Accessibility links

logo-print

აშშ-ში მოითხოვენ ტრამპის შესახებ გამოძიების გასაჯაროებას


დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გუნდი მოითხოვს, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაასაჯაროოს ინფორმაცია რუსეთთან დონალდ ტრამპის კავშირის გამოძიების თაობაზე.

ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა რობი მუკმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ საუბრის დროს დასვა კითხვა: რატომ არ ქვეყნდება ინფორმაცია რუსეთთან დონალდ ტრამპის კავშირზე გამოძიების შესახებ, თუ გასულ კვირაში საჯაროდ ითქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება კლინტონის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებული ახალი მასალების გამო? გასულ კვირაში, კერძოდ, 28 ოქტომბერს, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 11 დღით ადრე, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ სააგენტო კლინტონის ელექტრონული ფოსტის ახალ შეტყობინებებს სწავლობს. მართალია, ამ ცნობით არც კი მიანიშნებენ, რომ კლინტონმა კანონი დაარღვია, მაგრამ ტრამპმა და სხვა რესპუბლიკელებმა მაშინვე აიტაცეს ჯეიმს კომის განცხადება და გაააქტიურეს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის კრიტიკა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან, უმრავლესობის შედეგებით, ჰილარი კლინტონი მაინც უსწრებს რესპუბლიკელ მეტოქეს, მაგრამ გამოკითხვები იმასაც ცხადყოფს, რომ ჯეიმს კომის განცხადება უარყოფითად აისახა კლინტონისადმი მხარდაჭერაზე. თავად კლინტონმა ჯეიმს კომის ნაბიჯს – გამოძიებაზე ინფორმაციის გასაჯაროებას – „ძალიან საგანგაშო“ უწოდა, ხოლო კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს მოუწოდა, ერთნაირად მოექცეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს.

„იცით, წერილს, რომელიც (ჯეიმს კომიმ) გამოაქვეყნა, რესპუბლიკელების მხრიდან გაუთავებელი სპეკულაციები მოჰყვა, რაზეც ცნობები ვრცელდება. ამიტომ მარტო იმას ვითხოვთ, რომ სამართლიანობისათვის (სხვა) ინფორმაციაც გამოქვეყნდეს. გაავრცელე ყველა ცნობა, რომელიც შენს ხელთაა და თუ დაწყებული გაქვს პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებულ გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება, გაავრცელე ყველაფერი დონალდ ტრამპის შესახებ! გაავრცელე ინფორმაცია რუსებთან მის კავშირებზე! შესაძლოა, მიმდინარეობდეს გამოძიება მისი გადასახადების შესახებაც“, – აღნიშნა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა „სი-ენ-ენთან“ საუბრისას.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო წინასწარი გამოძიება ბრალდებების გამო, რომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს, ან მასთან დაახლოებულ პირებს, შესაძლოა, საეჭვო გარიგებები აკავშირებდეთ რუსეთის წარმომადგენლებთან ან კომპანიებთან. მაგრამ საკითხის წინასწარი შესწავლისას ვერ იპოვეს სამხილები სრული გამოძიების დასაწყებად. საყურადღებოა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ გაუკეთებია საჯარო განცხადება ამ თემაზე...

„გუშინ შემაძრწუნა იმან, რომ ყოველთვის, როცა ხალხი კითხვებს სვამდა დონალდ ტრამპთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ, ისინი ხმას არ იღებდნენ და დუმდნენ. ციტატებს იშველიებდნენ, ზუსტად იცავდნენ პროტოკოლს. არადა, როცა საქმე ჰილარი კლინტონს ეხება – ამას არ აკეთებენ. ჩვენ არ შეგვიქმნია ეს პრობლემა! ჯეიმს კომიმ გამოაღო ეს კარი და მას, უბრალოდ, ვთხოვთ, სწორი ნაბიჯი გადადგას და ყველას ერთნაირად მოექცეს“, – განაცხადა კლინტონის საარჩევნო კამპანიის მენეჯერმა „სი-ენ-ენთან“ საუბრისას.

ამასობაში, დოლარის კურსსა და მსოფლიოს საფონდო ბირჟებზეც აისახა – დოლარისა და აქციების გაიაფებით აისახა – აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანიის გამწვავება.

ინვესტორებში ბოლო პერიოდში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ 8 ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ადვილად დაამარცხებდა რესპუბლიკელ მეტოქეს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ჰილარი კლინტონი რამდენიმე პროცენტით უსწრებდა დონალდ ტრამპს, მაგრამ სხვაობა შემცირდა კლინტონის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის 28 ოქტომბრის განცხადების შემდეგ. თუ „როიტერსის“ მონაწილეობით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კლინტონი მაინც ლიდერობს (5%-ით), ზოგიერთი გამოკითხვა დონალდ ტრამპის თითქმის ორპროცენტიან უპირატესობას აჩვენებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG