Accessibility links

logo-print

ტრანსგენდერი ქალების ხმა უფლებებისთვის


„ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის“ პრესკონფერენცია

„ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის“ პრესკონფერენცია

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ტრანსგენდერ ქალს ბრალდებულმა 14 ოქტომბერს, ორთაჭალაში, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. სასამართლო სხდომის პარალელურად, ტრანსგენდერი ქალებისა და ლგბტ აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა საქალაქო სასამართლოსთან. ისინი დანაშაულის მოტივსა და სამართალდამცავთა გულგრილობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, არაფერი თქმულა სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე. ბრალდების მხარეს არც დაზარალებულის, ტრანსგენდერი ქალის, გენდერული იდენტობის შესახებ უთქვამს რამე, რომელიც მეექვსე დღეა უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ის, რომ სასამართლომ და ბრალდების მხარემ გვერდი აუარა დაზარალებულის გენდერული იდენტობის აღნიშვნას, მიუღებელი აღმოჩნდა იმ ლგბტ აქტივისტებისა და ტრანსგენდერი ქალებისათვის, რომლებმაც, პროცესის პარალელურად, სასამართლო შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ორგანიზაცია „ლგბტ საქართველოს დირექტორი“ ბექა გადაბაძე ფიქრობს, რომ, საქმეში გენდერული იდენტობის ხაზგასმის შემთხვევაში, მოსამართლე პროცესს სხვაგვარად წარმართავდა:

„თუკი ეს შტრიხი იქნებოდა წარმოდგენილი, მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე უფრო სიღრმისეულად დაიწყებდა მსჯელობას ზუსტად გენდერულ მოტივთან დაკავშირებით. ბრალდება, თავიდან ბოლომდე, დაეყრდნო ბრალდებულის ჩვენებას, რადგან დაზარალებული კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და, შესაბამისად, ის ჩვენებას ვერ მისცემდა“.

უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო იმისათვის, რომ სწორი დასკვნა გავაკეთოთ. ჯერ ძალიან ნაადრევია, რომ გამოვრიცხოთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული...

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს მოსამართლემ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორების მოთხოვნა და წინასასამართლო სხდომა 18 დეკემბერს დანიშნა.

სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა იმ მოტივის შესახებ, რომელიც პროკურორისა და ბრალდებულის მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზად იქცა. პროკურორმა ანა სიგუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს 2011 წლიდან იცნობდნენ, დაპირისპირება კი ახალგაზრდა ქალის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულისგან ორსულად იყო. ანუ, პროკურორისა და ბრალდებულის მტკიცებით, მან დანაშაული ყოფით ნიადაგზე ჩაიდინა, ამიტომ იმთავითვე გამოირიცხა დანაშაულის მოტივი, რომელსაც საფუძვლად სიძულვილი უდევს. ტრანსგენდერი ქალის ინტერესების დამცველი ციალა რატიანი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბრალდება მოვლენებს წინ უსწრებს, როდესაც აცხადებს, რომ ეს არ იყო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული. მისი თქმით, ჯერ კიდევ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, რათა დანაშაულის რეალური მოტივი დადგინდეს:

„ამ ეტაპამდე თვითმხილველი მოწმე, რომელმაც თავად დაინახა და იტყოდა, თუ რა და როგორ მოხდა, არ არსებობს. შესაბამისად, არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება. მხოლოდ ამ ერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ძალიან ძნელია განსაზღვრო სად არის სიმართლე, ტყუილი და რასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო იმისათვის, რომ სწორი დასკვნა გავაკეთოთ. ჯერ ძალიან ნაადრევია, რომ გამოვრიცხოთ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“.

„პირის გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, დიდი ალბათობით, ადგილი არ ჰქონია“, – ამის შესახებ განაცხადა ორგანიზაცია „ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა 19 ოქტომბერს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი სიტყვებით, ორგანიზაციის წევრები ფლობენ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ დაპირისპირების საფუძველი გენდერული იდენტობა არ ყოფილა:

საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე მხოლოდ მშრალი ოქმი შეადგინა, ნაცვლად იმისა, რომ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით გადაცემულიყო ინფორმაცია პროკურატურისთვის და შესაბამისი საგამოძიებო უწყებისთვის...

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ შესაძლოა, არსებობდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები, ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, გასაუბრების ოქმებითა და, ზოგადად, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშკარად არ იკვეთება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები“.

თუმცა, ამასთანავე, გიორგი ტატიშვილი საუბრობს სამსახურებრივ გულგრილობაზე, რომელიც მისი თქმით, სამართალდამცავებმა გამოიჩინეს დაზარალებულის მიმართ დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე საათით ადრე. გიორგი ტატიშვილის სიტყვებით, მათ ხელთ არსებულ ვიდეო ჩანაწერში აღბეჭდილია დაზარალებულის საუბარი სამართალდამცავებთან, სადაც ის უყვება მათ ბრალდებულთან არსებულ კონფლიქტსა და მოსალოდნელ საფრთხეზე:

„ჩვენ საქართველოს მთავარ პროკურატურას ვუგზავნით აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერს. ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც მოცემულ ფაქტზე არ მოახდინეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დაწყება. საპატრულო პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე მხოლოდ მშრალი ოქმი შეადგინა, ნაცვლად იმისა, რომ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით გადაცემულიყო ინფორმაცია პროკურატურისთვის და შესაბამისი საგამოძიებო უწყებისთვის“.

ორგანიზაცია „ტრანსგენდერ ქალთა თანადგომის ცენტრის“ წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი პროკურატურა არ დაიწყებს საქმის მოკვლევას, ისინი უახლოეს დღეებში პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ და მთავარ პროკურატურასთან შიმშილობის აქციას დაიწყებენ. გარდა ამისა, გაასაჯაროებენ მათ ხელთ არსებულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რომლებიც სამართალდამცავთა გულგრილობაზე მიუთითებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG