Accessibility links

logo-print

ტრავმის გამოცდილება სიცოცხლეს ახანგრძლივებს? ჰოლოკოსტის თემაზე ახალი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ასეა


აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი. 1945 წელი

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი. 1945 წელი

მამაკაცებს, რომლებმაც ნაცისტური ჰოლოკოსტი გამოიარეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მოუწიათ ტერორის, შიმშილისა და მონობის გამოცდა. ახლა კი ახალი გამოკვლევა ამტკიცებს, რომ ამ საზარელმა გამოცდილებამ ისინი ისე გააძლიერა, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივა.

სიძნელეების გადალახვისა და წინააღმდეგობის გაწევის შესახებ ალბათ ყველაზე ცნობილი სიტყვები ფრიდრიხ ნიცშეს ეკუთვნის: რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.

მოულოდნელად, დაახლოებით ამავე დასკვნამდე მიდის ახალი გამოკვლევა მეორე მსოფლიო ომის შესახებ - რომ იმ მამაკაცებმა, რომლებმაც ებრაელთა ჰოლოკოსტი გამოიარეს და მას გადაურჩნენ, უფრო დიდხანს იცოცხლეს, ვიდრე მათმა თანატოლებმა, რომლებმაც ევროპა ომამდე დატოვეს.

კვლევაში, რომლის შედეგები გამოქვეყნდა აშშ-ში გამომავალ ჟურნალში Public Library of Science, შედარებულია 55,000 პოლონელი ებრაელის სიცოცხლის ხანგრძლივობა - მათი, ვინც ისრაელში ომამდე და ომის შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად.

კვლევის შედეგების თანახმად, მამაკაცებმა, რომლებსაც ყმაწვილობისა და ახალგაზრდობის დროს ჰოლოკოსტი ჰქონდათ გამოვლილი, საშუალოდ, 18 თვით მეტი იცოცხლეს მათზე, ვისაც ეს უმძიმესი გამოცდილება არ ჰქონია. ამ აღმოჩენას კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ავი საგი-შვარცი, „პოსტტრავმული ზრდის“ სახელით ცნობილ ფენომენს უკავშირებს:

„როცა პოსტტრავმულ ზრდაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს დადებითი ფსიქოლოგიური ცვლილება, რომელიც ურთულესი ცხოვრებისეული პირობების გამოცდას მოაქვს - სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას, ომს, ძალადობას, ოჯახურ ძალადობას, იმიგრაციას ან ახლობელი ადამიანის სიკვდილს“.

გენეტიკის სფეროში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მძიმე ტრავმის ადრეულ ასაკში გადატანამ შესაძლოა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვიოს. ტრავმა სამუდამო ზიანს აყენებს ქრომოსომებს, რომლებიც კიბოსა და სხვა დაავადებებთან ბრძოლისთვის არის აუცილებელი.

თუმცა საგი-შვარცი, რომელიც ჰაიფას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის პროფესორია, ამჟამად კი ვაშინგტონში განთავსებულ ჰოლოკოსტის მუზეუმში მუშაობს მკვლევრად, ფიქრობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე პირობებმა და სირთულეებმა შესაძლოა ადამიანებში სიცოცხლის ჟინი გამოიწვიოს და მათ მიანიჭოს პიროვნული ძალა, რომელიც ტრავმით მიყენებული ზიანის კომპენსაცია იქნება.

კვლევის ავტორებს უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ არ აღინიშნა იგივე ფენომენი ქალებს შორის, რომლებმაც ასევე გამოიარეს ჰოლოკოსტის შემზარავი რეალობა. გაირკვა, რომ ამ ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, ისეთივე იყო, როგორიც მათი თანატოლების, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, თუმცა არა უფრო მეტი.

საგი-შვარცის აზრით, ეს შეუსაბამობა შესაძლოა ბუნებრივი ფაქტორებით იყოს გამოწვეული. ისრაელელი ქალები, საშუალოდ, 84 წელს აღწევენ - ამ მაღალი მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება კი რთულია.

თუმცა მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, მაგალითად, დეპრესიისკენ, რაც შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს და ხაზი გადაუსვას ტრავმით მიღებულ სხვა ემოციურ გამოცდილებას:

„როგორც ვიცით, დეპრესიის სიმპტომები სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. პოსტტრავმულმა ზრდამ შესაძლოა სიცოცხლის გახანგრძლივებას შეუწყოს ხელი, მაგრამ დეპრესია პირიქით მოქმედებს. და, როგორც ცნობილია, დეპრესიის სიხშირე ქალებს შორის უფრო მაღალია. ამდენად, ქალები შესაძლოა ნაკლებად ღია იყვნენ პოსტტრავმული ზრდის ფენომენის მიმართ, რადგან მათ უფრო ძლიერად ეხება დეპრესიასთან დაკავშირებული პრობლემები“.

იმის ასახსნელად, ერთნაირად რატომ არ აისახა ჰოლოკოსტის გამოცდილება კაცებსა და ქალებზე, კვლევის ავტორებს კიდევ ერთი, ბევრად უფრო საკამათო არგუმენტი მოაქვთ - თეორია, რომელიც „გადარჩევითი სიკვდილიანობის“ სახელითაა ცნობილი.

ეს თეორია ეყრდნობა „ყველაზე ძლიერის გადარჩენის“ არგუმენტს. ანუ, ამ თვალსაზრისით, ისინი, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, თავიდანვე ყველაზე ძლიერი და ყველაზე ჯანმრთელები იყვნენ ჯგუფში.

საკონცენტრაციო ბანაკების მამაკაც პატიმრებს ფიზიკური ძალის მიხედვით აფასებდნენ - ზოგ შემთხვევაში მათ სიკვდილისთვის არ იმეტებდნენ და აშრომებდნენ. ქალებს კი შრომისთვის ბევრად უფრო იშვიათად იყენებდნენ. შესაბამისად, მათი გადარჩენაც უფრო რთული იყო - მათ ბევრად ნაკლები შანსი ჰქონდათ გაქცეოდნენ ნაცისტების გამანადგურებელ პოლიტიკას. ამდენად, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მამაკაცებთან მიმართებით ამ თეორიის გამოყენება შესაძლებელია - იმ არგუმენტის მოტანა, რომ გადარჩენა ყველაზე ძლიერებმა შეძლეს.

თუმცა საგი-შვარცი აღიარებს, რომ ეს თეორია ბევრ ადამიანში დისკომფორტს იწვევს. ისრაელის მოქალაქეებისთვის მიუღებელია აზრი, რომ ჰოლოკოსტის 6 მილიონამდე მსხვერპლ ებრაელს ეს ბედი იმიტომ ერგო, რომ „სუსტი“ იყო.

მკვლევრებმა კიდევ უნდა დაადგინონ, აღინიშნება თუ არა ანალოგიური ვითარება სხვა პოსტტრავმულ ჯგუფებს შორის - მაგალითად, სტალინისტურ ბანაკებს ან ოსმალეთის იმპერიის დროს სომეხთა მასობრივ ხოცვას გადარჩენილ მამაკაცებს შორის.

საგი-შვარცის ვარაუდით, სურათი მსგავსი იქნება. მისი აზრით, პოსტტრავმული ზრდის თეორიის განზოგადება შესაძლებელია და მსგავსი შედეგები უმძიმესი გამოცდილების მქონე სხვა ჯგუფებშიც აღირიცხება.
XS
SM
MD
LG