Accessibility links

logo-print

იუნესკო 8 სექტემბერს წიგნიერების მსოფლიო დღეს აღნიშნავს. წელს ეს დღე მსოფლიოში 50-ედ აღინიშნება. საქართველოში წიგნიერების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე რამდენიმე სტატისტიკა მეტყველებს. ერთია 2014 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები და მეორე - PIRLS-ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდთა წაკითხულის გააზრების უნარი. კვლევა 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, ბოლოს ის 2011 წელს ჩატარდა. კვლევის თანახმად, საქართველო წიგნიერების დონით საშუალოზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებს შორისაა. რა მიზეზები განაპირობებს საქართველოში წიგნიერების დაბალ მაჩვენებელს?

საქართველოს მთელი მოსახლეობიდან, დაახლოებით, 105 ათას ადამიანს დაწყებითი განათლება არ აქვს მიღებული, მაგრამ წერა-კითხვა იცის, 12 576 ადამინმა კი - ანუ მთელი მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარმა პროცენტმა - წერა-კითხვა არ იცის. ასეთია საქსტატის 2014 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

PIRLS-ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიხედვით, 2011 წლისთვის საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა საერთაშორისო საშუალო ქულით მრავალ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლით ადრე ჩატარებული კვლევის შედეგები გაუმჯობესებული იყო. გამოკვლევაში 5 ათასი 9-14 წლამდე ასაკის მოსწავლე მონაწილეობდა და იკვლევდნენ იმას, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ტექსტიდან მიღებული ინფორმაციის გააზრება, ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა, საკუთარი აზრის გამოხატვა და სხვა.

საქართველოში ეს განსხავავება ძალიან დიდია სოფელსა და ქალაქს შორის, კერძოსა და საჯარო სკოლებს შორის. ეს მაინცდამაინც კერძოს დამსახურება კი არ არის, უბრალოდ, იმას აჩვენებს, რომ კერძო სკოლებში უფრო დაწინაურებული ოჯახებიდან მიდიან ბავშვები სასწავლებლად...

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტის წარმომადგენელი, საქართველოში კვლევის კოორდინატორი ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ საქართველოში 14 % -ს შეადგენს იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ძალიან დაბალი კითხვის უნარიც კი ვერ აჩვენეს. წიგნიერების დაბალ დონეზე საუბრისას ნათია ანდღულაძეს მრავალი კომპლექსური განმაპირობებელი მიზეზი მოჰყავს, მათ შორის, მშობლისა და პედაგოგის არაკოორდინირებული თანამშრომლობა, სკოლამდელი მომზადების პროგრამები, მასწავლებელთა მომზადების დონე და კონკრეტული უნარი, ჰქონდეს კითხვის სტრატეგია, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურა თუ სხვა, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს:

„ამას ვუწოდებთ სოციოეკონომიკურ მახასიათებლებს: მშობლების განათლება, ოჯახში წიგნების რაოდენობა, სკოლის მდებარეობა და ა.შ. ყველა ქვეყანაში ასეა, გამონაკლისების გარდა - ფინეთში, მაგალითად, მშობლის სოციოეკონომიკური მახასიათებლების მიხედვით, სოფლისა და ქალაქის მიხედვით, მაგრამ ყველა სხვა ქვეყანაში არის ეს განსხვავება. საქართველოში ეს განსხვავება ძალიან დიდია სოფელსა და ქალაქს შორის, კერძოსა და საჯარო სკოლებს შორის. ეს მაინცდამაინც კერძოს დამსახურება კი არ არის, უბრალოდ, იმას აჩვენებს, რომ კერძო სკოლებში უფრო დაწინაურებული ოჯახებიდან მიდიან ბავშვები სასწავლებლად“.

გიორგი ჭაუჭიძე მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში არაქართულენოვან მოსწავლეებს მეოთხე წელია ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მისი თქმით, ძალიან ბევრი ბავშვი წიგნს პირველად სკოლაში ხედავს, როცა მათ სახელმძღვანელოებთან შეხება უწევთ, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია იმისა, რომ მის რაიონში წიგნიერების დონეც დაბალია:

„ჩემი მოსწავლეების კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მოსწავლე სკოლაში მოდის, პირველი წიგნი, რომელსაც ის ხედავს, ხელში იღებს და რომლის წაკითხვაც უწევს, ეს არის სასკოლო სახელმძღვანელო, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში არ არის საშუალება ან ტრადიცია წიგნების კითხვის, ან ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვის ტრადიცია“.

მცირე რაოდენობით საყმაწვილო ლიტერატურა, - მათ შორის, როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი, - ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში წიგნის ნაცვლად სხვა ელექტრონული რესურსებიდან ინფორმაციის მიღების მზარდი ტენდენცია არის წიგნიერების დონის დაბალი მაჩვენებლის განმაპირობებელი, ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელი გეს“ მთავარი რედაქტორის, ნატო ინგოროყვას, აზრით. თუმცა, მისივე სიტყვებით, ძნელია ითქვას, რომ სკოლის სახელმძღვანელოებში უინტერესო ტექსტებია თავმოყრილი. მიზეზი უფრო ბავშვის კითხვით დაინტერესების მეთოდების დეფიციტია:

ნატო ინგოროყვა

ნატო ინგოროყვა

„ტექსტები ნამდვილად ითვალისწინებს იმ უნარების განვითარებას, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანს სჭირდება, და იმ უნარების განვითარებას, რომ წიგნის კითხვა შეაყვაროს და ისეთი ტექსტების, რომელიც ბავშვებს აუცილებლად დააინტერესებთ. ბევრი არის დამოკიდებული მასწავლებელზე, იმიტომ რომ მასწავლებელს აქვს თავისუფლება მისი გადასახედიდან შეიტანოს ისეთი ტექსტები და ისეთი ავტორები გაკვეთილზე, რომლითაც ბავშვებს განსაკუთრებულად დააინტერესებს, მაგრამ ამის ინტერესი და მოთხოვნილება, პირველ რიგში, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს“.

ინფორმაცია, სტატისტიკა და მონაცემები ბავშვების ერთი ჯგუფის შესახებ საერთოდ არ არსებობს. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც რეგისტრაციის სისტემაში არ ხვდებიან. თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ყუფარაძე გაეროს ბავშვთა ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების დაკვირვების საფუძველზე ამბობს, რომ საქართველოში არიან ბავშვები, რომელთაც სავალდებულო საშუალო განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

„ასეთი ბავშვების ნახვა შესაძლებელია ძირითადად ქუჩებში, იმიტომ რომ ისინი დასაქმებულები არიან უკანონო შრომით, ბავშვისათვის შეუფერებელი შრომით, ან ასეთი ბავშვები აღრიცხვაზე არიან და დაჰყავთ დღის ცენტრებში, რომელთაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ, მაგრამ ფინანსდებიან ჯანდაცვის სამინისტროდან. ეს დღის ცენტრები კომპლექსურ სერვისს სთავაზობენ ამ ბავშვებს და მათ შორის ერთ-ერთი ამოცანა არის ბავშვების მომზადება სკოლაში ჩასართველად“.

წიგნიერების დონის თაობაზე ახალი გამოკვლევის შედეგები მომავალი წლის ზაფხულში გამოქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG