Accessibility links

logo-print

რუსების 83% მთავრობის საგარეო კურსს დადებითად აფასებს


გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ჩატარებული ტრანსატლანტიკური ტენდენციების მე-13 ყოველწლიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა - 53% - პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება. ევროპელებში კი მისი საგარეო პოლიტიკა გამოკითხულთა 69% მოსწონს.

ევროპელებს შორის შეხედულებებში ყველაზე დიდი განსხვავება ტრანსატლანკიკური ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით გამოიკვეთა. ევროპელების 50%-ს სურს საკუთარმა ქვეყანამ ამერიკისგან უფრო დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩიოს. ეს მაჩვენებელი შარშანდელ გამოკითხვაში 42% იყო.

ამერიკელების 71% რუსეთს უარყოფითად აფასებს და მათ ევროპელების 68% ეთანხმება. გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ დასავლეთმა უკრაინას მეტი დახმარება უნდა გაუწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს რუსეთთან. გამოკითხული ამერიკელების 68% თანახმაა უკრაინა ნატოში გაწევრიანდეს, ხოლო ევროპელების 52% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

რუსეთში გამოკითხვა უკრაინაში მალაიზიის ავიაზახების თვითმფრინავის ჩამოგდებამდე ჩატარდა. გამოკითხული რუსების 53%-ს მიაჩნია, რომ მოსკოვმა უკრაინაზე პოლიტიკური გავლენა უნდა შეინარჩუნოს.

ევროკავშირში გამოკითხული მოსახლეობის 56%-ს სურს, რომ ამერიკამ მსოფლიო პოლიტიკაში უფრო აქტიური როლი ითამაშოს. ამ მიმართულებით შარშანდელ გამოკითხვასთან შედარებით, განსხვავება თითქმის არ არის. ევროპელების 67% ამერიკას დადებითად აფასებს. შარშან ეს მაჩვენებელი 70% იყო. ამერიკის შეფასებაში ყველაზე დიდი განსხვავება გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ამერიკაზე დადებითი წარმოდგენა გამოკითხულთა 58%-ს აქვს. შარშანდელთან შედარებით ეს 10%-იანი ვარდნაა.

ევროპელების 61%-ს და ამერიკელების 58%-ს მიაჩნია, რომ ნატო „ჯერ ისევ მნიშვნელოვანი ალიანსია.“

რუსეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ევროპელებისგან განსხვავებული შედეგები დააფიქსირა. გამოკითხულთა 81% უარყოფითად აფასებს ამერიკის წამყვან როლს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს შარშანდელთან შედარებით 17%-იანი მატებაა. 62%-ს იგივე შეხედულება ევროპის ქვეყნების მიმართ აქვს. გამოკითხული რუსების 86 პროცენტი არ ეთანხმება პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკას, ხოლო 83% კი დადებითად აფასებს საკუთარი მთავრობის საგარეო პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG