Accessibility links

logo-print

ჟურნალისტები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევების შედეგებს გაეცნენ


ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ბაკურიანში

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ბაკურიანში

ბაკურიანში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ამ ტრენინგში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ჟურნალისტებთან იმის შესახებ საუბრობდნენ, თუ რა პრობლემებია საქართველოში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები უძრავი ქონების რეესტრში ინფორმაციის მოძიებაზე, სასამართლოებში დანერგილი სიახლეების შესახებ. ნაჩვენები იყო ფილმი „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“. ჟურნალისტები „გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ სასამართლო მონიტორინგის შედეგებს გაეცნენ. „ალია ჰოლდინგის“ იმერეთის ბიუროს და რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრიდან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღო, რაც შემდგომ საქმიანობაში გამოადგება.

„გურიანიუსის“ ჟურნალისტი ტატო ცეცხლაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში სამართლებრივ განათლებას არ აძლევენ და მოგვიანებით უკვე ასეთი სახის ტრენინგებსა და სემინარებზე იღებენ ისინი თავიანთთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მისი აზრით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ მიმართულებით მედიის წარმომადგენლებს ძალიან ეხმარება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მედიაანალიტიკოსებმა მამუკა ანდღულაძემ და მატიას ჰუტერმა არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრეს და ჟურნალისტებს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების შესახებ პრაქტიკული რჩევები მისცეს. ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კოლეგებს მედიაში მიმდინარე პროცესებსა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების ჟურნალისტებთან ურთიერთობის საკითხებზე ესაუბრა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა ლობჟანიძე ბაკურიანის შეხვედრას ტრენინგს არ უწოდებს, აქ, მისი აზრით, ორგანიზაციამ და მედიის წარმომადგენლებმა უფრო გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მედიის წარმომადგენლებისთვის საკუთარი კვლევებისა და ანგარიშების წარდგენას მომავალშიც აპირებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია მომავალი თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტების წინადადებებსაც ელოდება.
XS
SM
MD
LG