Accessibility links

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები კვლავაც პატიმრობაში რჩებიან


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

5 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ტრაქტორების საქმეზე“ გამართული წინასასამართლო სხდომა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და რვა აგვისტოსათვის გადაიდო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში ბრალდებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ადვოკატები ელოდნენ, რომ პროკურატურა ამ დრომდე პატიმრობაში მყოფი ორი ბრალდებულის გირაოთი გამოშვების შუამდგომლობას დააყენებდა, მაგრამ ეს 5 აგვისტოს სხდომაზე ვერ მოესწრო. ცხრიდან ორი ბრალდებული - ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ქაიხოსროშვილი - კვლავაც წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხრა ყოფილი თანამშრომელი, ე.წ. „ტრაქტორების საქმეში“ ბრალდებულები, სამი პროკურორი, ათი ადვოკატი და სავსე სასამართლო დარბაზი - ასეთი სურათი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 აგვისტოს. ექვსსაათიანი წინასასამართლო სხდომა მტკიცებულების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობას დაეთმო და ამჯერად ადვოკატების მოლოდინი, რომ პროკურატურა სასამართლოს პატიმრობაში დარჩენილი ორი ბრალდებულისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავდა, ვერ გამართლდა. 5 აგვისტოს სხდომაზე პროკურატურამ ამ შუამდგომლობის დაყენება ვერ მოასწრო:

„მიუხედავად იმისა,რომ პროკურატურა ამ შუამდგომლობის დაყენებას გეგმავდა, სამწუხაროდ, ამ სხდომაზე ეს ვერ მოესწრო“, - განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. პროკურორმა ვლადიმერ ბორცვაძემ კი თქვა, რომ აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვა.

სასამართლო სხდომას აკვირდებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, რომელიც მიესალმება პროკურატურის ინიციატივას, მიმართოს სასამართლოს ბრალდებულების გირაოთი გამოშვების შუამდგომლობით. კოჟორიძის შეფასებით, მათი დაკავების აუცილებლობა არც დასაწყისში არსებობდა.

კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე

პროკურატურის ინიციატივას სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის შეფასებაც მოჰყვა. მისი თქმით, ეს ამ საქმის სამართლიანად დასრულების საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.

თუმცა აქვე ვთქვათ, რომ ამ დრომდე უცნობია, დაუბრუნდება თუ არა კირვალიძე თანამდებობას, საიდანაც ე.წ. „ტრაქტორების საქმის“ გახმაურების შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. 5 აგვისტოს სასამართლო სხდომას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც:

„ვიცი, რომ ამ საქმეზე ბევრი იმუშავა პროკურატურამ; ისიც ვიცი, რომ ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმაც ბევრი იმუშავა. ახლა სიტყვა მოსამართლეზეა, დაადგინოს, ადვოკატია მართალი თუ პროკურორი“.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს. სავარაუდო სასჯელი რიგ შემთხვევებში 11 წლიან პატიმრობასაც კი გულისხმობს. ლაპარაკია შესასყიდი ტრაქტორების შერჩევის პროცესში რამდენიმე მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით და დოკუმენტების გაყალბების მცდელობით.

თავად ბრალდებულები, რომელთაგან შვიდი, როგორც ცნობილია, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ბრალდებებს არ აღიარებენ და საქმეს „შეკერილს“ უწოდებენ. ერთ-ერთი მათგანი, მამუკა ივანიძე, პროკურორის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს. საქმის არსებითი განხილვა წინაა, მანამდე კი შემდგომი სასამართლო სხდომა მოსამართლე მერან ჯორბენაძემ 8 აგვისტოს დანიშნა.
XS
SM
MD
LG