Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ამართლებს მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეების აშშ-ში შეშვების დროებით აკრძალვას


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იცავს თავის განკარგულებას შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შეშვების დროებით აკრძალვის შესახებ და ირწმუნება, რომ ეს არ არის „მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული აკრძალვა“. როგორც ტრამპმა 29 იანვარს განაცხადა, შეერთებული შტატები ვიზების გაცემას განაახლებს მას შემდეგ, რაც ამოქმედდება „ყველაზე უსაფრთხო პოლიტიკური ზომები“.

დონალდ ტრამპის განკარგულება დაიცვა თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რეინს პრიბუსმა. პრიბუსმა ტელეკომპანია „ენბისის“ ეთერში თქვა, რომ აშშ-ის აეროპორტებში არ სუფევს ქაოსი, სადაც 28 იანვარს ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქციები. მისი თქმით, 28 იანვარს აშშ-ში შესული 325 ათასი ადამიანიდან 109 დააკავეს.

ტრამპმა შეერთებული შტატების „უცხოელი ტერორისტებისაგან“ დაცვის დაპირებით, 27 იანვარს ხელი მოაწერა აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამის 120 დღით შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით სირიელი ლტოლვილების მიღებაზე უარს და 90 დღით იმიგრაციაზე უარს უმეტესწილად მუსლიმებით დასახლებული შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამ ნაბიჯს მოჰყვა საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებსა და უცხოეთში. დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანებულება გააკრიტიკეს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ის „არ ეთანხმება“ აკრძალვებს და ის აშშ-ს პასუხს მოსთხოვს, თუკი აკრძალვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხება. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის თქმით, მერკელს მიაჩნია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა „არ ამართლებს კონკრეტული წარმომავლობისა და კონკრეტული სარწმუნოების ხალხის ზოგადად ეჭვქვეშ დაყენებას.“ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 28 იანვარს ტვიტერით დაწერა, რომ კანადელები სიამოვნებით მიიღებენ მათ, ვინც დევნას, ტერორსა და ომს გაურბის, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა.

ტრამპის გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს ამერიკელი კონგრესმენების ნაწილიც. ამასობაში, რამდენიმე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ვიზების მფლობელი უცხოელების დეპორტაციის შეჩერების შესახებ და აშშ-ის 16 შტატის გენერალურმა პროკურორებმა პირობა დადეს, რომ მიმართავენ ზომებს, რათა ტრამპის განკარგულება არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG