Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასაარჩევნოდ მომატებული ტემპერატურა


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო ანგარიში გამოაქვეყნა

3 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო, მეოთხე, ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და მასში ამ დროის განმავლობაში აღრიცხულ დარღვევებზეა საუბარი. დარღვევების რაოდენობის მატება, ანგარიშის ავტორების თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მომატებულ დუღილის ტემპერატურას უკავშირდება.

წინასაარჩევნოდ მომატებული ტემპერატურა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:21 0:00
გადმოწერა

იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო დარღვევების რიცხვი იმატებდა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ჯერ კიდევ ივლისში ლაპარაკობდა. სწორედ მაშინ გამოაქვეყნეს მათ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, 3 ოქტომბერს კი, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, ორგანიზაციამ მეოთხე და ბოლო ანგარიში გააცნო ჟურნალისტებს. ანგარიში დახუნძლულია ისეთი დარღვევებით, როგორიცაა წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირება, ზეწოლის მუქარები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, პარტიული ოფისის დაზიანება, სიძულვილის ენის გამოყენება და ა.შ. საანგარიშო პერიოდში მოხვდა მხოლოდ ერთ თვეში მოკვლეული დარღვევები, 2 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით.

ბოლო პერიოდში მომხდარმა რამდენიმე ინციდენტმა წინასაარჩევნოდ მომხდარი დაპირისპირებისა ჩვენი შეშფოთება გამოიწვია. მათ შორის იყო ცივი იარაღისა და ძალის გამოყენების შემთხვევები. ამასთანავე, არიან დაზარალებულები, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური...
მიხეილ ბენიძე

სწორედ საანგარიშო პერიოდის ბოლო დღეს დაემთხვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. ანგარიშში ვერ აისახა 2 ოქტომბერს გორში მომხდარი ფაქტი, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, მისი თქმით, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის დროს ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი დაიჭრა. მიხეილ ბენიძე სწორედ პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებების საგანგაშო ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ბოლო პერიოდში მომხდარმა რამდენიმე ინციდენტმა წინასაარჩევნოდ მომხდარი დაპირისპირებისა ჩვენი შეშფოთება გამოიწვია. მათ შორის იყო ცივი იარაღისა და ძალის გამოყენების შემთხვევები. ამასთანავე, არიან დაზარალებულები, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს ეფექტური და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გავითვალისწინოთ, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოვლენების მსგავსი განვითარება სერიოზულად ქმნის ძალადობრივ ფონს“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის შესახებაც მიხეილ ბენიძე საუბრობს, ეს არის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული უკანონო მიყურადების ფაქტები. საუბარია რამდენიმე ჩანაწერზე, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა, და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სავარაუდო დიალოგზე რევოლუციური გზით საარჩევნო პროცესის განვითარების შესახებ. მიხეილ ბენიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, გამოძიებული იყოს რამდენად კანონიერად მოხდა მიყურადება და, ამასთანავე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა გამოიძიონ, ნამდვილად არსებობდა თუ არა მსგავსი მიზნები და საფრთხეები მოსალოდნელი დესტაბილიზაციისა. საანგარიშო პერიოდს დაემთხვა სხვა არაერთი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებაც. წინასაარჩევნო პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების თაობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან მედიამკვლევარი ზვიად ქორიძე. ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ ფარული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერები არ უნდა იქცეს საარჩევნო პროცესის ქვაკუთხედად. მისი თქმით, საზოგადოება უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ ამ ჩანაწერების ღირებულება არის ნული:

„იმიტომ რომ თუ ჩვენ ასე მივყვებით ჩანაწერების კონტექსტს, მაშინ ჩვენ აუცილებლად შევქმნით გარემოს, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთზე მოაგროვებენ ჩანაწერებს და ეს ჩანაწერები იქნება არალეგიტიმური და არალეგალური, მერე დავიწყებთ ამ ჩანაწერებზე რაღაც თეორიების ჩამოყალიბებას და ჩვენ შევქმნით რაღაც ვირტუალურ, არანორმალურ საარჩევნო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოს და ამით ქვეყანა არ განვითარდება“.

წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენციამ. ორგანიზაციის განცხადებით, ადმინისტრაციულ რესურსს ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი უკავია წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებს. როგორც ისინი მიუთითებენ, საარჩევნო სუბიექტი „პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანიაში მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური მოწოდებებით გამოირჩეოდა.

ირმა პავლიაშვილი
ირმა პავლიაშვილი

8 ივნისიდან ახორციელებს წინასაარჩევნო მონიტორინგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ანგარიშს ისინი არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე გამოაქვეყნებენ, მანამდე კი პროგრამის კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი რადიო თავისუფლებასთან შეფასებას აძლევს წინასაარჩევნო პერიოდს და მას გასულ, 2012 წლის, საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ პერიოდს ადარებს. მისი თქმით, მართალია, წლევანდელი წინასაარჩევნო გარემო ნაკლები დარღვევებით ხასიათდება, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მომატებულია მნიშვნელოვანი დარღვევები, რაზეც პასუხისმგებლობა, მისი თქმით, ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს:

„არის გარკვეული ტიპის დარღვევები, სადაც დაპირისპირება ძალადობაში იზრდება და მთავარია, რომ სახელმწიფომ დროული რეაგირება მოახდინოს, დროულად გამოიძიოს და იმ პირებს, რომლებსაც გარკვეულწილად რაიმე ფორმით ბრალი მიუძღვით იმაში, რომ მათ ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, რათა ჩვენ დავიცვათ საარჩევნო გარემო და ის იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ბოლო რეკომენდაციებს იძლევიან და მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს, პოლიტიკურ პარტიებსა და სახელმწიფოს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, რათა ამომრჩეველმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში შეძლოს არჩევანის გაკეთება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG