Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაახალწლოდ გაძვირებული პროდუქტი


თბილისში წინასაახალწლო ბაზრობა დაიწყო. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩები გადატვირთულია, რადგან ყველას უნდა 31 დეკემბრამდე ყველაფრის ყიდვა მოასწროს. თუმცა ბაზრობაზე მისულები, უმეტესად, იმედგაცრუებულები რჩებიან, რადგანაც ფასები, წინა წლებთან შედარებით, მომატებულია. ამასვე ჩივიან გამყიდველებიც. როგორც ამბობენ, შარშანდელსა და შარშანწინდელთან შედარებით, ბევრად ცოტა პროდუქტი იყიდება.

თამარ მეფის გამზირზე, ხერგილში, მოზრდილი, ბრჭყვიალებით მორთული მანქანიდან დიქტორი საახალწლო მუსიკის ფონზე გადმოსცემს, რომ ამა და ამ მაღაზიაში საშობაო ფასდაკლებაა. ისედაც გადატვირთულ ქუჩაზე ეს რეკლამა ავტომობილების საყვირების ხმაურში იკარგება. ე.წ. დეზერტირების ბაზრამდე ასე, ორასიოდე მეტრია დარჩენილი, თუმცა ასეთ საცობში იქამდე მისაღწევად საკმაო დროა საჭირო. ყველა საახალწლო საყიდლებზე მიიჩქარის.

ნუნუ იაშვილი ბაზარში ღორის ხორცის საყიდლად მივიდა. დახლებს შორის დადის და გასაყიდად გამოლაგებულ საქონელს ათვალიერებს. ამბობს, რომ ღორის თავ-ფეხის ყიდვა უნდა ე.წ. „ხალადეცის“ გასაკეთებლად.

„მინდა, იყოს კარგი და იაფი. თუ გავწვდი, ვიყიდი, თუ არადა, მომიწევს ნახევარი ვიყიდო. საახალწლო სუფრა ცარიელი ხომ არ იქნება?!“

თუმცა, როგორც გამყიდველები ამბობენ, კარგის ყიდვა იაფად წელს არც ისე ადვილია. მალვინა ცხვარაძე გადამყიდველია. ცოცხალ გოჭებს ყიდულობს და შემდეგ ბაზარში ყიდის. როგორც ამბობს, 2013 წელთან შედარებით, ყველაფერი ძალიან გაძვირდა:

„ოცი წელია, ამ დაკლულ გოჭებზე ვმუშაობ. ცოცხალს ვყიდულობთ, სახლში ვამუშავებთ და მოგვაქვს. ძალიან გაძვირდა ცოცხალი გოჭები. ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. ზოგი თავის ფასში იყიდება, ზოგი - ცოტა მომატებით. ძალიან ძვირია, ძალიან“.

დეზერტირების ბაზართან ძველი აგურის შენობის ვიწრო ღია დერეფანში გოჭის გარდა კიდევ მრავალნაირი საახალწლო საქონელია გასაყიდად გამოტანილი: მოზრდილი ინდაურები, ნიგოზი, ბოსტნეული. მყიდველი ყველაზე მეტად სწორედ ამ პროდუქტს ათვალიერებს. მოთხოვნაა საახალწლო სათამაშოებზე, ნაძვის ხის მოსართავებსა და ასაფეთქებლებზეც, რომელთა ხმაურიც განუწყვეტლივ ისმის.

ყოველ აფეთქებას ირგვლივ უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვება. ბაზრობაზე მისული ხალხი უკმაყოფილოა ფასებითაც. ნუნუ იაშვილი ამბობს, რომ, წინა წლებთან შედარებით, ყველაფერი საგრძნობლადაა გაძვირებული:

„ფასებით უკმაყოფილო ვარ, რასაკვირველია. ის, რაც, მაგალითად, 4-5 ლარი იყო, დღეს არის 13 ლარი. რაც მთავარია, ყიდვისუნარიანობა შემცირდა. მე პენსიონერი ვარ და ეს პენსია, რაც მაქვს, სასაცილოა“.

თუ კარგად მოძებნით, ბაზარში სასურველ საქონელს უფრო იაფადაც იყიდით. მაგალითად, თუ გადამყიდველებთან ინდაური 70-80 ლარი ღირს, პირველ ხელთან, შეიძლება, 40-50 ლარად იყიდოთ. თუმცა მოვაჭრეები ჩივიან, რომ ასეთი პროდუქტიც ძალიან ცოტა იყიდება. გოჩა კეკელაშვილი ინდაურს დუშეთში ზრდის და თბილისში საახალწლოდ ყიდის. როგორც ამბობს, სულ 45 ჩამოიტანა, მაგრამ შუადღისთვის სულ 10 ცალი გაყიდა:

„საშუალო ფასები გვაქვს - 40-დან იწყება, სიდიდის მიხედვითაა. 40, 50, 70 ლარი. გააჩნია, როგორი ინდაურია და წონა რამხელაა. შარშან და შარშანწინ უკეთ იყიდებოდა. ხალხს სამსახური არ აქვს, ფული არ აქვს და ვერ ყიდულობენ..."

ასევე ცოტა იყიდება ნიგოზიც. მიზეზი ისევ სიძვირეა. ფასი 25 ლარიდან იწყება. როგორც გამყიდველი თამილა ლომსაძე ამბობს, შარშანდელთან შედარებით, ნიგვზის ფასმაც მოიმატა. მოთხოვნა დიდია, მაგრამ ყიდვის შესაძლებლობა - ნაკლები.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ, მათი დაკვირვებით, წინასაახალწლოდ პროდუქტებზე ყოველ წელს მოთხოვნა იმის მიხედვით იცვლება, თუ რისი წელი მოდის ჩინური კალენდრით. მალვინა ცხვარაძე ამბობს, რომ წელს მყიდველი ბოსტნეულს უფრო ეტანება, რადგან თხის წელი მოდის:

„წელს ახლა თხის, ცხვრის წელია და მწვანილზე და მსგავს რამეებზეა მოთხოვნა. ხორცზე იმდენად არა. შარშან ყველაფერზე იყო მოთხოვნა. ცხენი კი მარტო ბალახს ჭამს, მაგრამ არ ვიცი, როგორაა. წელს ხორცი, მით უმეტეს, ცხვრის და თხის, არ იყიდება“.

ამასობაში კი ახალი წელი ახლოვდება და გამყიდველები შიშობენ, რომ გასაყიდად გამოტანილ პროდუქციას მთლიანად ვერ გაყიდიან. ასეთ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ან ფასებს დააკლებენ, ან, უარეს შემთხვევაში, დარჩენილი საქონლის სახლში წაღება მოუწევთ.

XS
SM
MD
LG