Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 9 აგვისტოს გააკეთა მორიგი განცხადება, რომელსაც მძაფრი გამოხმაურება და ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა. ერთნი ამბობენ, რომ ტრამპი, ფაქტობრივად, ჰილარი კლინტონზე თავდასხმისაკენ მოწოდებით გამოვიდა, მეორენი გაზვიადებულად მიიჩნევენ ასეთ შეფასებას. მაინც რა თქვა დონალდ ტრამპმა?

სანამ საკუთრივ ამ განცხადებას გაგაცნობდეთ, ერთი განმარტება: შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეორე შესწორებით, ამერიკელებს აქვთ იარაღის ტარების უფლება. როგორც ცნობილია, ეს, თავისთავად, საკამათო თემაა და საკამათოა შეერთებულ შტატებში ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც. დონალდ ტრამპი იარაღის ფლობის თავგამოდებულ მომხრედ ითვლება, განსხვავებით ჰილარი კლინტონისაგან. 9 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტად კლინტონის არჩევის შემთხვევაში, ის - კლინტონი - მიიღებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ კი შესაძლოა გააუქმოს იარაღის ტარების უფლება, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებით არის დაცული.

„ჰილარის სურს გააუქმოს კონსტიტუციის მეორე შესწორება, სხვათა შორის ... (უკმაყოფილო შეძახილები დარბაზში) და თუ სურვილისამებრ აირჩევს მოსამართლეებს, თქვენ, ხალხო, ვერაფერს შეძლებთ! თუმცა, მეორე შესწორების მხარდამჭერებო, იქნებ შეძლოთ კიდეც... არ ვიცი. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: ეს იქნება საშინელი დღე“, - განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარე ქალაქ უილმინგტონში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს. ჰილარი კლინტონის გუნდმა მის განცხადებას „სახიფათო“ უწოდა. „ადამიანი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობისაკენ მიისწრაფვის, არანაირი ფორმით არ უნდა გამოდიოდეს ძალადობისაკენ მოწოდებით“, - ნათქვამია კლინტონის საარჩევნო კამპანიის განცხადებაში.

ტრამპის გამოსვლას კრიტიკით გამოეხმაურა მისი თანაპარტიელი პოლ რაიანიც - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე.

„გავიგე მეორე შესწორების შესახებ ამ განცხადებაზე. ცუდ ხუმრობას ჰგავს. იმედი მაქვს, ტრამპი ძალიან მალე გააკეთებს განმარტებას. ასეთ რამეზე არ უნდა იხუმრო“, - აღნიშნა პოლ რაიანმა 9 აგვისტოს, მშობლიურ ქალაქ ჯეინსვილში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ტრამპის განმარტებას... კერძოდ, მისი გუნდის განმარტებით, დონალდ ტრამპმა მეორე შესწორების მომხრეებს, უბრალოდ, მოუწოდა მას დაუჭირონ მხარი, მის გარშემო გაერთიანდნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეს იყო და ეს! ტრამპის ცნობილი მხარდამჭერი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი, რუდი ჯულიანი სულაც მედიას ადანაშაულებს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის განცხადების გარშემო აყალ-მაყალის ატეხაში. მისი თქმით, პრესა, ზოგადად, უმეტესწილად, ჰილარი კლინტონის მხარესაა და ყველა ღონეს ხმარობს დონალდ ტრამპის კანდიდატურის ჩასაგდებად.

არადა, ტრამპის გამოსვლაზე არა მარტო ტრადიციული მედიასაშუალებების, არამედ სოციალური მედიის გამოხმაურებითაც თუ ვიმსჯელებთ, ბევრმა გაიგო მისი სიტყვები, ფაქტობრივად, კლინტონზე თავდასხმისაკენ მოწოდებად.

ჯერ კიდევ ამ ბოლო, გახმაურებულ, განცხადებამდე, აშშ-ის უშიშროების საკითხების 50-მა რესპუბლიკელმა ექსპერტმა უაღრესად კრიტიკული განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის შესახებ: მას უწოდა ადამიანი „მტკიცე ხასიათის, ღირებულებებისა და გამოცდილების გარეშე“ და გამოთქვა შეშფოთება პრეზიდენტად მისი არჩევის შესაძლებლობის გამო. „დარწმუნებული ვართ, რომ ის სახიფათო პრეზიდენტი იქნებოდა და საფრთხეში ჩააგდებდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 8 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა გაზეთმა „ნიუ-იორკ-ტაიმსმა“. ხელმომწერებს შორის არიან უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელები და პრეზიდენტის მრჩევლები.

შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ამ ეტაპზე ჰილარი კლინტონი დამაჯერებელი უპირატესობით უსწრებს დონალდ ტრამპს. საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG