Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა გრძელდება. 20 ივლისს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ეპიზოდზე არსებითი განხილვა გაიმართა, რომელსაც ამ საქმეზე ბრალდებული კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი პატიმრის სტატუსით პირველად დაესწრო. სასამართლო 20 ივლისს იმ მოწმეებს უსმენდა, ვინც თავს „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულად მიიჩნევს და ამ დრომდე არ მიუღია კუთვნილი ბინა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვების შემთხვევაში პროცესი კიდევ უფრო გაიწელება, მშენებლობების დასრულება კი ისევ გაურკვეველი დროით გადაიდება.

ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის წევრები უკვე წლებია სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტისგან“ ნაყიდი ბინების ჩაბარებას მოითხოვენ. საქმის განხილვა სასამართლოში დღემდე გრძელდება. ამ ეპიზოდში, „ცენტრ პოინტის“ მფლობელ და დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილის გარდა, ბრალდებულები არიან მისი და, ასევე კომპანიის დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი, და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია. მათ ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. 20 ივლისს მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ამ კონკრეტულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, პროცესს უკვე პატიმრის სტატუსით ესწრებოდა. პატიმრობა მას სასამართლომ ”ბათუმის მაგნოლიის” საქმეზე 12 ივლისს შეუფარდა.

20 ივლისს „ცენტრ პოინტის“ კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა, სასამართლოს მიმართა განცხადებით და მაია რჩეულიშვილის ნაცვლად თავისი დაპატიმრება შესთავაზა - ის ამბობს, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება გადაიჭრას დღეს არსებული პრობლემები და დაზარალებულები ეტაპობრივად დაკმაყოფილდნენ. მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებით კი, მისი თქმით, ეს პროცესი დაუსრულებლად შეიძლება გაიწელოს:

რუსუდან კერვალიშვილი

რუსუდან კერვალიშვილი

„სახელმწიფომ საგადასახადო კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამით სახელმწიფომ ის ზარალი აღიარა, რომელიც მიადგა მთელ სამშენებლო სექტორს. ამ დროს აიყვანეს სწორედ მძევლად მაია. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ: რადგან სასარგებლო არ ვარ იმისთვის, რომ დაზარალებულებს შევუმსუბუქო მდგომარეობა, რომელსაც მთელი სიმძიმით ვგრძნობ, მხოლოდ მოხარული ვიქნები, რომ, თუ შესაძლებელია, პატიმრობაში ვიყო მე და გავიზიარო ჩემი თანამემამულეების ხვედრი, რომელთაც სასჯელი შეფარდებული აქვთ, და მიეცეს შესაძლებლობა სამშენებლო სექტორს, არა მხოლოდ ჩემს დას, მიეცეთ შესაძლებლობა სახელმწიფოსთან ერთად გააკეთონ საქმე და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც მათ აკისრიათ დღეს“.

„ცენტრ პოინტის“ ადვოკატი მარინე ცუცქირიძე ასევე აცხადებს, რომ პროცესებიდან მაია რჩეულიშვილის ჩამოცილებით საქმე მხოლოდ ფერხდება, ხოლო კომპანია ამ პირობებში ვერავის ვერაფერს აუნაზღაურებს:

„დღეს, ამ პირობებში, ვერავის ვერაფერს ავუნაზღაურებთ. სამართლებრივად, ვერც სახელმწიფო და ვერც პროკურატურა ვერც ააშენებს რამეს და ვერც ვინმეს რამეს აუნაზღაურებს. ერთადერთი უალტერნატივო გზა მაია რჩეულიშვილის გამოშვებაა საპატიმროდან, რომ მან დაასრულოს ეს მშენებლობები და, როგორც აქამდე ვაკმაყოფილებდით დაზარალებულებს ეტაპობრივად, ისე გავაგრძელოთ ან თანხის გადახდით, ან ბინით დაკმაყოფილებით და ა.შ.“

მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულებს თანხა სრულად აქვთ გადახდილი, ხოლო „ცენტრ პოინტ“ ჯგუფს მათ წინაშე არსებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. ცხადია, მათ გააჩნიათ პრეტენზია კომპანიის მიმართ...

პროკურორ დავით გუმბერიძის არგუმენტი კი ის არის, რომ ასობით ადამიანის წინაშე „ცენტრ პოინტს“ არა აქვს შესრულებული ვალდებულებები და ხალხს, ვინც არარსებულ ბინებში ფული გადაიხადა, პასუხი სჭირდება:

„მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულებს თანხა სრულად აქვთ გადახდილი, ხოლო „ცენტრ პოინტ“ ჯგუფს მათ წინაშე არსებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. ცხადია, მათ გააჩნიათ პრეტენზია კომპანიის მიმართ“.

სასამართლოზე მისული დაზარალებულები მედიასთან საუბარში აცხადებდნენ, რომ წლებია კომპანია დაპირებას არ ასრულებს, გადახდილი თანხის სანაცვლოდ მათ კუთვნილი ბინები დღემდე არ მიუღიათ:

„2013 წელს ჩვენ კიდევ გვეგონა, რომ მშენებლობები დაიწყებოდა და რაღაც გვეღირსებოდა ქუჩაში დარჩენილ ხალხს, მაგრამ ისევ არაფერი გაკეთებულა“.

„2008 წელი იყო ბოლო ვადა, როცა ჩვენთვის სახლები უნდა ჩაებარებინათ. დღეს ხომ 2016 წელია, არა? სულ არ გვაინტერესებს მაიას დაჭერა, გუკასი, პეტრესი თუ პავლესი, გვითხრან, როდის აშენდება ჩვენი კუთვნილი სახლები“.

ვერ ვუყურებ იმას, რომ მაია დაპატიმრებულია, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა. მე მზარავს ის ფაქტი, რომ დააპატიმრეს „თეთრი მაგნოლიის“ გამო, რომელიც აშენებულია. კი ბატონო, ხარვეზები არის, მაგრამ ხარვეზები რომელ მშენებლობას არა აქვს? რაღა დავამთავრო მაშინ? ან რისთვის?..

„ან ქონება უნდა ჩამოართვან, რაღაც ნაწილი მაინც, და თუ მთავრობა ვერ შეძლებს ამის ჩამორთმევას, მაშინ მთავრობამ უნდა აიღოს თავის თავზე ეს საქმე“.

სხდომათა დარბაზი 20 ივლისს პროტესტის ნიშნად დატოვა ვახტანგ რჩეულიშვილმაც, მაია რჩეულიშვილის მეუღლემ, რომელმაც განაცხადა, თუ მაიას არ გაათავისუფლებთ, მთელი პასუხისმგებლობა პროკურატურაზე გადავა, რადგან მე მშენებლობის დასრულებას არ შევეცდებიო. დარბაზის დატოვებამდე მან მოსამართლეს ასევე სთხოვა, მაია რჩეულიშვილის ნაცვლად მე დამაპატიმრეთო, თუმცა მოსამართლე გიორგი ებანოიძემ ვახტანგ რჩეულიშვილს მოუწოდა დამშვიდებულიყო, თუ არადა, დარბაზი დაეტოვებინა.

„ვერ ვუყურებ იმას, რომ მაია დაპატიმრებულია, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა. მე მზარავს ის ფაქტი, რომ დააპატიმრეს „თეთრი მაგნოლიის“ გამო, რომელიც აშენებულია. კი ბატონო, ხარვეზები არის, მაგრამ ხარვეზები რომელ მშენებლობას არა აქვს? რაღა დავამთავრო მაშინ? ან რისთვის? ადგეს და დაამთავროს პროკურატურამ. რისთვის, თუ „მაგნოლიის“ დონეზე მშენებლობას მივიყვანთ და მერე მაინც შეიძლება დაიჭირონ ადამიანი? ამიტომაც ვამბობ: უნდათ მაიას დაჭერა? - დაიჭირონ! უნდათ მაია მოკლან? - მოკლან! იმიტომ რომ, ღმერთი არის მაღალი“.

პროკურატურა „ცენტრ პოინტს“ ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება. მორიგი სასამართლო სხდომა ამ ეპიზოდზე 26 ივლისს დაინიშნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG