Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგი - საქართველოს გამოწვევა


„ტრეფიკინგის აღმოფხვრის კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს, თუმცა ეს არასაკმარისია“ - ასეთია ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მოკლე შინაარსი. საქართველოს მთავრობა ამაყობს მიღწევებით ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები კი მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილებები ქვეყანაში მდგომარეობას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის. როგორ ებრძვის მთავრობა ტრეფიკინგს, რით არიან უკმაყოფილო არასამთავრობო ორგანიზაციები და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანამ ამ კუთხით წინ წაიწიოს?

ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო, „ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროა - ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანაა“.

მეორე კალათაში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც, კვლევის მიხედვით, „მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“.

მესამე კალათა კი ყველაზე დაბალი კატეგორიაა, რომელში შესული ქვეყნები არც კი ცდილობენ მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილონ.

საქართველო ამ გადანაწილებაში 2013 წლამდე, 6 წლის განმავლობაში, რჩებოდა პირველ კალათაში, 2013 წლიდან კი ჩამოქვეითდა. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამ სხვაობას ასე განმარტავს:

„მანამდე სახელმწიფოს საკმაოდ კარგი მონაცემები ჰქონდა. შემდეგ, 2010 წლიდან, გამოძიებების, სასამართლოში წაღებული საქმეების, განაჩენების რაოდენობამ კლება დაიწყო. რადგანაც ეს რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირდა, საქართველო მეორე კალათაში მოხვდა“.

აქვე ის დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს განმარტავს ამა თუ იმ ქვეყნის ჩამოქვეითების მიზეზს.

სწორედ იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს ტრეფიკინგთან საბრძოლველად შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს, სადაც შედიან ასევე ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე 27 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული მონაცემები შეფასებულია როგორც ქვეყნის პროგრესი ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით.

„პროგრესი ასახულია როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც. ანგარიში აჩვენებს, რომ გამოძიებების რაოდენობა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 45 %-ით, სისხლისსამართლებრივი დევნისა − 65 %-ით, ხოლო სასამართლოს განაჩენების რაოდენობა − 65 %-ით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

წინა საანგარიშო პერიოდში, ანუ 2014 წლის ამავე ანგარიშში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ყურადღება სექსუალურ ტრეფიკინგზე ჰქონდა გამახვილებული, ასევე შრომითი ტრეფიკინგის ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ აიძულებენ მუშაობას.

2015 წელს კი ამ ჩამონათვალს დაემატა ქუჩაში ბავშვების იძულებითი შრომა და ქვეყნის შიგნით შრომითი ექსპლუატაცია.

„საქართველოს მთავრობას არ ჩამოუყალიბებია ქუჩაში მათხოვრობასთნ ბრძოლის სისტემური სტრატეგია. როგორც ექსპერტები ამბობენ, პოლიციამ არ გამოიძია ქუჩაში იძულებით მათხოვრობის რიგი შემთხვევები იმ არგუმენტით, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, ეს ბავშვთა უფლებების დარღვევა არ არის“, - წერია ანგარიშში.

მათ უმრავლესობას საიდენტიფიკაციო დოკუმენტი არ აქვს. ასე რომ, ისინი იურიდიულად სახელმწიფოში არც არსებობენ. ამიტომაც, პირველი პრობლემა, რომელსაც ჩვენ გადავჭრით, იქნება ის, რომ ამ ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღება გამარტივდება...
ბექა ძამაშვილი

როგორც Worldvision - საქართველოს წარმომადგენლობის ბავშვთა დაცვის, მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი ამბობს, ბავშვთა იძულებითი შრომის კუთხით საკანონმდებლო პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად დგას, თუმცა ცვლილებები უკვე დაიწყო:

„არსებობს 2010 წლის ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. ამ ბრძანების ცვლილებაზე მუშაობა დაწყებულია. ეს რეფერირების ბრძანება განსაზღვრავს ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობას და აწესებს მიმართვიანობის პროცედურებს“.

მისივე თქმით, თუ კანონი დამტკიცდება, არასრულწლოვანთა ქუჩაში იძულებითი შრომა კანონით იქნება აღიარებული როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ, პირველ რიგში, საჭიროა ქუჩაში იძულებით მომუშავე ყველა ბავშვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ჰქონდეს:

„მათ უმრავლესობას საიდენტიფიკაციო დოკუმენტი არ აქვს. ასე რომ, ისინი იურიდიულად სახელმწიფოში არც არსებობენ. ამიტომაც, პირველი პრობლემა, რომელსაც ჩვენ გადავჭრით, იქნება ის, რომ ამ ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღება გამარტივდება“.

მისივე თქმით, ეს ცვლილება შეეხება იმ ბავშვებსაც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგალითად, აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოსულ ეთნიკურ ქურთებსა და ბოშებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის რეკომენდაციით, საჭიროა გადამზადდეს კადრები, რათა დაიხვეწოს გამომძიებელთა უნარები და ქვეყანას ჰყავდეს ტრეფიკინგის სფეროში სპეციალიზებული თანამშრომლები. ეს ეხება როგორც შრომით, ასევე სექსუალურ ექსპლუატაციას. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ საჭიროა ტრეფიკინგის მსხვერპლთან სამუშაოდ მეტი ქალი გამომძიებელი, რადგანაც სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი, უმეტესწილად, სწორედ ქალები არიან.

ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ თავმჯდომარე ნანა ნაზაროვა ამბობს, რომ სწორედ მოუმზადებელი კადრებია, ადამიანით უკანონო ვაჭრობის აღმოჩენისა და აღმოფხვრის კუთხით, ქვეყნის მთავარი პრობლემა. მისი თქმით, მართალია, გასული წლის შემდეგ სექსუალური ტრეფიკინგის პრობლემა ქვეყანაში შემცირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ეფექტურად მუშაობენ:

„მსხვერპლი გამოვლენილია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თვითონ მოდის და დახმარებას ითხოვს. მაგრამ ჩვენს ძალოვან სტრუქტურებსა და არასამთავრობოებს არ აქვთ შესაძლებლობა თავად გამოავლინონ ისინი. ამიტომაცაა იდენტიფიკაცია ძალიან დაბალი“.

შრომის ინსპექციის მანდატი, რომელიც ახლა ამოქმედდა, მთლიანად ორიენტირებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე...
ბექა ძამაშვილი

დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ სცადა პრობლემების აღმოფხვრა იძულებითი შრომის კუთხითაც, - საუბარია პრემიერის განკარგულებაზე შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნის შესახებ, - მაგრამ აქვე ნათქვამია ისიც, რომ საჭიროა შრომის ინსპექტორების გადამზადება.

ბექა ძამაშვილის განმარტებით, ტრეფიკინგის შესახებ 2015 წლის ანგარიში მხოლოდ 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს, მას შემდეგ კი შემუშავდა რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს პასუხობს. ერთ-ერთი მათგანი შრომითი ექსპლუატაციის პრობლემას ეხება:

„შრომის ინსპექციის მანდატი, რომელიც ახლა ამოქმედდა, მთლიანად ორიენტირებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე“.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საუბრობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტზე, რომელსაც პროფკავშირები და შრომის უფლებების დამცველი სხვა ორგანიზაციები შექმნის დღიდან აკრიტიკებენ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის გოჩა ალექსანდრიასთვის ამ დეპარტამენტის ფუნქციები გაუგებარია. მისი შეფასებით, დეპარტამენტს დებულების მიხედვით, არ აქვს ის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, რომლებიც შრომითი ექსპლუატაციის პრობლემის აღმოსაფხვრელადაა საჭირო:

„შრომის ინსპექტორის შესვლა წარმოუდგენელია საწარმოში, ორგანიზაციაში, ფირმაში საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვისა და შესაბამის პირობებში შესაბამისი მიწერილობის გაცემის უფლების გარეშე - ასევე, თუ საჭირო გახდა, სანქცირების უფლების გამოყენების გარეშე“.

გოჩა ალექსანდრია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ პოზიციას ფრთხილ ოპტიმიზმს უწოდებს და დასძენს, რომ შრომითი ექსპლუატაცია, როგორც ტრეფიკინგის ერთ-ერთი ფორმა, უმწვავესი პრობლემაა ქვეყანაში, რომელსაც არასათანადო ყურადღება ექცევა.

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კი, ბექა ძამაშვილს, იმედი აქვს, რომ ბოლო დროს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი წლის ანგარიშში საქართველო ისევ პირველ კალათას დაუბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG