Accessibility links

რამდენიმე ქულით დაწინაურებულმა საქართველომ 64-ე ადგილი დაიკავა ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის - ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” (Transparency International) მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს 183 ქვეყანაში ”კორუფციის აღქმის ინდექსს” განსაზღვრავს. საქართველოს შედეგი უკეთესია, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა, თუმცა ხაზგასმით აღინიშნება, რომ საქართველოს წარმატება ”წვრილმან კორუფციასთან” ბრძოლის სათვალავზე მოდის. როგორია კორუფციის აღქმა საქართველოსა და მსოფლიოში?

თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ კორუფციის აღქმის ინდექსი განისაზღვრება 10-ბალიანი სისტემით და რაც უფრო მაღალია კონკრეტული ქვეყნის მაჩვენებელი, მით უფრო დაბალია ამ ქვეყანაში კორუფციის აღქმა. ამ მხრივ ყველაზე წარმატებულ ქვეყნებად ახალი ზელანდია, დანია და ფინეთი სახელდება, ხოლო ყველაზე წარუმატებელთა შორის ვხვდებით: ავღანეთს, მიანმარს, სამხრეთ კორეასა და სომალის.

თუკი საერთო სურათს გადავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ 2011 წლის შედეგები დიდად არ განსხვავდება 2010 წლის შედეგებისგან და ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში არსებული კორუფცია კვლავაც ძლიერია მთელ მსოფლიოში და რომ კვლავაც გამოწვევად რჩება მისგან მომდინარე საფრთხეები. იმას, რომ 2011 წლის ”კორუფციის აღქმის ინდექსი” წინსვლაზე საუბრის საშუალებას პრაქტიკულად არ იძლევა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” მმართველი დირექტორის მოადგილე მიკლოს მარშალიც აღნიშნავს, თუმცა ამ კუთხით ის გარკვეული გამონაკლისის სახით მაინც ასახელებს საქართველოს:

”საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დაგვანახვოს გარკვეული ზომიერი გაუმჯობესება იმ კარგი რეფორმების წყალობით, რომლებმაც საკმაოდ მნიშვნელოვნად შეამცირეს ეგრეთ წოდებული ‘წვრილმანი კორუფცია’.”

მიკლოს მარშალის მიერ ხაზგასმული წარმატება 2011 წლის ანგარიშში იმით გამოიხატა, რომ 10 მაქსიმალური ქულიდან საქართველომ 4.1 ქულა დაიმსახურა და 4 ადგილით დაწინაურდა, 2010 წელთან შედარებით, როცა ის 3.8 ქულით 68-ე ადგილს იკავებდა. ისიც ფაქტია, რომ საქართველომ აჩვენა უკეთესი შედეგი, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნამ. ესენია: სლოვაკეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

რეფორმებს შორის, რამაც გავლენა მოახდინა საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ”კორუფციის აღქმის ინდექსში”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ასახელებს მაგალითად ელექტრონული მმართველობის გამჭვირვალე სისტემის დანერგვას. საუბარია, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაზე, რაც შარშან დაინერგა საქართველოში.

თუმცა, 2011 წლის ”კორუფციის მართვის ინდექსში” წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, 4.1 ქულა, რომელიც საქართველომ დაიმსახურა, თავისთავად მიუთითებს ქვეყანაში დარჩენილ პრობლემებზეც.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” მიიჩნევს, რომ აუცილებელია განსაკუთრებული ქმედებების განხორციელება საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის გასაუმჯობესებლად. საქართველოში გამოწვევად რჩება მმართველობის სისტემის დაბალანსება, რაზეც მიუთითებს ორგანიზაციის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი.” იმის გათვალისწინებით, რომ, მექრთამეობასთან ერთად, კორუფცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასაც გულისხმობს, ეკა გიგაურის თქმით, აუცილებელია დაბალანსდეს ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ამჟამინდელი სიძლიერე და, ამასთან, გაძლიერდეს მაკონტროლებელი ინსტიტუტები:

”აუცილებელია, რომ გაძლიერდეს პარლამენტი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გაძლიერდეს დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო სექტორი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს იგივე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას იმისთვის, რომ გაოირიცხოს ორმაგი სტანდარტები სასამართლო სისტემაში და შერჩევითი სამართლის ფაქტები.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” მიიჩნევს, რომ მსოფლიო სენის - კორუფციის - დასამარცხებლად თითოეული ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შექმნას გამჭვირვალე გარემო და უნდა გამოავლინოს მეტი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე, ხოლო მოქალაქეებმა მუდმივად უნდა მოსთხოვონ უკეთესი შედეგები ქვეყნის ლიდერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კორუფციის პრობლემა მნიშვნელოვნად უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას ნებისმიერი მიმართულებით და მოთმინების ფიალას უვსებს საზოგადოებას. როგორც, მაგალითად, მიკლოს მარშალი აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ცალკეული ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ‘კორუფციამ შესაძლოა რეჟიმების შეცვლა გამოიწვიოს’.“

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, 2011 წლის ”კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით, საქართველოზე წინ დგას თურქეთი, რომელიც 61–ე ადგილს იკავებს. საკმაოდ რთულია ვითარება რუსეთში და აზერბაიჯანში, რომლებიც 143–ე ადგილს იყოფენ. სომხეთი კი, 129–ე ადგილზეა.

”კორუფციის აღქმის ინდექსი”, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინში განთავსებული სათავო ოფისი, ეყრდნობა ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციების, საკონსულტაციო ჯგუფებისა თუ ცალკეული ექსპერტების კვლევებს.
XS
SM
MD
LG