Accessibility links

logo-print

წინასაახალწლო სამზადისი და ჭრელი ბაზარი


წინასაახალწლო ბაზარი

წინასაახალწლო ბაზარი

2013 წლის დადგომამდე რამდენიმე საათიღა დარჩა და წინასაახაწლო სუფრის სამზადისის ეპიცენტრში, სამზარეულოებთან ერთად, რჩება სავაჭრო ობიექტები - განსაკუთრებით ბაზარი, სადაც წინასაახალწლო ვაჭრობის კულმინაცია შესაძლოა უკვე გადავლილად მივიჩნიოთ, თუმცა მყიდველთა და გამყიდველთა რიცხვი მაინც დიდია.

”რა ღირს გოჭები? - 70 ლარი. ეს არის ოთხ-ნახევარი კილო და ღირს 55-60 ლარი. 70-ში დიდებს ვგულისხმობ”.

ქალბატონმა თინამ მარტვილიდან თბილისში გასაყიდად თავისივე გაზრდილი 15 გოჭი ჩამოიტანა. ვაჭრობით უკმაყოფილო არ არის, მაგრამ ამბობს, რომ ხალხის უსახსრობა წინასაახალწლოდაც შესამჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობს ახალ წელს მდიდრულად გაწყობილი სუფრით შეხვდეს. საბანი როგორც გაგწვდებაო, უთქვამს ასეთი შემთხვევებისთვის ბრძენ ხალხს, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, დღეს აქტუალობას არ კარგავს საკითხი - რა ხარჯს მოითხოვს წინასაახალწლო სამზადისი.

წინასაახალწლო ბაზარი

წინასაახალწლო ბაზარი

”კარგ სუფრას 200 და 300 ლარი ნამდვილად არ ეყოფა. ყველაფერი რომ იყოს, ალბათ, ერთი 500 ლარია საჭირო. მინიმუმ ხუთასი ლარი უნდა. გადადებული არა მაქვს ეს თანხა, მაგრამ რაც შემიძლია, იმას გავაკეთებ. არ მექნება მწვადი, ვთქვათ, მექნება მოხარშული ბურვაკის ხორცი. არ მექნება ნიგოზი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ ნიგოზი არ სჭირდებოდეს. აი, გოზინაყი აუცილებლად მექნება, რა თქმა უნდა. ყველაფერს გავიჭირვებ, მაგას კი გავაკეთებ. ჭამა ქონებაზეა”.

მაგრამ, ქონების გარდა, ჭამა გემოვნებაზეცაა, უფრო მეტად კი ახალი წლის ღამის ტრადიციების დაცვაზე, კვების მენიუს მიხედვით.

” საახალწლო სუფრას გოზინაყი ამშვენებს, უხდება საცივი, შემწვარი გოჭი, მაგრამ ძალიან ძვირია და რა ვიცი, ყველაფერი კარგი, რაც კარგია”.

საახალწლო მენიუს სავალდებულო ჩამონათვალში, ჩვენი გამოკითხვით, მოხვდა ეგრეთ წოდებული „ხალადეციც“.

” ‘ხალადეცი’ უნდა იყოს, ოღონდ საშობაოდ ჯობია, წესით”.

თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ და ის, რაც დავის საგანი პრაქტიკულად არც არის, ყველია. ბატონი ვაჟა ამბობს, რომ წინასაახალწლოდ ყველზე მოთხოვნილება განსაკუთრებულად არ გაზრდილა.
წინასაახალწლო ბაზარი

წინასაახალწლო ბაზარი


”კლიენტი მოემატება, ფასი რომ მოემატებათ ჯიბეში. ჯერ ხელფასი არ არის, პენსია არ არის. იმედით ვცოცხლობთ. აბა, რა ვქნათ. თავისუფლება ასეა-ფერმის გოჭებს საჭმელი სულ აქვთ, ტყეში კიდევ საძებარია ხანდახან. თავისუფლება ეგაა”, – ამბობს ბატონი ვაჟა.

თავისუფლების, დასაქმების, კეთილდღეობის გარდა, მომავალ წელს ჩვენი რესპონდენტები გვისურვებენ ასევე ” ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, ბედნიერებას, ბევრ სიხარულს და ყველა სიკეთეს”.

”მშვიდობა იყოს, მთავარია. ჩვენს მთავრობაში კარგად იყოს საქმეები. მთავარი ეგ არის, ეგეც გვეყოფა ჩვენ”, – გვითხრა ქალბატონმა თამარმა.

ბაზარში კი წინასაახალწლო ვაჭრობა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და მყიდველებსა და გამყიდველებს სახლისკენ მიეჩქარებათ.

” 65-ს ვაფასებ. 60-ში გაგატან. მამალი ინდაურია. კარგია. ამაზე იაფად ვერ ნახავ. ცოტა სიმსუქნე აკლია. ახალგაზრდაა და იმიტომ. საცივს უხდება დაყენებული მამალი ინდაური. მაშინ დედალი უნდა იყიდო”.
წინასაახალწლო ბაზარი

წინასაახალწლო ბაზარი


ეს კონკრეტული ვაჭრობა უშედეგოდ დამთავრდა. კლიენტმა სხვა დახლისკენ გადაინაცვლა და ქალბატონი მანანა, რომელსაც საახალწლოდ თეთრ წყაროში მიეჩქარება, ახალი კლიენტის მოლოდინში დატოვა. ჭრელ ბაზარში კი წინასაახალწლოდ თითქმის ყველაფერი იყიდება:

”მე ცოცხებს ვყიდი, გენაცვალე. „სუნკებს“ ვყიდი საახალწლოდ. კარგი ცოცხები მაქვს. ვემსახურები ხალხს, უკეთესი რომ არ შეიძლება, ისე. რა ვქნა მეტი. ძალიან კარგად იყიდება. სამად ვიღებ, ვყიდი სამად, ოთხად. გუშინ 200 გავყიდე, დღეს 300 მოვიტანე. ძალიან კმაყოფილი ვარ. ასე რომ, მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი - სიკეთე, გახარება ვუსურვო და ჯანმრთელობა. ყველა კარგად იყოს. გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს!”

XS
SM
MD
LG