Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრანსგენდერი ზიზი გარდაიცვალა - შეიცვლება თუ არა დანაშაულის კვალიფიკაცია


ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე თბილისში, 2014 წელი
ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე თბილისში, 2014 წელი

ტრანსგენდერი ქალი, ზიზი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. იგი 14 ოქტომბერს მოათავსეს სტაციონარში თავის ქალასა და ყელის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში, 16 ოქტომბერს, დააკავეს. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, წინასწარი განზრახვით მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით აღიძრა. უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხიც დადგეს.

32 წლის ტრანსგენდერი ქალი, ზიზი შეყილაძე, მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, სიცოცხლისთვის თითქმის 40 დღის განმავლობაში იბრძოდა. როგორც დაზარალებულის ადვოკატი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი, ციალა რატიანი ამბობს, ექიმები ფიქრობენ, რომ ზიზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვებით გარდაიცვალა, თუმცა საბოლოო დასკვნა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული ისიც, შეიცვლება თუ არა საქმის კვალიფიკაცია:

“მოუწევთ ექსპერტებს ანალიზირება სრული ისტორიის 14 ოქტომბრიდან და გარდაცვალების მდგომარეობამდე. ამის შემდეგ უკვე განისაზღვრება, რამ გამოიწვია სიკვდილი - იყო ეს თუ არა თანმდევი შედეგი 14ოქტომბერს ბრალდებულის მიერ მიყენებული მრავლობითი დაზიანებებისა. თუ ეს იყო შედეგი, ჩვენ სახეზე უკვე გვექნება მკვლელობა და არა მკვლელობის მცდელობა. პროკურატურის პრეროგატივა იქნება კვალიფიკაციის შეცვლა, თუმცა აქვე ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ, იყო ეს განზრახი მკვლელობა თუ განზრახი მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით“.

ნათია გვიანიშვილი
ნათია გვიანიშვილი

რაც შეეხება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს, როგორც ციალა რატიანი ამბობს, პროკურატურის თანახმად, დანაშაული სიძულვილით მოტივირებული არ ყოფილა, რასაც თავად ცალსახად არ იზიარებს. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი, ნათია გვიანიშვილი, თავის მხრივ დასძენს, რომ, იმის მიუხედავად, დამტკიცდება თუ არა ზიზი შეყილაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიძულვილით მოტივირების ფაქტი, ზიზი მაინც უნდა ჩაითვალოს საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ არსებული ძალადობრივი, შეუწყნარებელი გარემოს მსხვერპლად:

“უტყუარი მტკიცებულებები, სამწუხაროდ, არ არსებობს. თვითმხილველი არ ჰყავდა ამ ფაქტს, თვითონ მსხვერპლი არ მოსულა გონს და ამიტომ რთული სათქმელია, მაგრამ რა არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული? ეს არ არის მხოლოდ ის ფაქტი, როდესაც ადამიანი კლავს ან სცემს მეორე ადამიანს მარტო იმიტომ, რომ იცის, რომ კონკრეტული უმცირესობების ჯგუფის წევრია. სიძულვილი ვლინდება ასევე მაშინ, როდესაც კონფლიქტი ადამიანებს შორის იწყება სხვა რაღაცა საკითხთან დაკავშირებით და თავდამსხმელიც საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას, რომ გადამეტებული სისასტიკე გამოიჩინოს მეორე ადამიანის მიმართ ზუსტად იმიტომ, რომ ის არის რაღაცა მოწყვლადი ჯგუფის წევრი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს 2011 წლიდან იცნობდნენ, დაპირისპირება კი მოხდა იმ ახალგაზრდა ქალის გამო, რომელიც ბრალდებულისგან ორსულად იყო. 16 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებამ დანაშაულის ყოფით მხარეზე გაამახვილა ყურადღება. ამ მოსაზრებას დასაშვებად მიიჩნევს „ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი ფიქრობს, რომ ზიზი შეყილაძის გარდაცვალების გამოძიების საქმე სამაგალითო უნდა იყოს ადეკვატური რეაგირების მიხედვით და ბრალდებული პირი სათანადოდ უნდა დაისაჯოს:

როდესაც პირდაპირ და ნათლად იკვეთება კავშირი ჩადენილ დანაშაულსა და პირის გენდერულ იდენტობასა თუ სექსუალურ ორიენტაციას შორის, მაშინაც კი არ ხდება ამ გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გამოიჩინოს ნება და შეიმუშაოს ამ ტიპის დანაშაულებთან რეაგირების ეფექტური სტრატეგია ...
მარიამ კვარაცხელია

“არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება, რომ, დიდი ალბათობით, საქმეში არ არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები, მაგრამ ჩვენ საქართველოს მთავარ პროკურატურას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ კარგად, ობიექტურად, ყოვლისმომცველად შეისწავლოს აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და დაადგინოს, დანამდვილებით აქვს თუ არა საქმეში ადგილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო ნიშნებს. გვსურს, რომ ხვალ სასამართლოს მივმართოთ სასამართლო მეგობრის სტატუსით, შესაბამისი რეკომენდაციით, საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით. ამავდროულად, საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილობითი ფორმით მივაწვდით ჩვენს პრეტენზიებს, ჩვენს მოთხოვნებს, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არის სამართლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს პროკურატურის მხრიდან“.

„ლგბტ საქართველოს“ წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია კი ამბობს, რომ საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად, მაშინ როდესაც სახეზეა მსხვერპლი, რომელიც მარგინალიზებულ და ჩაგრულ ჯგუფს წარმოადგენს, ეს გარემოება უკვე საკმარისია იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმის წარმოება დამამძიმებელი გარემოებით დაიწყონ, რაც ამ შემთხვევაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშანს გულისხმობს:

„თუმცა ჩვენთან გვაქვს აბსოლუტურად საწინააღმდეგო პრაქტიკა - არათუ ისეთ შემთხვევებში, რომელზეც ახლა მქონდა საუბარი, არამედ მაშინ, როდესაც პირდაპირ და ნათლად იკვეთება კავშირი ჩადენილ დანაშაულსა და პირის გენდერულ იდენტობასა თუ სექსუალურ ორიენტაციას შორის, მაშინაც კი არ ხდება ამ გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გამოიჩინოს ნება და შეიმუშაოს ამ ტიპის დანაშაულებთან რეაგირების ეფექტური სტრატეგია“.

მარიამ კვარაცხელია ამბობს, რომ ლგბტ ორგანიზაციები, ისევე როგორც ტრანსთემი, ამ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, მზად არიან კონსულტაციები აწარმოონ საგამოძიებო ორგანოებსა და სახელმწიფოსთან. ტრანსგენდერი ქალის, ზიზის, მკვლელობაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა საქმეზე 18 დეკემბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG