Accessibility links

logo-print

თბილისში 13 ივნისს მომხდარმა ტრაგედიამ ასობით ადამიანი დააზარალა. ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოხალისე რამდენიმე დღის განმავლობაში დილიდან საღამომდე მუშაობდა დაზარალებულთა დასახმარებლად და დატბორილი ტერიტორიის გასაწმენდად. ივნისის ბოლოდან ამ ამბავს მოყოლილი ვნებათაღელვა თითქოს შეწყდა, მაგრამ სექტემბრის დასაწყისში თბილისმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ტრაგედიის გმირები. პროექტმა, სახელწოდებით „თბილისი - ყველა ერთისთვის“, ქალაქს ივნისში დატრიალებული ტრაგედია კიდევ ერთხელ შეახსენა.

ძველი სამუშაო ტანსაცმლით, ჭუჭყიანი, დაღლილი სახეებით, ობიექტივისკენ მიმართული თვალებით, თბილისის ქუჩებში ორასამდე ადამიანის პორტრეტია გამოკრული. მოზრდილი ფოტოები გამვლელების ყურადღებას ადვილად იქცევს - მელიქიშვილის გამზირზე, თაღთან, რომლის ორივე მხარესაც ოცდათექვსმეტ-ოცდათექვსმეტი ასეთი პორტრეტია, გამვლელები სვლას ოდნავ ანელებენ, ხანდახან რამდენიმე წამით ჩერდებიან და სურათს ინტერესით აკვირდებიან, ცდილობენ გამოიცნონ, რა ხდება. ვერსიები სხვადასხვაგვარია:

- საერთოდ ვერ ვხვდები, რა ხდება.
- აქ სადმე საავადმყოფო ხომ არ არის?
- სხვადასხვა თაობაა, ალბათ, ხომ? სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანები...

ფოტოგამოფენა

ფოტოგამოფენა

თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ფოტოების აქ გამოკვრის მიზეზს იგებენ, მათი რეაქცია იცვლება: „დატანჯული სახეები აქვთ“, „მთავრობაზე მეტი ამ ხალხმა გააკეთა“, „ჩვენი გმირები არ უნდა დაგვავიწყდესო“, ამბობენ.

ამ პორტრეტების პირველად ნახვისას იმის მიხვედრა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, საკმაოდ რთულია. სტანდარტულ - ზომით ორი სამზე - ფოტოებში არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ გამოსახულების მიღმა რეზინის ჩექმებით, პირბადეებით, ხელთათმანებითა და ნიჩბებით აღჭურვილი ათასობით ადამიანი ცამეტ ივნისს დატბორილი თბილისის ცენტრის ტალახისგან გაწმენდას ცდილობს. ფიქრია გოგინაშვილი, ფოტოგრაფი, რომელმაც ეს ფოტოები გადაიღო, ამბობს, სწორედ ეს განასხვავებს ამ პორტრეტებს სხვა უამრავი ფოტოსგან, რომლებიც ივნისის წყალდიდობის შემდეგ გამოქვეყნდაო.

„ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ფორმა, რომ ადამიანური ტრაგედია აჩვენო არა მოვლენებით - როგორ ინგრევა, როგორ იღუპებიან, როგორ კარგავენ. ჩვენ, ფოტოგრაფებმა, ძალიან კარგად ვიცით, როგორ კეთდება ფოტოისტორია, რეპორტაჟული ფოტო, მაგრამ გადმოსცე ამბავი ადამიანების სახეებით ძალიან კარგი გამომხატველობითი ფორმაა. ჩვენ სახეზე გვაწერია ის, რაც ვართ“.

ამდენი ადამიანის სამუშაოდან მოწყვეტა ერთი პორტრეტის გადასაღებად, ჩვეულებრივ, ადვილი არ არისო, ამბობს ფიქრია გოგინაშვილი, თუმცა ივნისში, როდესაც ამ ფოტოებს იღებდა, სულ სხვაგვარად მოხდა: „ყველა ადამიანი, ვისაც გავესაუბრე, ფაქტობრივად, გამონაკლისის გარეშე, დამთანხმდა გადაღებაზე“. მას შემდეგ კი, რაც პროექტის მიზნის შესახებ იგებდნენ, გადასაღებად სხვა მოხალისეებიც კი მოჰყავდათ.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ ან რას ვაკეთებთ - ბუნებას შეუძლია ყველაფერი გაანადგუროს, რასაც ვგეგმავთ და რისთვისაც ვიბრძვით... მაგრამ სტიქიამ ხალხი გააერთიანა: განსხვავებული ღირებულებების, ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანები - ყველა ერთად ქალაქის აღდგენას ცდილობდა...

„ერთი ყველასათვის“ - ასე დაარქვა პროექტს იდეის ავტორმა რეზი პეტრიაშვილმა. ის ერთ-ერთია, ვინც 13 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ დააზარალა. ხორცპროდუქტების ქარხანა, სადაც ის მარკეტინგის ხელმძღვანელია, მდინარე ვერემ ერთიანად დატბორა, რის შემდეგაც ის სხვა მოხალისეებთან ერთად მუშაობდა, რომ ტერიტორია ნაგვისა და ტალახისგან გაეწმინდათ:

„ამ 150 პორტრეტით მინდოდა იქ შეკრებილთა ემოციისა და მუხტის გადმოცემა. მართალია, პირველ დღეებში ამისთვის არც არავის ეცალა და პორტრეტების შეგროვება ბოლო დღეებში დავიწყეთ, მაგრამ ამ ფოტოებით გადმოვეცით ყველა იქ შეკრებილის მუხტი და ერთობა“.

მართალია, ფოტოები თბილისის ქუჩებში 5 სექტემბერს გამოიკრა, მაგრამ მუშაობა ივნისიდან დღემდე გრძელდება. ფოტოების გადაღებას, შერჩევას, დაბეჭდვას, ქალაქში ოთხ ადგილას მათი გაკვრის ნებართვის მოპოვებას ორ თვეზე მეტი დასჭირდა. როგორც რეზი პეტრიაშვილი ამბობს, კარგიცაა, რადგან დღეს, როცა წყალდიდობის შემდგომი ვნებათაღელვა მინელებულია, ქალაქის მცხოვრებლები 13 ივნისის ამბავს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. ფოტოების ქვეშ პატარა წარწერაც გამვლელებს ამას ამცნობს:

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ ან რას ვაკეთებთ - ბუნებას შეუძლია ყველაფერი გაანადგუროს, რასაც ვგეგმავთ და რისთვისაც ვიბრძვით... მაგრამ სტიქიამ ხალხი გააერთიანა: განსხვავებული ღირებულებების, ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანები - ყველა ერთად ქალაქის აღდგენას ცდილობდა“.

მსგავსი პროექტი რეზი პეტრიაშვილს ადრეც გაუკეთებია. რამდენიმე თვის წინ მელიქიშვილის გამზირზე კედელზე ჩამომწკრივებულ პორტრეტებს წააწყდებოდით, სადაც გამოსახულ ადამიანებს თვალებზე ხელი ჰქონდათ აფარებული. პროექტი, სახელწოდებით Eyes Wide Shut, ანუ „ფართოდ დახუჭული თვალები“, რუსულ ოკუპაციას ეხმიანებოდა.

ფოტოგამოფენა

ფოტოგამოფენა

ეს ორივე წამოწყება ნაწილია საერთაშორისო პროექტისა Inside Out, ანუ „თავდაყირა“. 2011 წელს წამოწყებული ეს კამპანია აერთიანებს ხელოვანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რათა მათ თავიანთი სათქმელი ქუჩაში გამოკრული დიდი პორტრეტებით თქვან:

როგორც რეზი პეტრიაშვილი ამბობს, მისი მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინოს მთელ მსოფლიოში: „რომ საშუალება გვქონდეს, აქედან გამომდინარე, ეს ამბავი ბევრმა ხალხმა გაიგოს და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სხვა ადამიანებმა გამოცდილება გაგვიზიარონ“.

მას უნდა ამ ფოტოებით სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაამახვილოს ყურადღება. სტიქიამ ჩვენი თაობის ადამიანები გააერთიანაო, ამბობს და ფიქრობს, რომ ამ მაგალითზე პატარებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, რა არის ქალაქი, ნებისმიერი პრობლემა თუ სიხარული და ეს ყველაფერი ერთად გაიზიარონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG