Accessibility links

logo-print

ერთი წლის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, წალკის მუნიციპალიტეტში ოთხი კოოპერატივი ჩამოყალიბდა. მოგვიანებით ოთხივე ე.წ. მეორე დონის კოოპერატივში გაერთიანდა, რომელსაც „თეზა“ დაარქვეს. მისდევენ მეცხოველეობას და მოჰყავთ კარტოფილი, მაგრამ დიდ შრომას თან მრავალი პრობლემა ახლავს.

კოოპერატივების გაერთიანებაში სულ 130 ოჯახია გაწევრებული. დაახლოებით, 90 ჰექტარ მიწის ფართობზე ძირითადად კარტოფილი მოჰყავთ. მისდევენ მეცხოველეობასაც.

როგორც გაერთიანების თავმჯდომარე ედნარ კახაძე ამბობს, მთიან წალკაში კარტოფილის მოსავალს, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოს ელოდებიან ხოლმე, მაგრამ ხანგრძლივი გვალვის გამო და იმ მიზეზით, რომ სარწყავი არხი გამოსულია მწყობრიდან, წლევანდელი მოსავალი შედარებით დაბალი იქნება:

„წელს ისე ადრე ჩახმა, ყვავილობის პერიოდში [კარტოფილის ნათესები], რომ, რა ვიცი, ძალიან დაბალი მოსავალი იქნება“.

კახიძის თქმით, გასული წლის მიწურულს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიატორებმა სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავეს, მაგრამ მისი განხორციელების გეგმებზე დღემდე არაფერი იცის. პრობლემა კიდევ ისაა, რომ კოოპერატივების გაერთიანებამ ვერ მიაღწია წალკის მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო მიწებიდან დამატებით სასაძოვრე ფართობის იჯარით აღებას:

„როცა რაიონის ხელმძღვანელობას, საკრებულოებს ამხელა ძალაუფლება მისცეს... აი, მიდიხარ და გეუბნება, რომ მიმართე ეკონომიკის სამინისტროს და გაგარკვევს. მიდიხარ და ეუბნები, რომ ერთი წლით, ორი წლით, მომეცი მე, კოოპერატივს. პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ გადავიხდი გადასახადს, ქართულ პროდუქციას გავიტან ბაზარზე და მოსახლეობა ნატურალურ პროდუქტს მიიღებს, მაგრამ რაღაცნაირად არ ინტერესდებიან და არ აქცევენ ამას ყურადღებას“.

ამ პრობლემას, რომლის შესახებაც ედნარ კახაძე საუბრობს, ემატება წარმოებული პროდუქტის - მაგალითად კარტოფილის - დაბალი სარეალიზაციო ფასი, რაც კოოპერატივებს შემოსავალს უმცირებს.
აი, რას ამბობს, ალექსანდრე ცეცხლაძე, „თეზაში“ გაერთიანებული ოთხი კოოპერატივიდან ერთ-ერთის თავმჯდომარე:

„ერთი კილოგრამი კარტოფილის წარმოება 35-36 თეთრი გვიჯდება. ეს - საკუთარი ტექნიკით. დაქირავებული ტექნიკის შემთხვევაში - 40 თეთრზე მეტი. როცა 30 თეთრად ვყიდით, ზარალში მივდივართ. კოოპერატივში 30 ოჯახი ვართ გაერთიანებული. წელს 20 ჰექტარზე დავთესეთ [კარტოფილი] და მომავალში შეიძლება 10 ჰექტარზეც აღარ დავთესოთ, ასე თუ წავიდა“.

ალექსანდრე ცეცხლაძის განმარტებით, ადგილობრივი წარმოების პროდუქტს დიდ კონკურენციას უწევს იაფი იმპორტული პროდუქტი, ამიტომ იძულებულნი არიან ფასები დასწიონ, თუმცა, მისივე აზრით, სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ფასები ზოგიერთ შემთხვევაში ალოგიკურია:

„ჩვეულებრივ, წყაროს წყალს რომ ვყიდულობ, ერთ ლიტრში ლარს ვიხდი, მე კი ერთ ლიტრ რძეს 50 კაპიკად ვყიდი. ამას რომ ვაკვირდები, ინტერესი მეკარგება, მარტო მე კი არა... ვიკრიბებით, რეალიზაციის წერტილებს ვეძებთ, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ, მაგრამ...აღარ ღირს, რა, მუშაობა“.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი მიშელაძის თქმით, ფასებს, როგორც წესი, ბაზარი არეგულირებს. ამდენად, სააგენტო კოოპერატივებს ამ მხრივ ვერაფრით დაეხმარება:

„ჩვენ რაღა ვქნათ, გვითხარით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სახელმწიფომ შეიმუშაოს რძის წარმოების რეგლამენტი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ბევრი რძის რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცეთ, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ კოოპერატივებს მიეცეთ შესაძლებლობა, რათა წარმოების სრულ ციკლში ჩაერთვნენ“.

გიორგი მიშელაძე სრულ საწარმოო ციკლში კოოპერატივების მიერ მცირე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასაც გულისხმობს. თუმცა, მისივეთქმით, კომერციული ბანკები მათ დაკრედიტებაზე თავს იკავებენ, როგორც ჩანს, მაღალი რისკის გამო.

ამავე დროს, გიორგი მიშელაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, მიუხედავადიმისა, რომ წელს ბიუჯეტი 4 მილიონ 400 ათასი ლარიდან სამ მილიონ ლარამდე შეუმცირდა, ცდილობს კოოპერატივებს ფინანსების მოზიდვაში დაეხმაროს დასრულ საწარმოო ციკლში ჩართოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG