Accessibility links

ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების ნაცვლად მოსახლეობას ახლა ურთიერთობა მერებისა და გამგებლების წარმომადგენლებთან მოუწევთ. გორში ხუთი რწმუნებულის ნაცვლად მერს ათი ახალი წარმომადგენელი ეყოლება. თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, მერს წარმომადგენელთა რაოდენობის განსაზღვრა საჭიროების მიხედვით შეუძლია. მერიამ საკრებულოს წარმომადგენელთა დამტკიცების შესახებ მიმართა და შესაბამისი პროექტიც შეიტანა. აღნიშნული პროექტი საკრებულოს სხდომაზე კამათის საგანი გახდა.

ოპოზიციურ პარტიებს არ მოსწონთ ქალაქის მასშტაბით წარმომადგენელთა რაოდენობის ათამდე გაზრდა. საკრებულოში ფრაქცია „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი რამაზ იოსელიანი წარმომადგენლებს კურიერებს უწოდებს და ამ ინსტიტუტის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. მისი აზრით, ეს მმართველი პარტიის კადრების დასაქმებას ემსახურება და წარმომადგენლებისგან არანაირი სარგებელი არ იქნება, რადგან თითოეულ უბანს ისედაც ჰყავს საკრებულოში არჩეული წარმომადგენელი.

იოსელიანთან პოლემიკაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი ჩაერთო. მისი აზრით, ამომრჩევლები ძირითადად საკრებულოს წევრებს ურეკავენ და მათ უწევთ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა. იმ შემთხვევაში კი, თუ ადგილებზე წარმომადგენლები იქნებიან, პრობლემები უფრო ოპერატიულად გადაიჭრება.

ოპოზიციის აზრით, მერიას შეუძლია გამოყოს ერთი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შეხვდება ადმინისტრაციულ შენობაში მისულ ადამიანებს და ყველა პრობლემას სამსახურების მიხედვით გადაანაწილებს, ამით კი წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი დაიზოგება. საუბარში საკრებულოს სხდომაზე მყოფი გორის მერიც ჩაერთო. ზურაბ ჯირკველიშვილმა განმარტა, რომ წარმომადგენლები მუდმივად იქნებიან უბნებში და იქ მცხოვრებლებს ოპერატიულად დაეხმარებიან, უფრო სერიოზულ საკითხებს კი მერიას შეატყობინებენ.

წინა თვითმმართველობის დროს გორის გამგებელს ქალაქში 5 რწმუნებული ჰყავდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მინდია გოდერძიშვილი მიიჩნევს, რომ წარმომადგენლების რაოდენობის ზრდა ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა გააკეთოს ათმა კაცმა ის, რის გაკეთებაც ხუთ ადამიანს შეეძლო,.

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მერიის მიერ შეტანილი პროექტი დაამტკიცა. მერს უბნებში ათი წარმომადგენელი ეყოლება, მათი შერჩევა კი კონკურსის წესით უნდა მოხდეს. წარმომადგენლების ანაზღაურება 800 ლარით განისაზღვრა. წინა მმართველობის დროს რწმუნებულების ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენდა.

XS
SM
MD
LG