Accessibility links

logo-print

„გერმანული მოდელი“ ისევ მხარდამჭერებს ეძებს


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ჯერ ისევ სადავო და გაურკვეველია საარჩევნო სისტემის საკითხი – 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღარ განიხილება ე. წ. „გერმანული მოდელის“ დანერგვასთან დაკავშირებული კანონპროექტი. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელები“ არასაკმარის მხარდაჭერაზე ლაპარაკობს. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ამ საკითხის გარშემო საპარლამენტო ოპოზიციური ძალების გაერთიანება, რისკენაც მათ არასამთავრობო სექტორიც მოუწოდებდა.

ე. წ. გერმანული მოდელი არის სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რომელიც ამომრჩეველთა ნებას ადეკვატურად ასახავს არჩევნების შედეგებზე – ასეთ განმარტებას იზიარებენ „გერმანული მოდელის“ მომხრეები, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ძალების გაერთიანება მაინც ვერ მოხერხდა. არ გამართლდა მედიის მოლოდინი, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი (საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში", ცვლილების შეტანის შესახებ“) 6 ივნისის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდებოდა და ამის შემდეგ ის, მიმდინარე კვირაში, პარლამენტის სხდომაზეც განიხილებოდა. იმის გამო, რომ სათანადო მხარდაჭერა არ შეინიშნება, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ამ კვირაში საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას აზრს მოკლებულად მიიჩნევს:

„როგორც ირკვევა, არავის არ აინტერესებს. არ აინტერესებთ და არ იქნება, პრობლემა არ არის... თავის თავს დააბრალოს ყველამ, როდესაც ის მოხდება, რაც მოხდება. როდესაც ვიღაც აიღებს 20 %-ს და 80 %-იანი უპირატესობით მოვა, თუ ვინმეს არ მოეწონება, ჩვენ ვეტყვით: ჩვენ გთავაზობდით, რომ ეს ასე არ მომხდარიყო, მაგრამ თქვენ არ მოგინდათ... არ ვიცი ახლა, რატომ და ვის არ მოუნდა. მგონი, ზოგიერთს შიდაპარტიული პრობლემები აქვს, ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში ხალხის მოყვანას და ამიტომ აცხადებს ბოიკოტს, მაგრამ ახლა ეგ ჩვენი პრობლემა არ არის“.

ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი

როდესაც საჭირო 76 ხმის ვერშეგროვების საფრთხეზე ლაპარაკობს, ლევან ბერძენიშვილი, პირველ რიგში, გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც კორცხელის ინციდენტის კვალდაკვალ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მუშაობას, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს პოლიტიკური ძალა მზად არის მაინც მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში. იმისთვის, რომ პროცესი საბოლოოდ არ შევიდეს ჩიხში, ფრაქცია „რესპუბლიკელები“ მოუწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს გამართონ კონსულტაციები და ერთიანი გეგმა შეიმუშაონ „გერმანული მოდელის“ დასამტკიცებლად. ამ მოდელს ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ და მას უსამართლოდ და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.

იმის გამო, რომ არჩევნების მაჟორიტარული წესის გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა, დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემის დასაბალანსებლად არასამთავრობო სექტორიც სწორედ ე. წ. „გერმანულ მოდელს“ გულშემატკივრობს. მართალია, ამ მოდელის მიხედვით, კვლავაც დარჩება დღეს არსებული შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემა, მაგრამ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა შეძლებს მიიღოს მაქსიმუმ იმდენი სადეპუტატო მანდატი, რამდენიც მან პროპორციული წესით კენჭისყრის შედეგებით დაიმსახურა. გამოთვლა ხდება პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობიდან.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას ხელიდან არ გაუშვას საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების ისტორიული შანსი, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის განხილვაში და მხარი დაუჭიროს მის მიღებას“ – ასეთი მოწოდება გაავრცელა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 3 ივნისს, მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა (1 ივნისს) მხარი არ დაუჭირა „გერმანულ მოდელს“ და საკითხი კენჭისყრისას ჩავარდა.

უკეთ, ანუ უფრო მეტი პროპორციულობით, აისახება ამომრჩევლის ხმები საპარლამენტო მანდატებში და უფრო რეალისტური სურათი დაიხატება პარლამენტში – გაცილებით უფრო მეტი სიზუსტით აისახება ამომრჩევლის განწყობები პარლამენტის მანდატების გადანაწილებაზე...

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კვლავაც გამოხატავს იმედს, რომ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მოხერხდება:

„ჩვენი აზრით, ეს ცვლილება ამ არჩევნების წინ მნიშვნელოვნად გააჯანსაღებდა საარჩევნო გარემოს და მნიშვნელოვან შედეგებს იქონიებდა, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგად პარლამენტის უფრო პროპორციულ, უფრო თანასწორ დაკომპლექტებაზე, რაც, პრინციპში, ჩვენი აზრით, პარლამენტის ლეგიტიმაციასაც უფრო მაღალს გახდიდა“.

შექმნილ სიტუაციაში, როდესაც არჩევნებამდე 4 თვეღა რჩება, ე. წ. „გერმანულ მოდელს“ მხარს უჭერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ მოდელის ხიბლი ამომრჩეველთა ნების უფრო მეტად დაფასებაშია:

„უკეთ, ანუ უფრო მეტი პროპორციულობით, აისახება ამომრჩევლის ხმები საპარლამენტო მანდატებში და უფრო რეალისტური სურათი დაიხატება პარლამენტში – გაცილებით უფრო მეტი სიზუსტით აისახება ამომრჩევლის განწყობები პარლამენტის მანდატების გადანაწილებაზე“.

წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში ოფიციალურად, სავარაუდოდ, 8 ივნისიდან, ანუ მას შემდეგ დაიწყება, რაც პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს პრეზიდენტის მიერ მისთვის 3 ივნისს გამოცემულ შესაბამის განკარგულებას. პრემიერის კონტრასიგნაციის შემდეგ განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება, გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში და ამით წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყება. 6 ივნისს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება მოიწონა. რადგან არჩევნების თარიღად პრეზიდენტმა 8 ოქტომბერი დაასახელა და მიღწეულ იქნა შეთანხმება 4-თვიან საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, მოელიან, რომ პრეზიდენტის განკარგულება 8 ივნისს შევა ძალაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG