ამირეზაშვილი ჰყვება, რომ ქალაქში უნივერსიტეტები და სკოლები დაკეტილია.

„სხვა საჯარო სამსახურები ჩვეულებრივად მუშაობს. უბრალოდ, ცენტრში, სადაც ტერაქტები მოხდა, უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, ქუჩაში ჯარისკაცები არიან და პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა“.

აფეთქებები პარიზში დაიწყო 13 ნოემბერს, გვიან ღამით, ცენტრალურ სტადიონზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროს, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, ესწრებოდა. ექვსი აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა სტადიონთან, ბატალკანის საკონცერტო დარბაზთან და პარიზის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაწილებში, კაფეებსა და რესტორნებთან. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ეს ევროპაში მომხდარი ყველაზე დიდი ტერაქტია 2004 წელს მადრიდში მატარებლის აფეთქების შემდეგ, სადაც 191 ადამიანი დაიღუპა.

ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში...

საფრანგეთში მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. წერილობით განცხადებაში ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა:

„ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება, მთლი ცივილიზებული მსოფლიოს ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო, მეორე მხრივ, გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების, ტერორიზმის, წინააღმდეგ“.

ასევე წერილობით მიუსამძიმრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და ფრანგ ხალხს და პარიზში მომხდარს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული უწოდა:

„ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს, ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში“.

განცხადება გაავრცელა საქართველოს მუფთმა, ბეგლარ ქამაშიძემაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისლამი არ არის მოძალადე რელიგია და გმობს ყველანაირ ტერორიზმსა და ძალადობას. მისივე თქმით, არც ერთ მორწმუნეს არ სიამოვნებს, როცა ასეთ დანაშაულს ისლამის სახელით სჩადიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, პარიზის ტერაქტების შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტზე, ასევე სტრატეგიულ ობიექტებზე გამკაცრდა.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საფრანგეთისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქციის გამართვას აპირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG