Accessibility links

logo-print

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


კონფლიქტის ზონა, მთიანი ყარაბაღი

კონფლიქტის ზონა, მთიანი ყარაბაღი

აზერბაიჯანი და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად შეჩერდა 1994 წელს ზავის ამოქმედების შემდეგ მთიან ყარაბაღში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება.

მთიან ყარაბაღში სეპარატისტების ჯარის წარმომადგენელმა სენორ ჰასრათიანმა 5 აპრილს უთხრა ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურს, რომ, აზერბაიჯანთან შეთანხმების შესაბამისად, ბრძოლა შეწყდა ადგილობრივი დროით 12 საათზე. ეს არის 12 საათი საქართველოს დროითაც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ შეჩერებულია სამხედრო მოქმედებები „სამხედრო დაპირისპირების ხაზის“, ანუ, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზის გასწვრივ. ამ გარღვევის ფონს ქმნის მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერების მოწოდება აზერბაიჯანისა და სომხეთისადმი, არ დაუშვან კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება.

სეპარატისტებმა 1990-იანი წლების დასაწყისში დაამყარეს კონტროლი აზერბაიჯანში მდებარე და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღზე, სადაც ბრძოლებმა მაშინ 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

ამჯერად, - მას შემდეგ, რაც 2 აპრილს განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება, - როგორც იუწყებიან, დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, ზოგი ცნობით, 64 კაცი. შეტაკებებში ჩართული იყო ტანკები, ვერტმფრენები და არტილერია.

ამჟამად საომარი დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ აზერბაიჯანის მხარემ კონტროლი დაამყარა ტერიტორიის მცირე ნაწილზე სამხრეთში და ტერიტორიის ასევე მცირე ნაწილზე ჩრდილოეთში...

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა 4 აპრილს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი მხარს უჭერენ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას და 1994 წელს გამოცხადებული საზავო რეჟიმის ზუსტად დაცვას.

„ამჟამად საომარი დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ აზერბაიჯანის მხარემ კონტროლი დაამყარა ტერიტორიის მცირე ნაწილზე სამხრეთში და ტერიტორიის ასევე მცირე ნაწილზე ჩრდილოეთში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამჟამინდელი შეხვედრის დასრულებამდე აზერბაიჯანის მხარე დაკარგავს კონტროლს ჩრდილოეთში ტერიტორიის ამ ნაწილზე. საუბარია 200-დან 300-მდე მეტრზე და თითოეული მეტრი აზერბაიჯანელებს ერთზე მეტ მსხვერპლად დაუჯდათ“, - განაცხადა 4 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა. თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ცნობების თანახმად, 2 აპრილის შემდეგ დაღუპულების რიცხვი, ყველაზე პესიმისტური შეფასებით, არის 64. და ეს ეხება ორივე მხარეს, აზერბაიჯანისა და ყარაბაღელი სეპარატისტების.

ასევე 4 აპრილს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამადიაროვმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში განმარტა ბაქოს პოზიცია.

ელმარ მამადიაროვი

ელმარ მამადიაროვი

„ალბათ, აზერბაიჯანია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებითა და სამშვიდობო მოლაპარაკებებით ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარე, მაგრამ ჩვენ გვჭირდება შედეგები იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია. გაეროს უშიშროების საბჭომაც კი მიიღო ოთხი რეზოლუცია 1993 წელს - მოწოდებით, აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ჯარების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანის შესახებ. საუბედუროდ, ამის შემდეგ 20-ზე მეტი წელი გავიდა და სურათი არ შეცვლილა, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში დაფუძნებულ ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში.

ამასობაში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შუამავალი ე. წ. მინსკის ჯგუფის წევრებმა - საფრანგეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა - დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდეს, შეწყვიტონ ბრძოლა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება კონფლიქტის სრულად მოსაგვარებლად. ასევე 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი, პარიზი და მოსკოვი წარმომადგენლებს გაგზავნიან აზერბაიჯანში, სომხეთსა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარებაზე სასაუბროდ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG