Accessibility links

1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც 4000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის რეცეპტით გაყიდვას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციით, წამლები დაიყო სამ კატეგორიად: პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები გაიცემა რეცეპტით, ხოლო მესამე ჯგუფის მედიკამენტების შეძენა მომხმარებლებს ურეცეპტოდ შეეძლებათ. როგორ შეხვდნენ სიახლეს მომხმარებლები და ასევე აფთიაქები და სამედიცინო დაწესებულებები?

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე „ავერსის“ აფთიაქში 1 სექტემბრის დილიდან სიხალვათე იყო. კანტიკუნტად გამოჩენილი მომხმარებელი ძირითადად ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს ითხოვდა.

დავუშვათ, გავხდი ცუდად, გული გამიხდა ცუდად... უნდა წავიდე ექიმთან, დავდგე რიგში, ჩავეწერო ოჯახის ექიმთან... ყველაფერი ეს ხდება ერთი კვირის განმავლობაში, ამასობაში ფეხებსაც გავფშეკ...

70 წლის დალი შალვაშვილმა მესამე ჯგუფის, ანუ ურეცეპტოდ გასაცემი, მედიკამენტები შეიძინა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, მას დისკომფორტს არც ექიმთან ვიზიტი შეუქმნის და არც რეცეპტის გამოწერა:

„მომწონს ეს ახალი სისტემა და ვეთანხმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რადგან წელიწადში ერთხელ ისედაც უნდა მიხვიდე ექიმთან. ახლა შევიძინე ურეცეპტოდ ვალიდოლი და თვალის წვეთები“.

1 სექტემბერს ამოქმედებულ სიახლეს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. 74 წლის ქალბატონ ლიას გული აწუხებს:

„აი, დავუშვათ, გავხდი ცუდად, გული გამიხდა ცუდად... უნდა წავიდე ექიმთან, დავდგე რიგში, ჩავეწერო ოჯახის ექიმთან... ყველაფერი ეს ხდება ერთი კვირის განმავლობაში, ამასობაში ფეხებსაც გავფშეკ. აი, ამიტომ არ მომწონს..."

ჯანდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მედიკამენტების ამა თუ იმ ჯგუფისთვის მიკუთვნება დინამიკური პროცესია და ხორციელდება გვერდითი მოვლენების შესწავლასთან ერთად, ამ მიდგომით კი, როგორც მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში 300-ზე მეტი მედიკამენტი გადავიდა მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში, 160-მდე მედიკამენტი კი - მესამიდან მეორე ჯგუფში:

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

„თავისუფალ გაყიდვაში არის 12 ფარმაკოლოგიური ჯგუფის წამალი, რომელთა სავაჭრო დასახელებები რამდენიმე ასეულზე მეტია და რომლებიც ასევე რჩებიან თავისუფალ გაყიდვაში. ეს არის, მაგალითად, სამივე ძირითადი ჯგუფი „წნევის დამწევები“ - ძლიერი, სწრაფი მოქმედებისა. გარდა ამისა, ძლიერი ალერგიული რეაქციის სამკურნალო წამლები. ეს არის გულის უკმარისობის, კორონალური დაავადების გამწვავების, ასთმის, ტკივილის მართვის საინექციო ტკივილგამაყუჩებლები - ეს მედიკამენტებიც რჩება თავისუფალ გაყიდვაში“.

ჯარმთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეცეპტების ინსტიტუტის აღდგენას მომზადებული შეხვდნენ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც საათობრივი მონიტორინგი ხორციელდება. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, ბუნებრივია, რომ სიახლის ამოქმედებას ახლავს გარკვეული სახის ტექნიკური ხარვეზები:

„ეს ის ხარვეზებია, რომლებიც რეცეპტების ბეჭდვას, ტექნიკურ წვდომას, ინტერნეტს და ა.შ. უკავშირდება. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელიდან მიღებულ ინფორმაციას, ის ძირითადად უკავშირდება რეცეპტის შევსებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებს, ანუ სრულად არ არის შევსებული ყველა რეცეპტის ყველა გრაფა“.

საკითხავია, თვითონ აფთიაქები რამდენად მზად არიან იმისათვის, რათა მაქსიმალურად სწრაფად „დაამუშაონ“ რეცეპტები. ვფიქრობ, რიგები გაჩნდება აფთიაქებში...

მედიცინის სფეროს სპეციალისტებსაც არ უკვირთ, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედებას გარკვეული სირთულე ახლავს. ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოთარ თოიძე ამბობს, რომ რეცეპტების სისტემაზე ნაუცბათევად გადასვლა პრობლემებს შეუქმნის როგორც სამედიცინო დაწესებულებებს, ასევე აფთიაქებს.

„არიან თუ არა სამედიცინო დაწესებულებები მზად მიიღონ ამ რაოდენობის პაციენტები, რადგანაც მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი საჭიროებს რეცპტით გასაცემი მედიკამენტებით მკურნალობას. შესაბამისად, რეცეპტის ფორმა და მიმოქცევა, დაწყებული პაციენტის მომართვიდან აფთიაქში გამოყენებამდე, უნდა ყოფილიყო სრულყოფილად დახვეწილი, უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ყველა ნიუანსი, რაც გამორიცხავდა დროის კარგვას როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვისაც. ასევე საკითხავია, თვითონ აფთიაქები რამდენად მზად არიან იმისათვის, რათა მაქსიმალურად სწრაფად „დაამუშაონ“ რეცეპტები. ვფიქრობ, რიგები გაჩნდება აფთიაქებში“, უთხრა ოთარ თოიძემ რადიო თავისუფლებას.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სასწრაფო დახმარების გამოძახების წესს შეეხება, 1 სექტემბრის ნაცვლად, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე ამოქმედდება. მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, საჭიროა ინსტრუმენტი, რათა გაკონტროლდეს სასწრაფო დახმარების მომსახურების ხარისხი. პრიორიტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იქნება უფრო მეტი გამოძახება, ვიდრე ბრიგადაა.

დავით სერგეენკოს თქმით, პაციენტისთვის არსებითად არაფერი შეიცვლება.

XS
SM
MD
LG