Accessibility links

ლგბტ თემის ყველაზე დაუცველების ხსოვნის დღე


ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თბილისში, 2014 წელი

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღე თბილისში, 2014 წელი

ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 20 ნოემბერს აღნიშნავს. ქართველი ლგბტ აქტივისტების ინიციატივით კი, 2015 წლიდან, ტრანსგენდერი ქალის საბი ბერიანის ხსოვნის პატივსაცემად, ეს დღე საქართველოში 10 ნოემბერსაც აღინიშნება. ზუსტად ერთი წლის წინ საბი ბერიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს, შემდეგ კი მისი სახლი გადაწვეს. სასამართლომ მკვლელი ნაწილობრივ გაამართლა და 4-წლიანი პატიმრობა მხოლოდ საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის და მეორე ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას, ცემისთვის მიუსაჯა. 10 ნოემბერს ქართველმა ლგბტ აქტივისტებმა, საბი ბერიანის მეგობრებმა, იუსტიციის სახლთან სიმბოლური აქცია გამართეს, სადაც მოკლული ტრანსგენდერი ქალი გაიხსენეს და ამ აქციით კიდევ ერთხელ მოითხოვეს ტრანსგენდერთა სქესის აღიარების პროცედურების გამარტივება.

ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემის ყველაზე დაუცველი ჯგუფია. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეა და ამაზე თავად ლგბტ თემიც თანხმდება. საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ არსებული აგრესიის დოზა ქვეყნის სოციალურ და კულტურულ გარემოსთან პირდაპირ კავშირშია, - გვეუბნება „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი. განსაკუთრებით დაუნდობელი კი საზოგადოება ტრანსგენდერ ქალთა მიმართ ხდება ხოლმე. სტიგმა კიდევ უფრო ძლიერდება, თუ ისინი სექსმუშაკებად მუშაობენ და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ასეთ დროს ძალადობის ხარისხი ძალიან მაღალია:

ეკა აღდგომელაშვილი

ეკა აღდგომელაშვილი

„პატრიარქალურ კულტურებში განსაკუთრებით ძლიერია საზოგადოების აგრესია ტრანსგენდერი ქალების მიმართ სწორედ იმიტომ, რომ მამაკაცი და მამაკაცთან დაკავშირებული სოციალური როლები არის უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის, ვიდრე ქალი და, საერთოდ, ყველაფერი, რაც ქალს უკავშირდება. მამაკაცის მიერ ამ დაწესებული გენდერული სტერეოტიპებისა თუ ნორმების და თვითგამოხატვის დარღვევა იწვევს საზოგადოების ყველაზე დიდ აგრესიას“.

საზოგადოებისათვის მხოლოდ ორი პოლუსი არსებობს - ქალის და კაცის. მათი როლების მკვეთრი პოლარიზაცია, გამიჯვნა კი სულ უფრო ძლიერდება. ამას ხელს უწყობს მედიაც, ხელს უწყობს ეკლესიაც. ამ ფონზე კი საზოგადოებისთვის დასაშვებიც კი არაა, რომ შეიძლება არსებობდეს გრადაცია. განსხვავებულების მიმართ ის მაშინვე აგრესიული ხდება, - გვეუბნება ეკა აღდგომელაშვილი. არადა, მისი აზრით, ყველაზე დიდი გმირობა სწორედ საკუთარ თავად დარჩენაა. ეს გმირობა ხშირად სრულდება მსხვერპლით - ესეც ერთი მიზეზი, რატომაც უნდა გვახსოვდნენ ეს ადამიანები. საზოგადოებას სჭირდება იმის შეხსენება, რომ მრავალფეროვნება საფრთხე კი არა, სიმდიდრეა:

„ჩვენ ვართ ადამიანები, ყველანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით და სწორედ ეს გვანიჭებს უნიკალურობას თითოეულ ჩვენგანს. სწორედ ამ იდეას აერთიანებს ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე. ეს ერთგვარი ხაზგასმაცაა, რომ რეალურია საფრთხე, რეალურია აგრესია - ეს უნდა დაინახონ ადამიანებმა და აღიარონ, რადგან, როგორც წესი, საზოგადოება ამაზე თვალს ხუჭავს, ჩვენ კი ვცდილობთ მათ ეს მაინც დავანახვოთ, მაინც შევახსენოთ რა სასტიკები არიან ისინი ადამიანების ერთი კონკრეტული ჯგუფის მიმართ“.

იუსტიციის სამინისტროსთან 10 ნოემბერს შეკრებილი ადამიანების მცირე ჯგუფსაც ეს მცდელობა ჰქონდა - შეხსენების, გახსენების, ემოციის გამოწვევის, რეაქციის მიღებისა იმაზე, რაც თბილისში ერთი წლის წინ მოხდა,როდესაც საბი ბერიანი მოკლეს, მისი სახლი კი დაწვეს.

„გვინდოდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა გვეთქვა, რომ ტრანსგენდერი ქალების მკვლელობები უნდა შეჩერდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ადამიანები ეწირებიან. ეს არის კიდეც მიზეზი, რატომაც, ჩვენი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები უნდა აღრიცხოს, რასაც ის დღეს არ აკეთებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ამ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბექა გაბადაძემ, წარმომადგენელმა ორგანიზაციისა „ლგბტ ჯორჯია“.

ეს ამბავი არ საჭიროებს პარლამენტის ჩარევას. უბრალოდ, თეა წულუკიანმა უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და უთხრას საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, ნუ დაჩაგრავენ ამ ადამიანებს, ნუ მოსთხოვენ საოცარი ოპერაციების ჩატარებას, რასაც არც კანონი ითხოვს, და მისცეს საშუალება ჩაიწერონ პირადობის მოწმობაში სასურველი სქესი...

არც იუსტიციის სახლი შერჩეულა შემთხვევით. პირველი წელი არ არის, რაც ლგბტ თემის უფლებების დამცველები, აქტივისტები ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლას მოითხოვენ:

„დღეს რა პროცედურებიც ამისათვის არსებობს, ეს არის ჩაგვრა და დისკრიმინაცია. ადამიანს ამისათვის მოსთხოვო ქირურგიული ოპერაციის გაკეთება, როცა მას ამის თანხა არ გააჩნია ან სულაც სურვილი არ აქვს, ეს ძალადობაა, სხვა არაფერი“.

სამართლებრივად ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, - ამბობს ჩვენთან საუბარში ნათია გვიანიშვილი, ლგბტ აქტივისტი და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დირექტორი:

„სქესის სამართლებრივი აღიარება ისევ რჩება პრობლემად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს საკითხი ვიკვლიეთ, იუსტიციის სამინისტროსთან კონკრეტული შეთავაზებებიც გვაქვს. აქამდე არაფერი შეცვლილა. სულ ორიოდე დღის წინ კი გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრისგან მოვისმინე, რომ ეს რეფორმის სახით უნდა განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოგვიწევს პარლამენტს შევეჭიდოთ, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს“.

ამ ეტაპზეც სასამართლოში შესულია ორი ტრანსგენდერის საქმე, რომელთაც იუსტიციის სახლს მიმართეს გენდერული მარკერის შეცვლის თხოვნით, თუმცა მათი ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. რას იტყვის სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია.

ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო - ასე ფიქროს კიდევ ერთი ორგანიზაციის, „იდენტობის“, დამფუძნებელი ირაკლი ვაჭარაძე და ამ პოლიტიკური ნების გამოხატვას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აკისრებს:

„ეს ამბავი არ საჭიროებს პარლამენტის ჩარევას. უბრალოდ, თეა წულუკიანმა უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და უთხრას საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, ნუ დაჩაგრავენ ამ ადამიანებს, ნუ მოსთხოვენ საოცარი ოპერაციების ჩატარებას, რასაც არც კანონი ითხოვს, და მისცეს საშუალება ჩაიწერონ პირადობის მოწმობაში სასურველი სქესი“.

ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც მათი სოციალური სქესი დოკუმენტებში აღნიშნულს არ ემთხვევა, ამბობს ირაკლი.

„თუ ეს ამბავი, მაგალითად, სამსახურში გამჟღავნდა, ასიდან 99 შემთხვევა დამთავრდება იმით, რომ მას დასცინებენ. აუცილებლად გათქვამენ, ამის გამო ან სამსახურიდან გააგდებენ, ან აუტანელ მდგომარეობაში ჩააგდებენ და იძულებული გახდება, სამსახური დატოვოს და მსგავს სამსახურშიც ვეღარასოდეს მივიდეს, რადგან იქ ყველას ეცოდინება მისი ამბავი“.

ნათია გვიანიშვილი

ნათია გვიანიშვილი

თუმცა ჩაგვრა სამსახურში ტრანსგენდერთა დისკრიმინაციის მხოლოდ ერთი ნაწილია. მას ახლავს დამცირების და არაადამინურად მოპყრობის უწყვეტი ჯაჭვი, - გვეუბნება ნათია გვიანიშვილიც:

„დაწყებული არამეგობრული მზერებიდან, დამთავრებული იმით, რომ ხალხი ნაძლევს დებს, შენ ქალი ხარ თუ კაცი. ფიზიკურ შეხებამდეც მიდის საქმე. ძალიან ხშირად ამ ადამიანების ჩაგვრა იწყება ოჯახშიც, სადაც მათ „გამოსწორებას“ ცდილობენ და არ აძლევენ საშუალებას, მათი გენდერული იდენტობა განვითარდეს ისე, როგორც თავად ადამიანს სურს. ეს პროცესი ძალიან დიდი სტრესის და ძალადობის ხარჯზე მიმდინარეობს“.

ისევ საბი ბერიანის საქმეს რომ დავუბრუნდეთ, ამ ეტაპზე პროკურატურამ გაასაჩივრა მოსამართლის გადაწყვეტილება საბი ბერიანის მკვლელისათვის ოთხწლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე და დღეს ყველა ელის როდის დაინიშნება სასამართლოს მორიგი სხდომა. სამართლიანობის აღდგენა, როგორც ნათია გვიანიშვილიც გვეუბნება, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბის დედის, თამარ ძამუკაშვილისათვის, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG