Accessibility links

მელორ ვაჩნაძე: ”ომბუდსმენთან არსებული მონიტორინგის ჯგუფი ფაქტებს აყალბებდა”


მელორ ვაჩნაძე, ლევან გოგიჩაიშვილი

მელორ ვაჩნაძე, ლევან გოგიჩაიშვილი

პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მსჯავრდებულები სახალხო დამცველს მოუწოდებენ უფლებამოსილება შეუჩეროს ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნათია იმნაძეს და მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც 2010 წლიდან საპატიმროებში არსებულ სიტუაციას პერმანენტულად სწავლობდა. მათი განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფი და ნათია იმნაძე ციხეებში არსებულ მდგომარეობას არაადეკვატურად აფასებდნენ. ნათია იმნაძე ბრალდებებს უარყოფს და ყოფილ პატიმართა განცხადებებს უმადურობის გამოხატულებად მიიჩნევს.

ბრალდება, რომელიც საპატიმროდან პოლიტიკური სტატუსით გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნათია იმნაძეს წაუყენეს, ასეთია:

”წლების მანძილზე ხდებოდა ამ მონიტორინგის, რბილად რომ ვთქვათ, გაყალბება”.
წლების მანძილზე ქალბატონ ნათია იმნაძეს არ გაჰქონდა საჩივრები, წერილები, მიმართვები, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე ელჩებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უფლებადამცველებთან...


ამ სიტყვების ავტორმა მელორ ვაჩნაძემ საპატიმრო 13 იანვარს ამნისტიის შედეგად დატოვა. მისი თქმით, წლების განმავლობაში პატიმრები ომბუდსმენის ოფისთან არსებულ მონიტორინგის ჯგუფს უნდობლობით ეკიდებოდნენ, რადგან ის ციხის ადმინისტრაციასთან ასოცირდებოდა. თუკი მელორ ვაჩნაძის სიტყვებს გავიმეორებთ, ნათია იმნაძე და მისი თანამშრომელი ოთარ კვაჭაძე პატიმრების მიერ არაერთხელ იყვნენ შემჩნეულნი ფაქტების შელამაზებასა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში.

”წლების მანძილზე ქალბატონ ნათია იმნაძეს არ გაჰქონდა საჩივრები, წერილები, მიმართვები, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე ელჩებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უფლებადამცველებთან. ის საჩივრები, რომლებიც ეხებოდა ადმინისტრაციას, იყო შელამაზებული. ძალიან ხშირად კი ისინი ხვდებოდა ციხის ადმინისტრაციასთან”, - ამბობს მელორ ვაჩნაძე.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ როგორ დაადასტურებს მელორ ვაჩნაძე იმ ფაქტს, რომ მისი წერილები ციხის ადმინისტრაციასთან მონიტორინგის ჯგუფის მეშვეობით ხვდებოდა, ის ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა. ყოფილი მსჯავრდებული აცხადებს, რომ ახალმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, უნდა შექმნას ჯგუფი, სადაც შევლენ როგორც ომბუდსმენისთვის, ასევე საზოგადოებისათვის სანდო პირები, რომლებიც საპატიმროებში გამოჰკითხავენ მსჯავრდებულებს იმის თაობაზე, თუ რა პრეტენზიები და საჩივრები აქვთ ნათია იმნაძისა და მისი თანამშრომლების მიმართ.

მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ირწმუნებიან, რომ იყო შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პატიმრის ცემის ფაქტი ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის მეშვეობით არ გახმაურდა. მელორ ვაჩნაძე იმასაც ამბობს, რომ საპატიმროში მონიტორინგის ჯგუფის შესვლა მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით ხორციელდებოდა, რეალურად კი საქმე არ კეთდებოდა. პოლიტპატიმრის სტატუსით
მელორ ვაჩნაძემ ჩვენთან დაკავშირებით რა მაგალითიც მოიყვანა, იყო არასწორი ინტერპრეტაციით გადმოცემული. ჩვენ მათ იქვე ავუხსენით, რომ ამ მონიტორინგის ფარგლებში წერილების გატანის უფლება არ გვაქვს...

გათავისუფლებული პატიმრები აცხადებენ, რომ ნათია იმნაძეს არათუ არ გაჰქონდა მათ მიერ დაწერილი წერილები ციხის გარეთ, არამედ მონიტორინგის ჯგუფში შემავალ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებსაც არ აძლევდა ამის გაკეთების შესაძლებლობას.

”არაერთი შემთხვევა იყო, - და ამ ფაქტს დაადასტურებს რიგი პატიმრებისა, -რომ იმ განცხადებებში, სადაც სიტყვა „პოლიტპატიმარი“ იყო ნახსენები და რომლებიც საელჩოებისა თუ ევროსაბჭოსთვის იყო განკუთვნილი, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ გამოჰქონდათ და არ აძლევდნენ ამის საშუალებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მათ ემუქრებოდნენ, რომ შეუწყვეტდნენ მონიტორინგში მონაწილეობის უფლებას”, - ამბობს მელორ ვაჩნაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნათია კაციტაძე, რომელიც, ამავე დროს, მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ მონიტორინგის ჯგუფის მანდატი არ მოიცავს ციხიდან კორესპონდენციებისა და წერილების გატანას და ამის შესახებ პატიმრებს არაერთხელ განემარტათ. ის კატეგორიულად უარყოფს ომბუდსმენის წარმომადგენლების მხრიდან მონიტორინგის ჯგუფის სხვა წევრებზე რაიმე ზეწოლის ფაქტს.

”მელორ ვაჩნაძემ ჩვენთან დაკავშირებით რა მაგალითიც მოიყვანა, იყო არასწორი ინტერპრეტაციით გადმოცემული. ჩვენ მათ იქვე ავუხსენით, რომ ამ მონიტორინგის ფარგლებში წერილების გატანის უფლება არ გვაქვს. ის განცხადება, რომ თუკი ჩვენ ამ წერილს გარეთ გამოვიტანდით, საია აღარ იქნებოდა ამ ჯგუფის წევრი, ამაზე, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა და არ ვიცი, ეს ინფორმაცია მათ საიდან აქვთ”, - ამბობს ნათია კაციტაძე.
ელემენტარული უმადურობაა, როცა მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი გაგვიკეთებია. ღამის სამ საათზე ვადექი თავზე, როცა ის ავად იყო და ყველანაირი ხერხით ვეცადეთ და მივაღწიეთ კიდეც იმას, რომ ის გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში...


ნათია კაციტაძის განმარტებით, მონიტორინგის ჯგუფის უფლება-მოვალეობებში შედის მონიტორინგის განხორციელება საპატიმროებში, გარკვევა იმისა, თუ რა მდგომარეობაა იქ, როგორ პირობებში ცხოვრობენ პატიმრები, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.

მელორ ვაჩნაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს იმაშიც დასდო ბრალი, რომ, მისი თქმით, მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მათ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ამ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოეხდინათ. მელორ ვაჩნაძის თქმით, ყოფილმა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც საქმეში უფლებადამცველები ჩაერივნენ. სიტუაცია მოითხოვს აღინიშნოს, რომ გასული წლის ივლისში გავრცელდა ყოფილი სახალხო დამცველის მოწოდება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მისამართით, დაუყოვნებლივ გადაეყვანათ მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძე შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდებოდა საჭირო გამოკვლევები და ადეკვატური მკურნალობა.

თავად ნათია იმნაძე, ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მელორ ვაჩნაძის განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს და გამოთქვამს ერთ ვარაუდს, რის გამოც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა მსჯავრდებულმა მსგავსი განცხადებები გაავრცელა:
ნათია იმნაძე

ნათია იმნაძე


”არ ვიცი რა უნდათ. თუმცა, ვიცი რაც უნდათ: ისინი ჩვენ გვთხოვდნენ მათთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ ამის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია სახალხო დამცველს. ეს არის ცილისწამება. არ ვიცი, უნდა გამეცინოს თუ რა რეაქცია უნდა მქონდეს. ელემენტარული უმადურობაა, როცა მელორ ვაჩნაძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი გაგვიკეთებია. ღამის სამ საათზე ვადექი თავზე, როცა ის ავად იყო და ყველანაირი ხერხით ვეცადეთ და მივაღწიეთ კიდეც იმას, რომ ის გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. უნამუსობაა მისი მხრიდან მსგავსი განცხადებები, პირდაპირ ვიტყვი ამას”.

ყოფილი მსჯავრდებულები მოუწოდებენ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს ნათია იმნაძესა და მონიტორინგის ჯგუფს შეუჩეროს უფლებამოსილება და დაიწყოს ნათია იმნაძის მიერ გაწეული საქმიანობის დეტალური შესწავლა. როგორც სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე ომბუდსმენი ყოფილი პატიმრების განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG