Accessibility links

წითელაშვილის საქმე: თავდაცვის სისტემის ეჭვები და საფრთხეები


თავდაცვის სამინისტროს შენობა

თავდაცვის სამინისტროს შენობა

გრძელდება დაპირისპირება და კამათი ტრისტან წითელაშვილის საქმესთან დაკავშირებით: ოპონენტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კვლავაც სახელმწიფოს ღალატის დამალვაში ადანაშაულებენ, „ქართულ ოცნებაში“ კი ამ ყველაფერს ბოდვას უწოდებენ და პროკურატურის დასკვნებს ელოდებიან. სახელმწიფოს თავდაცვის სფეროს საკითხებზე ასე ხმამაღალ და დეტალურ მსჯელობას სახიფათოდ და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად მიიჩნევენ საექსპერტო წრეებში. ამასთან, ექსპერტთა ერთი ნაწილი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიღმა პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ახლადდანიშნულმა ლევან იზორიამ 3 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ სამინისტროს გენინსპექციამ უკვე გადაუგზავნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში და საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ლევან იზორია არ ადასტურებს გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის მიერ „რუსთავი 2“-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, სხვათა ხელშეწყობით, უკანონოდ შედიოდა გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტზე და იქ მოპოვებულ ინფორმაციას - მათ შორის, ვიდეოჩანაწერს – რუსეთის სპეცსამსახურებს უგზავნიდა.

„მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ ადგილი ჰქონდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას... შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მიუკერძოებელი საგამოძიებო ატარებს გამოძიებას, რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას ეს ინფორმაცია ან სხვა ინფორმაცია, სწორედ ამ გამოძიების შედეგად იქნება პასუხგაცემული“, – უთხრა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს.

ტრისტან წითელაშვილი

ტრისტან წითელაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის ექსმინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვე კარგა ხანია მიაწოდეს საგამოძიებო სტრუქტურას, პროკურატურამ წითელაშვილის საქმით ოფიციალური დაინტერესება ორი დღის წინ გამოხატა. პოლკოვნიკ წითელაშვილის საქმის კონტექსტში სახელმწიფოს მტრობასა და ღალატზე ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს, მაგალითად, სერგი კაპანაძემ და შოთა მალაშხიამ, ხოლო როგორც „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, „საგანგაშოა ის, რომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ თავის თავის აფილირებას აკეთებს ვინმე წითელაშვილთან, რომელსაც ძალიან საეჭვო რეპუტაცია აქვს და ეს მაგალითიც ადასტურებს და თვითონაც აღიარა, რომ ჩართული იყო ამ პროცესში“.

როდესაც ტრისტან წითელაშვილის საეჭვო რეპუტაციაზე ლაპარაკობენ, წარსულის გარდა (მას 2008 წლის 26 აგვისტოს სახელწიფო გადატრიალების ბრალდებით 8 წელი მიესაჯა), ყურადღება მახვილდება მის აწმყოზეც. 2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ის საზოგადოების წინაშე წარდგა როგორც პარტია „ჩვენი სამშობლოს“ აქტიური წევრი, ეს პარტია კი პრორუსულ ძალად მიიჩნევა.

წითელაშვილი განმარტავს, რომ გენინსპექციის მაშინდელი ხელმძღვანელობის ხელშეწყობით (და, სავარაუდოდ, იმდროინდელ მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან, შეთანხმებით) ის მართლაც სტუმრობდა თელეთში მდებარე ობიექტს (თბილისის თავდაცვით ზღუდეებს), მაგრამ ეს საიდუმლო ობიექტი არ არის და ამ ლოგისტიკურმა ობიექტმა მისი ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ ის მიხეილ სააკაშვილის დროს გაფლანგული მილიონების საკითხის გარკვევას ცდილობდა. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ის სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თავის სიმართლეს დაამტკიცებს, ხოლო ღირსებისა და პატივის შელახვის გამო, ის თავად იჩივლებს სასამართლოში.

ბოდვის გაგრძელებაა ის, რომ, ვითომდა, თავდაცვის სამინისტროდან გაიჟონა ინფორმაცია ვინმე წითელაშვილის მეშვეობით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ამ საკითხზე მოკვლევა ბოლომდე უნდა მიიყვანოს...

„ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ აზრს იმის თაობაზე, რომ წითელაშვილთან დაკავშირებული ეჭვები, პროკურატურის სისტემის პარალელურად, განხილული უნდა იყოს პარლამენტის წიაღში, ნდობის ჯგუფისა თუ სხვა საგანგებო კომისიის ფორმატში. საპარლამენტო კომისიას თავისი დანიშნულება აქვს და გაცილებით უფრო სერიოზულ საკითხებს განიხილავს, ვიდრე ბოდვას, უთხრა მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, და იქვე განმარტა, თუ რა იგულისხმება ბოდვაში:

„ბოდვის გაგრძელებაა ის, რომ, ვითომდა, თავდაცვის სამინისტროდან გაიჟონა ინფორმაცია ვინმე წითელაშვილის მეშვეობით. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ამ საკითხზე მოკვლევა ბოლომდე უნდა მიიყვანოს“.

ანალიტიკოსი სამხედრო, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე საფრთხილოდ და სახიფათოდ მიიჩნევს ხმამაღალ, საჯარო მსჯელობას სახელმწიფოს თავდაცვით საკითხებზე. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროსს, გიგი კალანდაძეს, ასეთი განცხადების გაკეთებამდე პროკურატურისთვის უნდა მიემართა და რადგან სისტემას არ ენდობოდა, მედიაც უნდა გაეფრთხილებინა, რომ მან ასეთი ნაბიჯი გადადგა. თუმცა ეს ყველაფერი დეტალების გახმაურების გარეშე უნდა მომხდარიყო.

ამირან სალუქვაძე თვლის, რომ შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოს ყველამ, ვიდრე გამოძიება თავის სიტყვას არ იტყვის. თუმცა გენერლისთვის ნაკლებად დამაჯერებელია ვერსია იმის თაობაზე, რომ პოლკოვნიკ წითელაშვილს რუსეთისთვის რაიმე ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეეძლო, მაშინ როცა რუსეთს ინფორმაციის მიღება არც ისე გაუჭირდებოდა:

„ასზე მეტი თანამგზავრი ჰყავს მოსკოვს ორბიტალური დაჯგუფების შემადგენლობაში და აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის სადაზვერვო ხასიათის. აბსოლუტურად ყველა ტიპის დაზვერვას აწარმოებენ - როგორც ოპტიკურ დაზვერვას, ასევე ელექტრონულ დაზვერვას და ასე შემდეგ. რუსეთი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიისა და, მათ შორის, სამხედრო ინფრასტრუქტურის მიმართულების დაზვერვას“.

როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ეტყობა, სურდა ინფორმაციის მოპოვება, თუ როგორ ხარჯავდა ფულად სახსრებს და რას აკეთებდა წინა ხელისუფლების თავდაცვის სამინისტრო...

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც თავიდანვე გაუმართლებლად მიიჩნევდა თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობას თბილისის შემოგარენში - მით უმეტეს, რომ, მისი თქმით, ეს პროექტი ძალიან ძვირად ღირებული იყო და მისი განხორციელება, პრაქტიკულად, „ფულის ქარისთვის გატანებას“ ნიშნავდა. ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ სტაციონარული თავდაცვითი ზღუდეები აღარ ამართლებს თანამედროვე სამხედრო პრაქტიკაში, „როდესაც ასე განვითარებულია საჰაერო დესანტისა და დივერსიული ჯგუფების შვეულმფრენების საშუალებებით გადასროლა“. მართალია, ირაკლი ალადაშვილს, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტსა და ექსპერტს, მაღალი აზრი არა აქვს პოლკოვნიკ წითელაშვილის პროფესიონალიზმზე, მაგრამ მისთვის მაინც ნაკლებად დამაჯერებელია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ვერსია. ალადაშვილს თავისი ვერსია აქვს, რომელიც წითელაშვილისა და ამჟამინდელი ხელისუფლების ინტერესების თანხვედრას უკავშირდება:

„როდესაც მოვიდა ახალი ხელისუფლება, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ეტყობა, სურდა ინფორმაციის მოპოვება, თუ როგორ ხარჯავდა ფულად სახსრებს და რას აკეთებდა წინა ხელისუფლების თავდაცვის სამინისტრო... ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი იყო თავდაცვითი ზღუდის ობიექტების აშენება, რაშიც, ჩემი ინფორმაციით, არანაკლებ 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეტყობა, წითელაშვილი ცდილობდა რაღაც ინფორმაციები მიეწოდებინა მათთვის... ანუ ეს იყო ორმხრივი ინტერესი... და, ეტყობა, წითელაშვილი წაიყვანეს და აჩვენეს ის კონკრეტული ობიექტი თელეთში“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ირაკლი ალადაშვილი ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს „ჭიქაში ქარიშხლის ატეხის მცდელობას უწოდებს “ და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობს, რომ წითელაშვილის ფაქტორის გამოყენებით წინა ხელისუფლება არჩევნების წინ ცდილობს დარტყმა მიაყენოს ამჟამინდელ ხელისუფლებას. „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ფიქრობს, რომ „სინამდვილეში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა“, რადგანაც ხსენებული ობიექტი გასაიდუმლოებული არ არის და ის კარგად ჩანს როგორც გზიდან, ასევე თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოსურათებზეც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG