Accessibility links

წერეთლის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილების 80% შეივსო


ქუთაისი

ქუთაისი

ქუთაისში ორი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი. ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტები მხოლოდ ეკონომიკური ფაკულტეტის სპეციალობებზე სწავლობენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, ერთიანი ეროვნული გამოცდებით, პირველ კურსზე 1800 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამებისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების 80 %-ია.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე განმარტავს, მიმდინარე სასწავლო წელს წერეთლის უნივერსიტეტში 200-მდე სტუდენტი სხვადასხვა უმაღლესი საწავლებლებიდან მობილობის პროგრამით გადმოვიდა.

გიორგი ღავთაძის თქმით, მთლიანად დაიტვირთა საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სადაც ყველაზე დიდი კონკურსი ეკონომიკურ, სამართალმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებზე იყო. უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ სამედიცინო, ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ ფაკულტეტებზეც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც მათი პოპულარობის ზრდაზე მიუთითებს. ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით, გიორგი ღავთაძე საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე სტუდენტთა ნაკადის თითქმის 5-ჯერ გაზრდაზე ლაპარაკობს და მიიჩნევს, რომ დარგების პოპულარობას სახელმწიფო პოლიტიკამაც შეუწყო ხელი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საბუნებისმეტყველო სპეციალობების მიმართ ინტერესი, რადგან სახელმწიფო გრანტების დიდი ნაწილი სწორედ ამ დარგებისკენაა მიმართული.

გიორგი ღავთაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათ მიმართ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ინტერესს ავლენენ უცხოელი სტუდენტები.

წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო. რადიო თავისუფლება გაესაუბრა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა შორის პირველკურსელი სტუდენტები ჭარბობდნენ. რესპონდენტების თქმით, სპეციალობა და უნივერსიტეტი სხვადასხვა მიზეზით აირჩიეს. სტუდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ სპეციალობა საკუთარი ინტერესის შესაბამისად შეარჩია, მცირე ნაწილს კი სპეციალობა დარგის პრესტიჟულობის მიხედვით აქვს არჩეული და იმედოვნებს, რომ მომავალში თავისი პროფილით დასაქმდება.

აბიტურიენტებისა და მათი ოჯახებისთვის აქამდე უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა იყო მთავარი საფიქრალი, ახლა უკვე სტუდენტებისა და მათი მშობლებისთვის გადასახდელი თანხის მოგროვებაა საზრუნავი. მათ, ვინც სხვა ქალაქში ჩაირიცხა სასწავლებლად ან რაიონიდანაა, გადასახადთან ერთად საცხოვრებელი ბინაც მოსაძიებელი შეექნათ. სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა დიდი ნაწილი იმერეთის სხვადასხვა რაიონიდანაა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამებზე 10 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
XS
SM
MD
LG