Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წავიდა, მაგრამ დარჩა


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ დარჩა. დარჩა გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენში. კანონი არ ითვალისწინებს მეორე ტურში გასული კანდიდატის საარჩევნო მარათონიდან მოხსნას. ამის შესახებ განმარტება გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილმა გააკეთა.

თბილისში გამართული ბრიფინგის შემდეგ, გუშინ საღამოს, ირაკლი ალასანია გორში ჩამოვიდა, თანაპარტიელებს შეხვდა, მათ საკუთარი გადაწყვეტილება აუხსნა და მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.

წავიდა, მაგრამ დარჩა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:30 0:00
გადმოწერა

ალასანიას გადაწყვეტილების შესახებ კი გორში დისკუსია არ წყდება. ნაწილი მის გადაწყვეტილებას ამართლებს და აცხადებს, რომ ის დასავლელი პოლიტიკოსებივით მოიქცა, როცა პარტიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა პირადად იტვირთა და დროებით წავიდა, რათა შემდეგ უკეთესი სახელით დაბრუნდეს. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ალასანიამ უპატივცემლობა გამოიჩინა იმ გორელი ამომრჩევლის მიმართ, ვინც იგი „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებსა და ირაკლი ოქრუაშვილზე წინ დააყენა. ალასანიას გადაწყვეტილებას შეფასებას აძლევენ მისი კონკურენტებიც. ქალაქში არჩევნების მეორე ტური უკვე ფორმალობად იქცა. მეორე ტურში გასული „ქართული ოცნების“ კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე, მიიჩნევს, რომ ალასანიამ გულდასაწყვეტი ნაბიჯი გადადგა. მაკრახიძეს წინასაარჩევნო პერიოდშიც არ დაუფარავს თავისი სიმპათია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მიმართ. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი თქვა, მე რომ კანდიდატი არ ვიყო, ალასანიას დავუჭერდი მხარსო. ახლა იოსებ მაკრახიძე მეორე ტურს ელოდება, სადაც კონკურენტის გარეშე გავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ალასანიას ნაბიჯს დადებითად აფასებს. მისი აზრით, სახელისუფლებო რესურსის გამოყენების პირობებში საერთოდ აზრი არ ჰქონდა ამ არჩევნებში მონაწილეობას.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი კი, მამუკა ბაზანდარაშვილი, მიიჩნევს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ვეღარ გაუძლო დაძაბულ საარჩევნო რეჟიმს და ამით დაზარალებული მისი ამომრჩეველი აღმოჩნდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში პარტია ხაშურისა და გორის ორგანიზაციების ლიდერებმა დატოვეს. ახლა შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. ცხადი ხდება, რომ სხვა ლიდერებიც მზად იყვნენ წასასვლელად, მაგრამ მათ ალასანიამ დაასწრო და მთელი პასუხისმგებლობა თავად იკისრა. მისი ყველაზე ერთგული ამომრჩევლები კი მიიჩნევენ, რომ ირაკლი ალასანია გორიდან მაინც გამარჯვებული წავიდა და ის აუცილებლად დაბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG