Accessibility links

logo-print

ჯოხარ ცარნაევი თავს უდანაშაულოდ ცნობს


ჯოხარ ცარნაევი

ჯოხარ ცარნაევი

აშშ-ში, ბოსტონის მარათონზე აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს. 19 წლის ეთნიკური ჩეჩენი ოთხშაბათს წარდგა ბოსტონში სასამართლოს წინაშე.

წელს, 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის ფინიშზე მოეწყო აფეთქებები, რომელთა შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 260-ზე მეტი დაიჭრა. თავდასხმასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მოქალაქეს, ეთნიკურ ჩეჩენ ჯოხარ ცარნაევს წაუყენეს ბრალდება 30 მუხლით - მათ შორის არის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების მუხლი.

ბოსტონში 10 ივლისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ცარნაევმა ბრალდების არც ერთი ნაწილი არ აღიარა. როგორც იუწყებიან, სასამართლო დარბაზში ის სულ რვა წუთი იმყოფებოდა და მოსამართლის შეკითხვებზე პასუხად მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა: „უდანაშაულო ვარ“.

ჯოხარ ცარნაევი 10 ივლისს, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე. ბრალდების მიხედვით, მისი თანამზრახველი იყო უფროსი ძმა, ტამერლან ცარნაევი. ის პოლიციამ დაკავების მცდელობისას, ურთიერთსროლის დროს მოკლა.

ბოსტონის სასამართლოს დარბაზში ადგილების ნაწილი აფეთქებების მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრთათვის იყო გამოყოფილი. მოგვიანებით ბევრმა აღიარა, რომ გაუჭირდა აეტანა ცარნაევთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა.

„მარტო მისი აქ ყოფნა მას შემდეგ, რაც ასეთი ნგრევა გამოიწვია და ასეთი ტკივილი მოგვაყენა ყველას... მარტო მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნაც კი უსიამოვნო იყო. ახლა სახლში მივდივარ“ , - უთხრა ჟურნალისტებს მილდრედ ვავერდემ, რომელიც ბოსტონში აფეთქების დროს დაიჭრა.

მძიმედ დაშავდა ლიზ ნორდენის ორი შვილიც. მათ აფეთქების შედეგად თითო ფეხი დაკარგეს. „არ ვიცი... უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. იცით, რას ვგრძნობდი? გაჯავრებული ვარ, მაგრამ მართლა რას ვგრძნობ ... არ ვიცი. ყველა მეცოდება. გული მეტკინა“, - უთხრა ჟურნალისტებს ბოსტონის მარათონზე აფეთქების შედეგად დაზარალებულთა დედამ.

ბრალდების მხარე 100-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს და სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, სამიდან ოთხ თვემდე გაგრძელდება.

ზოგი მუხლით ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.
XS
SM
MD
LG