Accessibility links

logo-print

უძველესი აღმოსავლური პერკუსიული საკრავი, ზარბი, ირანში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დასარტყამი ინსტრუმენტია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი ისტორია ძველი ეგვიპტიდან იწყება, ხოლო სპარსულ კულტურაში ჯერ კიდევ აქემენიდების მმართველობის პერიოდში გამოჩნდა. არაბულად მას "დარბი" ჰქვია და, როგორც ზმნა, "დარტყმას" ნიშნავს, სპარსულად კი იკითხება როგორც "ზარბი".საისტორიო თუ მხატვრულ წყაროებში "თომბაქსაც" უწოდებენ. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, ამგვარად თასისებრი ფორმის წყალობით მოინათლა, რადგან მისი კორპუსი გამობერილ მუცელს - სპარსულად "თომბს" - წააგავს. თუმცა სარწმუნოდ მეორე ვერსია მიიჩნევა, რომელიც ინსტრუმენტზე დაკვრის ტექნიკას უკავშირდება: "თომ" - საკრავის ზედაპირის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო "ბაქი" ნაპირებზე დარტყმას ჰქვია. ასეა თუ ისე, ქართველი ეთნომუსიკოლოგები მას "ზარბს" უწოდებენ და დღევანდელ სიუჟეტშიც ასე მოვიხსენიებ.

როგორც წესი, ზარბის კორპუსი ნეკერჩხლის, კაკლის ან თუთის ხისგან მზადდება. ღრმა, მსუყე ბასური ჟღერადობისა და ტემბრალური მრავალფეროვნებისათვის, ხბოს, თხის ან აქლემის ტყავს არც ისე მჭიდროდ აკრავენ. მიუხედავად მდიდარი აკუსტიკური შესაძლებლობებისა, საუკუნეების მანძილზე ანსამბლურ ინსტრუმენტად მოიაზრებოდა და კოლექტიურ ჟღერადობაში მხოლოდ რიტმული თანხლება ევალებოდა, რადგან ირანის ტრადიციულ მუსიკალურ კულტურაში მოსაზიდი, ხემიანი და ჩასაბერი საკრავები დომინირებდნენ, ერთ-ერთი წამყვანი ინსტრუმენტი კი მხოლოდ გასულ საუკუნეში გახდა ისეთი ცნობილი არტისტების წყალობით, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ჰოსსეინ თეჰრანი, მოჰამად ესმაილი და ჯემშიდ შემირანი.

ჯემშიდ შემირანი 1942 წელს თეირანში დაიბადა. 8 წლის იყო, როცა ზარბზე დაკვრა დაიწყო. მისი პედაგოგი ზემოხსენებული ჰოსსეინ თეჰრანი გახლდათ - არტისტი, რომელსაც ირანულ ტრადიციულ მუსიკაში რევოლუციის მოხდენა მიეწერება, ვინაიდან, საკრავის არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, სოლირების კულტურა დაამკვიდრა. მას სჯეროდა, რომ ინსტრუმენტის გამომსახველობითი შესაძლებლობების გაფართოება იმპროვიზირების ხელოვნებას განავითარებდა. მასწავლებელმა პატარა ჯემშიდს, კლასიკური სპარსულის გარდა, ინდური, ესპანური, ლათინოამერიკული რიტმული სტრუქტურები და მათი სინთეზის უნარ-ჩვევებიც განუვითარა.

60-იანი წლების პირველ ნახევარში ჯემშიდ შემირანი უკვე სახელოვანი მუსიკოსი გახლდათ. 20 წლის ასაკში ჯერ პარიზის აღმოსავლური ხელოვნების ცენტრში მიიწვიეს პედაგოგად, ხოლო მოგვიანებით სორბონის მუსიკათმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი გახდა. ზარბზე დაკვრას, საკომპოზიტორო საქმესა და საშემსრულებლო ოსტატობას, ევროპელების გარდა, საკუთარ შვილებს ქეივანსა და ბიჯანსაც ასწავლიდა. შედეგად, შეიქმნა ოჯახური ტრიო, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა თავი მსოფლიოს ეთნომუსიკალურ სცენაზე და, ჟანრობრივი თვალსაზრისით, მეტად მრავალფეროვანი საკონცერტო თუ სტუდიური მოღვაწეობა წამოიწყო.

ტრიოს ზოგიერთი პროექტი კლასიკური ხასიათისაა, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხურ მუსიკას ეთმობა, ხოლო ზოგი ექსპერიმენტულია. მაგალითისათვის გამოვარჩევდი 2011 წლის ალბომს "Invite", რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება ტრიოს დისკოგრაფიაში და სტილისტიკურად განსხვავებული მუსიკალური ჟანრების სინთეზის დიდებულ ნიმუშს წარმოადგენს. შემირანებმა ისეთ ცნობილ არტისტებთან ერთად დაუკრეს, როგორებიც არიან: მალელი კომპოზიტორი და კორაზე დამკვრელი ბალაკე სისსოკო, კუბელი ჯაზპიანისტი ომას სოსა, ესპანელი კონტრაბასისტი რენო გარსია-ფონსი, ფრანგი გიტარისტი სილვენ ლიუკი და მულტიინსტრუმენტალისტი ტიტი რობინი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG