Accessibility links

logo-print
არ ვიცი იცოდით თუ არა, მაგრამ საქართველოში „ვაგნერის საზოგადოება“ არსებობს. ამ საზოგადოების არსებობის პირველი, ჩუმი და სალონური პერიოდი დასრულდა და დაიწყო მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი, საგამომცემლო პერიოდი, როდესაც მათ გადაწყვიტეს ვაგნერის მცირე ბიბლიოთეკა შეექმნათ და ქართულ ენაზე შეეთავაზებინათ მკითხველისთვის საუკეთესო გამოცემები რიხარდ ვაგნერის შესახებ. ცხადია, ვაგნერი პირველ რიგში უნდა მოისმინო (ბევრს საქართველოში ძალიან უჭირს მისი მოსმენა), თუმცა ვაგნერზე აუარება რამის წაკითხვაც შეიძლება, იგი ერთ-ერთი ყველაზე ე.წ. „ლიტერატურული“ კომპოზიტორია და დიადი მუსიკალური სტიქიის გარდა სიტყვის სტიქიასთანაცაა დაკავშირებული.

დღეს სტუმრად ამ საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მოვიწვიე. მან, პირველ რიგში, საზოგადოების დაარსების შესახებ ისაუბრა:

„ეს საზოგადოება დაიწყო არაფორმალურად. არაფორმალები ვიყავით თავიდან, მოყვარულები, ვაგნერის მოყვარულები, რომლებიც ვიკრიბებოდით, ხან ვმსჯელობდით მის მუსიკაზე, ხან ვუსმენდით მის ოპერებს დივიდიზე. მერე მოხდა ასეთი რამ, რომ ძალიან გაგვიმართლა და 2009 წელს პირველად მოვხვდით „ბაიროითში“, ფესტივალზე. ეს ისეთი რაღაცა იყო, რომელიც ჩემს ყოველგვარ ოცნებასაც კი სცილდებოდა... სულ მინდოდა იქ მოხვედრა, მაგრამ შორს იყო რეალობიდან და ხელმისაწვდომობიდან. არა მხოლოდ მატერიალურად, მატერიალურად კიდევ შეძლებს ამას კაცი, არამედ არის სულ სხვა ტიპის სიწმინდე, ერთი მხრივ, და სიძნელე, მეორე მხრივ, რომ მოხვდე ამ ფესტივალზე“.

ზემოთ უკვე ვთქვი, რომ საქართველოში უჭირთ ვაგნერის მოსმენა. ამ, და ბევრი სხვა მიზეზის გამო ვაგნერი და მისი მუსიკა ძალიან უცნობია ჩვენი ქვეყნისთვის:

„საქართველოში ის საკმაოდ უცნობია. მუსიკალურად არ სრულდება, შეიძლება ვერ სრულდება; არის კლიშეები, რომ ვაგნერი რთულია და მოსაწყენი. მაგალითად, ერთმა ძალიან კარგმა მუსიკოსმა, რომელმაც აეროპორტში გვნახა „ბაიროითის“ ფესტივალისკენ მიმავალნი, ასე გვითხრა, რომ გითანაგრძნობთო. მაშინ სახტად დავრჩით, იმიტომ რომ გითაგრძნობთ კი არა, ეს ისეთი რაღაცაა, რომელზეც მიდიხან აღტყინებული და უცებ ცნობილი ქართველი მუსიკოსი (მართლაც პატივსაცემი მუსიკოსი და ჩემი პატივისცემა მის მიმართ არ დაკლებულა), უცებ გეუბნება ასეთ რაღაცას, რომ გითანაგრძნობ“.

ახლა, მოდი, თავად წიგნებსაც მივხედოთ:
„ამ ეტაპზე გამოცემულია ორი წიგნი. ჩვენ გამოვეცით რიხარდ ვაგნერის მოთხრობები, წერილები და ესეები. მოგეხსენებათ, რიხარდ ვაგნერი თავად იყო ძალიან აქტიური საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, მწერალი. ის თვითონ წერდა საკუთარი ოპერებისა და მუსიკალური დრამების ლიბრეტოებს, რითიც გამორჩეულია ყველა სხვა კომპოზიტორისგან. ის ასევე იყო იდეოლოგი, მას ჰქონდა თავის რაღაცა წარმოსახვები და ა.შ. რომლებიც ასევე კლიშეების სახით არის ჩვენამდე მოღწეული. ჩვენთვის, მე ვიტყოდი, რომ რიხარდ ვაგნერის წიგნი არის საინტერესო მისი გაცნობის თვალსაზრისით, მაგრამ თავისთავად, რასაც ის წერს, ჩემი მოკრძალებული აზრით, დღეს მაინცდამაინც აქტუალური არ არის, შეიძლება მაშინაც არ იყო აქტუალური, მაგრამ საინტერესოა“.

სხვათა შორის, ვაგნერის ზოგიერთი ეს ტექსტი წლების წინ ითარგმნა და გამოვიდა „ფიქრების“ სერიაში, რომელსაც 90-იან წლებში „მერანი“ და „ლომისი“ გამოსცემდა. მათ შორის იყო გიორგი მაჭუტაძის მიერ თარგმნილი „მომლოცველობა ბეთჰოვენთან“, „ხელოვანი და ხალხი“, „ლექსისა და მუსიკის თხზვა“. დანარჩენი თარგმანები შესრულებულია რუსუდან ღვინეფაძის მიერ და ზოგიერთ მათგანს პირველად გაეცნობა ქართველი მკითხველი.

„განსხვავებით ამისგან, ჩვენ გვაქვს ასევე მეორე წიგნი, „ჭეშმარიტი ვაგნერიანელი“. წიგნი დაწერილია 100 წელიწადზე მეტი ხსნის წინ, პირველი გამოცემა 1907 წელს გამოვიდა და დღესაც იკითხება როგორც აბსოლუტურად თანამედროვე. ჯერ ბერნარდ შოუს გენია იმაშია, რომ მისი სტილი, მისი აღქმა სამყაროსი, მისი გადმოცემა მოვლენებისა არ დაძველებულა და თან ის ანალიზი, რომელსაც ის აკეთებს, არა მხოლოდ თანამედროვეა, არამედ წინასწარმეტყველურიც. მაგალითად, ის პატარა ამონარიდები, რომელიც მე მინდა წავიკითხო, არის უნიკალური იმით, რომ 1907 წელს ის წერს ისეთ პასაჟებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწერილი გეგონებათ. ის აღწერს გერმანულ ხასიათს, გერმანულ თვისებებს, რომელიც მართლა წინასწარმეტყველურია, იმიტომ რომ ზუსტად ის, რაც მან აღწერა, იმ ხასიათმა, გარკვეულწილად, როგორც მინიმუმ, განაპირობა მოვლენები, რომლებიც შემდეგ ათწლეულებში განვითარდა“.

აი რას წერს ბერნარდ შოუ:
„[გერმანელი] შემზარავ დანაშაულსაც ჩაიდენს, თუკი ამ დანაშაულს მის მოვალეობად წარმოუსახავენ, მუშაობას გადაყოლა უფრო ღუპავს, ვიდრე სმას გადაყოლა; თუ საიმისო სახსარი აქვს, რომ ვაჟიშვილებს საშუალო განათლება მისცეს, აღმოჩნდება, რომ ხუთი ვაჟიდან სამს თურმე ცხოვრების ნიჭი და უნარი დაუკარგეს გამოცდებმა...“

აი კიდევ:
„ჩინებულად ვიცი, რაოდენ დიდი საცდურია ზნეობრიობა, თავგანწირვა, ლოიალობა და პატრიოტიზმი, დარბაისლობა და კარგი რეპუტაცია, მაგრამ მე ვებრძვი ამას და რამდენადაც ადამიანის სისუსტე საშუალებას მაძლევს, ვამარცხებ, ხოლო გერმანელი ისე გასწირავს თავს ყოველივე ამისათვის, წამითაც არ დაფიქრდება“.

ამ თემაზე, ასევე ვაგნერზე და ნიცშეზე, ვაგნერის „ნიბელუნგების ბეჭედზე“, მის მუსიკალურ თუ დრამატულ საწყისებზე და მრავალ სხვა საკითხზე, რა თქმა უნდა, დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, სამწუხაროდ, გადაცემის ფორმატი არ იძლევა ამის საშუალებას. სამაგიეროდ, გეტყვით, რომ საზოგადოება ახლო მომავალში გეგმავს კიდევ გამოსცეს რამდენიმე წიგნი ვაგნერზე. პირველ რიგში, ესაა ჩარლზ ოსბორნის მონოგრაფია ვაგნერზე, ასევე თომას მანის „ცხოვრება და სიდიადე რიხარდ ვაგნერისა“ და შარლ ბოდლერის „ტანჰოიზერი პარიზში – მომავლის მუსიკის დაბადება“. შესაბამისად, ცოტათი უფრო კონკრეტულად ვაგნერის მუსიკაზე მომავალში ვისაუბროთ.
XS
SM
MD
LG