Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი გაეროს რეფორმას მოითხოვს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციამდე ორიოდე კვირა რჩება და მსოფლიოში მზარდ ინტერესს იწვევს, რა შეიცვლება აშშ-ის პოლიტიკაში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ. ცნობილია, მაგალითად, რომ დონალდ ტრამპი მსოფლიოში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს, რეფორმას მოითხოვს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს გაეროს რეფორმას, ცვლილებებს, რათა ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტიანი იყოს გლობალურ პრობლემებზე რეაგირებისას. ამის შესახებ 4 იანვარს განაცხადა დონალდ ტრამპის პრესმდივანმა შონ სპაისერმა. მან ახსენა დიდი ფინანსური წილი, რომელიც გაეროს ბიუჯეტში შეერთებულ შტატებზე მოდის. რეფორმა უნდა განხორციელდეს, რათა გადასახადებით მიღებული დოლარები უფრო ეფექტიანად იქნეს გამოყენებულიო, განაცხადა ტრამპის პრესმდივანმა.

დონალდ ტრამპი გაეროს რეფორმას მოითხოვს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00
გადმოწერა

მართლაც, შეერთებული შტატები გაეროს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდ თანხას იხდის ორგანიზაციის დასაფინანსებლად: გაეროს ძირითადი, 5,4 მლრდ დოლარის ბიუჯეტის 22 %-სა და გაეროს სამშვიდობო ოპერაციებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის (7,9 მლრდ დოლარი) 28 %-ს. წარსულში, როცა გაეროში ესა თუ ის საკითხი დავას იწვევდა, - მაგალითად, პალესტინელების ტერიტორიაზე ისრაელის დასახლებების საკითხი, - აშშ-ის რესპუბლიკელ პრეზიდენტებს არაერთხელ გამოუთქვამთ მუქარა, რომ შეამცირებდნენ გაეროს დაფინანსებას.

თვითონ დონალდ ტრამპმა ორიოდე კვირის წინ გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციისათვის, რომელიც ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მშენებლობა. ჩემი მმართველობის პერიოდში ვითარება შეიცვლებაო, განაცხადა ტრამპმა, რომელიც ისრაელს ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციაზე უფრო მტკიცე მხარდაჭერას ჰპირდება.

თუმცა ტრამპი უფრო ზოგადადაც აკრიტიკებს გაეროს, რომელიც, მისი აზრით, ბევრს ვერაფერს აკეთებს გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად. გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ვერ იყენებს თავის პოტენციალსო, - უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა გასულ კვირაში ფლორიდაში. მოგვიანებით აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ეს მოსაზრება სოციალურ ქსელ ტვიტერშიც დაწერა, რაზეც მას გაეროს ახალი ლიდერი, ანტონიო გუტერეში, გამოეხმაურა გენერალურ მდივნად მუშაობის პირველივე დღეს, 3 იანვარს. „გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. ჩემი მოვალეობაა იმაზე ზრუნვა, რომ ეს პოტენციალი რეალიზებული იქნეს“, წერს გუტერეში სოციალურ ქსელში.

გაეროს ახალი გენერალური მდივანი იმავე დღეს გაკეთებული განცხადებით შეეხო გაეროს მოსალოდნელი რეფორმის თემასაც: „ძლიერია სკეპტიკური დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლის შესრულება შეუძლია გაეროს. და ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიამაყოთ იმით, რასაც ვაკეთებთ, როგორც გაერო, ვაღიაროთ ჩვენი მიღწევები. და, ამავე დროს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ შეგვწევდეს უნარი, მოვახდინოთ გაეროს განვითარების სისტემის რეფორმა, როგორც ამას წევრი ქვეყნები გვთხოვენ“, - უთხრა ანტონიო გუტერეშმა, პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თანამშრომლებს გაეროს გენერალურ მდივნად მუშაობის პირველ დღეს, 3 იანვარს.

4 იანვარს კი მან დონალდ ტრამპს დაურეკა მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციის გეგმებზე სასაუბროდ. დისკუსია „ძალიან პოზიტიური იყო“, - განაცხადა გაეროს პრესმდივნის მოადგილემ, ფარჰან ჰაყმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG