Accessibility links

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ქმედება დაიწყო


ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შექმნა ციფრული მაუწყებლის სააგენტო, რომელიც პროცესის წარმართვას გაუწევს კურირებას. რა იცვლება მაყურებლისა და მაუწყებლებისთვის ციფრულ ფორმატზე გადასვლით?

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება საქართველომ რამდენიმე წლის წინ იკისრა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის წინაშე და მას ამ ვალდებულების შესასრულებლად დრო 2015 წლის 17 ივლისამდე აქვს. ამ ვალდებულების გარდა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის აუცილებლობა ქვეყნის შიგნით სიხშირეების დეფიციტმაც განაპირობა, რადგან დღეს არსებულ ანალოგურ სიხშირეზე თუ ერთ არხს ერთი სიხშირე უკავია, ციფრულის შემთხვევაში ერთ სიხშირეზე შეიძლება 17 არხი განთავსდეს, გამოთავისუფლებული სიხშირეები კი კავშირგაბმულობის კომპანიებმა დაიკავონ, რითაც ინტერნეტის გავრცელების ხარისხი გაუმჯობესდება.

რა განსხვავებას დაინახავს მაყურებელი ციფრულად მიწოდებული სატელევიზიო სიგნალის შეთხვევაში? პირველ რიგში, ეს არის კარგი ხარისხის გამოსახულება, ამასთან, ისეთი სერვისები, როგორიცაა ფილმის ანოტაცია, პროგრამული ბადის შესახებ ინფორმაცია და სხვა, ანუ ტელევიზია გახდება უფრო ინტერაქტიული. თუმცა, როგორც „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამბობს, ამ სიკეთეებს ვერ შეამჩნევს მაყურებელი, ვისაც მოძველებული ან სულაც შავ-თეთრი ტელევიზორი აქვს ან ტელევიზორი არ აქვს, საერთოდ. ასეთი კი, ნათია კუპრაშვილის თქმით, საქართველოს მთელი მოსახლეობის 9 პროცენტია:

ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი

„თუ ჩვენების ხარისხი თავად ტელევიზიებმა, მაუწყებლებმა არ გააუმჯობესეს, ამ ცვლილებას ვერ იგრძნობს მაყურებელი. თუ არასტანდარტული დეფინიციით, მაღალი გარჩევადობით იქნება გადაცემული, აქ ემატება ახალი სერვისები, ტელეტექსტები, მაგალითად, ფილმის ანოტაცია. ამის შესაძლებლობას იძლევა ციფრული ტელევიზია, ანუ უფრო მეტი მომსახურების გაწევის შესაძლებლობას“.

თუმცა, ნათია კუპრაშვილის თქმითვე, რთული იქნება 1 წლის განმავლობაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი თავად ტელევიზიებისთვის:

„ეს არის რთული ამოცანა და, პირველ რიგში, მათი მთავარი პრობლემა იქნება ტექნიკური გადაიარაღება და ტექნიკურად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომ ციფრული მაუწყებლობა განახორციელონ. ეს არის პირველადი ამოცანა, რომელიც ამ ეტაპზე ტელევიზიებს უდგათ. ეს არ არის "კონტენტის" ამოცანა, აქეთ ვერ მიმართავენ ჯერჯერობით რესურსებს, ანუ პირველადი ამოცანა ის არის, რომ ან თვითონ გამართონ ინფრასტრუქტურა, ან ვინც გამართავს, მასთან მოლაპარაკებები აწარმოონ, რომ დარჩნენ სიხშირეზე“.

როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ უარესდება რეგიონალურ მაუწყებელთა მდგომარეობა, რისი საფრთხეც არსებობდა:

„თუ მანამდე იყო საფრთხე სისტემის მონოპოლიზების და იმისა, რომ ტელევიზიების გამსხვილებისკენ წავიდოდა პროცესი, რაც თავისთავად მოკლავდა ლოკალურ მაუწყებლობას, იმიტომ რომ მათი გავრცელება იგეგმებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ სიგნალს ფიზიკურად ვერავინ ვერ გაავრცელებდა ლოკალურ ტერიტორიაზე, რაც ავტომატურად გამოიწვევდა „კონტენტის“ ცვლილებას, ასევე ვერავინ ვერ შეძლებდა მთელ საქართველოზე გასულიყო, რეგიონალური არხების უმეტესობა ამას ვერ შეძლებდა და მათ არჩევანიც არ რჩებოდათ, რომ დარჩენილიყვნენ ლოკალურ ტერიტორაზე. ეს პრობლემა ამ მონაცემებით აბსოლუტურად მოგვარებულია, იმიტომ რომ ამ გეგმით დივერსიფიცირებულია ბაზარი“.
ქსელი, ანუ რას მოვიაზრებთ ქსელში: ანტენები არის ტელე-რადიო ცენტრის, სხვა გადამცემი აპარატურა უკვე მოძველებულია და ის უნდა შეიცვალოს ციფრულით, სხვა ანტენები, ანუ ანძები, დარჩება და რაც შეეხება გადამცემებს, ანუ რაც ასხივებს უშუალოდ, ის უნდა შეიცვალოს...

მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მედია და სატელეკომუნიკაციო მიმართულების სპეციალისტის უჩა სეთურის სიტყვებით, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე მომზადებული ხედვები, რაც ქართულ რეალობაზეა მორგებული. ქსელთან დაშვების, კონკურენციის და სახელმწიფოსგან ჩარევის რისკები, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით პოზიტიურად არის გადაწყვეტილი და ეს დადებითი მოვლენაა. რეგიონალურ მაუწყებლებს მისცემენ სიხშირეებს, რომელზეც მათ შეეძლებათ საკუთარი ქსელების მშენებლობა. თუმცა თავდაპირველი ამოცანა იქნება ციფრული მაუწყებლობის განსახორციელებელი ქსელის შექმნა:

„ქსელი, ანუ რას მოვიაზრებთ ქსელში: ანტენები არის ტელე-რადიო ცენტრის, სხვა გადამცემი აპარატურა უკვე მოძველებულია და ის უნდა შეიცვალოს ციფრულით, სხვა ანტენები, ანუ ანძები, დარჩება და რაც შეეხება გადამცემებს, ანუ რაც ასხივებს უშუალოდ, ის უნდა შეიცვალოს“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაუძღვება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ კონკურსებს. კონკურსები ჩატარდება ციფრულ სიხშირეებზე და თვითონ „კონტენტის“ წარმოებას აღარ სჭირდება ლიცენზირება, ანუ მაუწყებელი შეიძლება გახდეს ყველა, ვისაც ამის სურვილი და მატერიალური საშუალება ექნება. ეს დაახლოებით იმის მსგავსია, რომ საკაბელო მაუწყებელში ავტორიზაციის საშუალებით გადასცე სიგნალი, ამბობს „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი და, მისივე სიტყვებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დასაწერი იქნება როგორც მაუწყებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამ თემებზე აქტიურ საუბარს მომავალი კვირიდან აპირებენ, მანამდე კი სამინისტრო მაუწყებლებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG