Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და ლონდონის მუსლიმი მერი


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

10 მაისს დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია შეერთებული შტატების წინასაარჩევნო მარათონში. ამერიკელმა მილიარდერმა, რომელმაც ყველა კონკურენტი ჩამოიცილა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში, მხარდაჭერა მოიპოვა კიდევ ორ შტატში - დასავლეთ ვირჯინიასა და ნებრასკაში - გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში. ამ წარმატებების მიუხედავად, ტრამპს თანაპარტიელებს შორის იმდენად ბევრი და იმდენად ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომ არა აქვს გარანტირებული ივლისში რესპუბლიკელების ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაცია.

ტრამპისაგან განსხვავებით, დასახულ პოლიტიკურ მიზანს უკვე მიაღწია სადიყ ხანმა, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრმა, რომელიც გასულ კვირაში ლონდონის მერად აირჩიეს. ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ეს ორი პოლიტიკოსი ერთგვარ პოლემიკაშია ჩართული.

შეერთებული შტატების წინასაარჩევნო ბრძოლაში დონალდ ტრამპის გახმაურებული განცხადებებიდან, რომლებსაც, მაგალითად, ქალებისადმი შეურაცხმყოფელი და რასისტული გამონათქვამები მიეკუთვნება, ერთ-ერთი გამორჩეული იყო შემდეგი მოწოდება: „დონალდ ტრამპი გამოთქვამს მოწოდებას, შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარი ეთქვას უკლებლივ ყველა მუსლიმს, სანამ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გაარკვევენ, რა ჯანდაბა ხდება“.

მინდა, რომ დონალდ ტრამპი ჩამოვიდეს აქ, ლონდონში, ისლამის მიმდევარი ლონდონელების გასაცნობად, ჩვენი დიდებული ქალაქის დასათვალიერებლად და იმ ბრიტანელების გასაცნობად, ვინც წარმატებულია...
სადიყ ხანი

დონალდ ტრამპის ამ მოწოდებას, რომლითაც ის შარშან დეკემბერში გამოვიდა, მხარდამჭერებისაგან მოწონება მოჰყვა, მაგრამ ხმაურიანი იყო კრიტიკაც, რომელიც მუსლიმებმა, უფლებადამცველებმა და ზომიერმა პოლიტიკოსებმა გამოთქვეს.

გამოხდა ხანი და სულ რამდენიმე დღის წინ, 5 მაისს, მუსლიმი აირჩიეს მერად დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, ლონდონში. 45 წლის სადიყ ხანი, პაკისტანელი იმიგრანტების შვილი, პირველი მუსლიმია, რომელიც მერი გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქში. ბრიტანეთი კი, როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებს მიეკუთვნება.

რას ფიქრობს დონალდ ტრამპი სადიყ ხანზე? ამ საკითხზე მას გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ესაუბრა და გაავრცელა ცნობა, რომ ტრამპი მზად არის გამონაკლისი დაუშვას ლონდონის მერისათვის, ანუ, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმია, მიემხროს შეერთებულ შტატებში მის ჩასვლას. გამონაკლისები ყოველთვის იარსებებსო, უთქვამს ტრამპს „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“, თუმცა, როგორც ირკვევა, სადიყ ხანს სულაც არ სურს, გამონაკლისი იყოს ...

„ჩემი აზრით, დონალდ ტრამპი ავლენს უვიცობას ისლამის შესახებ. ეს მარტო მე არ მეხება. იცით, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მე გამონაკლისი ვარ ამ წესიდან, მაგრამ თუ მუსლიმი ხარ, მსოფლიოს რომელი კუთხიდანაც უნდა იყო, ვერ ჩახვალ შეერთებულ შტატებშიო. მე კი ვფიქრობ, რომ არსებობს ბევრი მუსლიმი, ვისაც სურს ამერიკაში ჩასვლა დისნეილენდში წასასვლელად, ვინც ბიზნესმენია და სურს ამერიკაში ბიზნესის კეთება, ან არის ხალხი, ვისაც ამერიკაში სწავლა სურს. ჩვენ ხუთშაბათს დავამტკიცეთ აქ, ლონდონში, რომ შესაძლებელია იყო უმრავლესობის წევრი მუსლიმი და იყო დასავლელი - ყოველ შემთხვევაში, თავსებადი ცხოვრების დასავლურ წესთან. ჩემი სათქმელი დონალდ ტრამპისათვის არის: ჩემთვის გამონაკლისს კი ნუ დაუშვებ, არამედ შეიცვალე შეხედულება ისლამზე“, -

განაცხადა ლონდონის ახალმა მერმა 10 მაისს ტელეარხ itv News-თან საუბრისას.

„მინდა, რომ დონალდ ტრამპი ჩამოვიდეს აქ, ლონდონში, ისლამის მიმდევარი ლონდონელების გასაცნობად, ჩვენი დიდებული ქალაქის დასათვალიერებლად და იმ ბრიტანელების გასაცნობად, ვინც წარმატებულია, მუსლიმი ბრიტანელი ბიზნესმენია, ისლამის მიმდევარი წარმატებული ბრიტანელი მუსიკოსია, გაიცნოს ისლამის მიმდევარი წარმატებული ბრიტანელი ექიმები და გააცნობიეროს, რომ შესაძლებელია იყო დასავლელი და იყო მუსლიმი. სხვათა შორის, არიან ამერიკელებიც, რომლებიც მუსლიმები და წარმატებულნი არიან და კარგი იქნება, თუ ტრამპი მათაც გაიცნობს“, - ამბობს სადიყ ხანი.

სადიყ ხანი
სადიყ ხანი

​თავად სადიყ ხანი მართლაც წარმატებული მუსლიმია. პაკისტანელი იმიგრანტების - ავტობუსის მძღოლისა და მკერავის - შვილმა ლონდონში იურისტის განათლება მიიღო და გასული კვირის არჩევნებში, რომელსაც ლონდონის ახალი მერის ვინაობა უნდა გაერკვია, ხმების 57 %-ით გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ სადიყ ხანმა, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, შთამბეჭდავი უპირატესობით დაამარცხა კონსერვატორი მეტოქე, მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენის შვილი ზაკ გოლდსმიტი. ლონდონის მერის პოსტზე მან ქარიზმატული ბორის ჯონსონი შეცვალა.

ჟურნალ „ტაიმთან“ სადიყ ხანმა გამოთქვა შეერთებულ შტატებში ჩასვლის სურვილი, რათა გაეცნოს საინტერესო პროექტებს, რომლებსაც ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში ახორციელებენ, თუმცა საამისოდ იანვრამდე მომიწევს ჩასვლა, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებსო.

სადიყ ხანი ერთადერთი არ არის, ვისაც ტრამპის პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივა აშინებს, თუნდაც შემდეგი არგუმენტით: „მაშფოთებს ის, რომ დონალდ ტრამპი ექსტრემისტების წისქვილზე ასხამს წყალს - იმ ხალხის, ვინც ამბობს, რომ ერთმანეთთან თავსებადი არ არის იყო დასავლელი და იყო მუსლიმი. ვფიქრობ, ლონდონმა ადგილობრივ არჩევნებზე ხუთშაბათს აჩვენა, რომ თავსებადია“, - ამბობს ლონდონის პირველი მუსლიმი მერი, სადიყ ხანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG