Accessibility links

logo-print
“ჩემი შვილი იყო დაკავებული, მივაკითხე „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას, გაკეთდა საბუთები და „წითელი ჯვრის“ მანქანით ერგნეთის საზღვრამდე მიმიყვანეს. მერე იქით მხარეს ასევე „წითელი ჯვრის“ მანქანაში გადამსვეს და მიმიყვანეს ციხეში, სადაც ჩემი შვილი ვნახე. დაახლოებით სამი საათი ერთად ვიყავით. ასე ჩემი შვილი ორჯერ ვნახე.“

ეს ქალბატონი, რომლის ვინაობასაც, „წითელი ჯვრის“ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ვასახელებ, იმ პერიოდს იხსენებს, როცა მისი ვაჟი ცხინვალის ციხეში სასჯელს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იხდიდა. მან იქ 10 თვე გაატარა და, ბოლოს, მოლაპარაკების გზით გაათავისუფლეს. ამ ხნის განმავლობაში იგი ოჯახთან კონტაქტს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ახერხებდა. დედამ შვილი ციხეში ორჯერ მოინახულა. „წითელი ჯვარი“ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკაში მუშაობს. ამ ორგანიზაციის ცხინვალის და გორის ოფისები ერთმანეთთან მუდმივ კონტაქტში არიან.

ოჯახის წევრების მიერ პატიმართა მონახულების პროცესი ორივე მხარეს ხორციელდება. გასულ წელს როგორც ცხინვალში, ისე თბილისში 22 ვიზიტი შედგა. გარდა ამისა, ორივე მხარეს, დაკავების ადგილებში, ბარათების და ამანათების პროგრამაც მუშაობს, რაც იმას გულისხმობს, რომ დაკავებულებსა და ოჯახის წევრებს შორის კომუნიკაცია შენარჩუნებულია. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლის დიანა ჯაფარიძის თქმით, ეს პროგრამა უკვე ორი წელია მოქმედებს და არაერთ ოჯახს დაეხმარა.

8 მაისი „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საერთაშორისო დღეა. ეს ორგანიზაცია საქართველოში 1992 წლიდან არის წარმოდგენილი, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ კი ოფისი გორშიც გაიხსნა. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები პირველ დახმარებას უწევდნენ ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას. ომის შედეგები ბოლომდე ლიკვიდირებული არ არის. ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია საომარი მოქმედებების დროს ან შემდეგ დაკარგული პირების მოსაძებნად მუშაობს. ამისთვის შექმნილია სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული, რუსული და ოსური მხარეები ინფორმაციას ცვლიან დაკარგულთა და დაღუპულთა შესახებ. ცხინვალში ორი დაღუპულის ექსგუმაცია-იდენტიფიკაცია უკვე მოხდა და ნეშტები თბილისში გადმოასვენეს. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის გორის ოფისის ხელმძღვანელის კატია სორინის თქმით, პროცესი გრძელდება და ახლაც თბილისში დაღუპულების ექსგუმაცია-იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.

შეზღუდული გადაადგილების პირობებში „წითელი ჯვარი“ კონფლიქტის შედეგად განცალკევებულ ოჯახებს საშუალებას აძლევს კვლავ გაერთიანდნენ ადმინისტრაციული საზღვრის ნებისმიერ მხარეს. ამგვარი გაერთიანების მოთხოვნა კეთდება ოჯახების მიერ და გადაყვანის ორგანიზება ხდება „წითელი ჯვრის“ მეშვეობით მას შემდეგ, რაც ყველა დაინტერესებული მხარისგან ნებართვა იქნება მოპოვებული. „წითელი ჯვარი“, როგორც ნეიტრალური შუამავალი, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები იმ პირების სამედიცინო ევაკუაციას ახორციელებს, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამ შემთხვევაშიც აუცილებელი წინაპირობაა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ პაციენტებს უკან, ცხინვალში აბრუნებენ. გასულ წელს ასეთი 19 შემთხვევა იყო.

რეგიონში მუშაობს სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამები, რაც კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. „წითელ ჯვარს“ მოხალისეებიც ჰყავს, რომლებიც ამ პროექტების რეალიზაცია-მონიტორინგით არიან დაკავებულნი. ნათია იაშვილი და გიორგი მჭედლიძე „წითელ ჯვარში“ აგვისტოს ომის შემდეგ მივიდნენ და მოხალისეებად ჩაეწერნენ - მათ სურვილი ჰქონდათ, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი ნინო საბაშვილი ამბობს, რომ ახლა ეროვნული ორგანიზაციისა და მოხალისეების ინსტიტუტის გაძლიერება ხდება, რათა მათ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ მოქმედება და პროექტების მომზადება.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი მთელ მსოფლიოში მუშაობს და შეიარაღებული კონფლიქტებისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულებს ეხმარება. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების აღსრულებას. „წითელი ჯვრის“ და „წითელი ნახევარმთვარის“ საერთაშორისო პრინციპებია: ნეიტრალობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG