Accessibility links

logo-print

8 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისა და დოკუმენტების შევსების პროცესმა რომ ხარვეზების გარეშე ჩაიაროს, კახეთის საარჩევნო ოლქებში ტრენინგები მიმდინარეობს. სწავლებას საუბნო კომისიის მდივნები გადიან, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კი ზოგ უბანზე პანდუსებს ამონტაჟებენ.

უკვე რამდენიმე დღეა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ლაგოდეხში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიწვეული ტრენერი სპეციალურ სწავლებას უტარებს. ტრენინგი, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში გვითხრეს, იმისთვის ტარდება, რომ კენჭისყრის პროცედურები და უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხარვეზების გარეშე წარიმართოს. ვიდრე საუბნო კომისიის მდივნები არჩევნებისთვის სავალდებულო ცოდნას იღებენ, მანამდე გახსნილია უბნები, სადაც საარჩევნო სიებია გამოკრული. ამომრჩეველს საკუთარი თავის გადამოწმება სწორედ ამ სიებში შეუძლია, ხარვეზის აღმოჩენის შეთხვევაში კი მან საუბნო კომისიის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს, რათა ხარვეზი დროულად გასწორდეს.

ივანე ზურიკაშვილი ლაგოდეხის 28-ე მაჟორიტარული ოლქის ხელმძღვანელის მოადგილეა. ამბობს, რომ ოლქი არჩევნების ჩასატარებლად უკვე მზად არის.

გურჯაანში არჩევნებზე 51 საარჩევნო უბანი გაიხსნება. უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მადონა ჯავახიშვილის, განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართონ კენჭისყრის პროცედურა და როგორ უნდა შეავსონ დოკუმენტაცია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ კი გადაწყვიტა, რომ წელს, საარჩევნო უბნების ადაპტირების მიზნით, სოფლებში შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოახდინოს. როგორც ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაქარია ქაჩლიშვილი ამბობს, სამუშაოების საერთო ღირებულება 5 150 ლარია.

კახეთი 8 ოქტომბრის არჩევნებზე, გასული წლებისგან განსხვავებით, 6 ოლქად არის დაყოფილი. შესაბამისად, მომდევნო მოწვევის პარლამენტში რეგიონიდან კანონმდებლად 6 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება წარდგენილი. სხვა არჩევნებზე კახეთში 8 ოლქი მუშაობდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG